ლარის კურსის გამყარების ტენდენცია მომავალ კვირასაც შენარჩუნდება. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები ეროვნული ვალუტის კურსზე დადებით გავლენას მოახდენს.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო ერთი კვირაა, ”ბლუმბერგის” პლატფორმაზე ლარს გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული. დიდი ალბათობით, ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში (სავარაუდოდ, სამომავლოდაც) შენარჩუნდება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული ბანკი და მთავრობა გონივრულად იმოქმედებენ და ლარის სტაბილურობას ხელს შეუწყობენ.
მიმდინარე კვირა დოლარმა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში პოზიციების დაკარგვით დაასრულა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამკვიდრებული ტენდენცია აქტუალობას ახლაც ინარჩუნებს.საბანკო სფეროს სპეციალისტის, გოჩა თუთბერიძის ვარაუდით, ლარის გამყარების ტენდენცია აქამდეც აშკარა უნდა ყოფილიყო. ამ ეტაპზე კი არანაირი ეჭვი არ ჩნდება, რომ პროცესი უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება. ”ვფიქრობ, გამყარების ტენდენცია მომდევნო კვირასაც შენარჩუნდება. ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებლით დასტურდება, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერს მთავრობა და როგორ მოიქცევა. ამ მხრივ ვითარება ჯერჯერობით ნორმალურია, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესი თანაბარზომიერად მიდის. დიდწილად კი კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია ეროვნული ბანკის ქმედებებზე. ადეკვატურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას თუ გააგრძელებენ, ლარს არც ამ პერიოდში შეექმნება პრობლემა. ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა ამ ეტაპზე ამოწურულია. დიდი მნიშვნელობა აქვს, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა როგორ წავა. თუ ეროვნული ბანკი გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს, კურსზე ეს გავლენას მოახდენს. ბოლო დროს ზრდა არის კიდევაც. (ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ია), რაც კურსზე პოზიტიურად მოქმედებს”, - აცხადებს თუთბერიძე.
იგი დასძენს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების მოლოდინი ჯერჯერობით არ არსებობს და არც არის სასურველი. ”ნახტომისებური გამყარება არც არის კარგი. ეს პროცესი ნელა უნდა წავიდეს, რათა საპირისპირო ნეგატიური შედეგები არ მივიღოთ. ივნისში მაკროეკონომიკური უარყოფითი ფაქტორები უკვე ამოწურული იყო, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობდა. ეროვნულ ბანკს, მონეტარული ინსტრუმენტის დროულად გამოყენების შემთხვევაში, კურსის უფრო დაბალ ნიშნულზე გაჩერება შეეძლო. სამომავლოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზეც. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საქმე ერთობლივად უნდა აკეთონ”, - ამბობს გოჩა თუთბერიძე.
რაც შეეხება მაკროეკონომიკურ ვითარებას, როგორც ”რეზონანსი” ამ რამდენიმე დღის წინ წერდა, საგადასახადო ბალანსის მიხედვით, 2015 წლის მეორე კვარტალში წლიურ გამოსახულებაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 16,2%-ით გაუმჯობესდა.
თუ 2014 წლის მეორე კვარტალში, დეფიციტი 423 მილიონ დოლარს შეადგენდა, წლეულს ეს მაჩვენებელი 354 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ასევე გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტრანსფერები, რამაც დიდი როლი შეასრულა სავაჭრო დეფიციტის დაფინანსებაში. კვარტლის კვარტალთან შედარებით, 2015 წელს 5,6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 379 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტრანსფერების მოცულობამ 15, 3%-ით მოიმატა - 423 მილიონ დოლარამდე.საბანკო სფეროს ექსპერტ ვაჟა კაპანაძის განცხადებით, ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება.
ის ფიქრობს, რომ ვალუტა რეალურად შესაძლებელია, უფრო სწრაფი ტემპითაც გამყარდეს, თუმცა ეკონომიკისთვის ის ვერ მოიტანს სასურველ შედეგს. ამიტომ უმჯობესია, გამყარების ტენდენცია ეტაპობრივად გაგრძელდეს. ”დღესდღეობით ყველა პირობაა, რომ კურსი გამყარდეს და მოკლევადიან პერსპექტივაში ეს პროცესი გარდაუვალია. დოლარიზაციის კოეფიცინეტი ბანკებში მაღალი იყო და პრობლემა თავის დროზე ამან შექმნა. ეროვნულმა ბანკმა თავისი ქმედებით გააკეთა იმდენი, რომ ლარის გაუფასურებისთვის ხელი შეეწყო. მან მცირე და საშუალო ბიზნესიდან ამოგლიჯა 1 მილიარდი დოლარი და ეს ფული კომერციულ ბანკებში გადაიქაჩა. ამის გამო ეკონომიკური საქმიანობა, პრაქტიკულად, გაჩერდა. ამ ეტაპზე ლარის გამყარება ბუნებრივი მოვლენა იქნება. ტრენდი დასტაბილურდა და დარწმუნებული ვარ, ეროვნული ვალუტის გამყარება უფრო სწრაფადაც შეიძლება მოხდეს. თუმცა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა არ უნდა ვისურვოთ, ეს ეკონომიკას დადებით შედეგს ვერ მოუტანს”, - განმარტავს კაპანაძე.ლარის კურსის პროგნოზირება უჭირს საბანკო სფეროს ექსპერტ ვახტანგ ხომიზურაშვილს. იგი არ არის დარწმუნებული, რომ სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი განახორციელებს ადეკვატურ ქმედებებს, რაც კურსზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
”მოკლევადიან პერიოდზე პროგნოზის კეთება რთულია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გრძელვადიან პერიოდში კურსი ვერ იქნება სტაბილური. ნებისმიერმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე მაკროეკონომიკური მაჩვენებლის თვალსაზრისითაც. შეიძლება, დადებითად ჩაითვალოს აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა, მაგრამ არასაკმარისი. ქვეყანაში უნდა დაიწყონ ფუნდამენტური პროცესები, რასაც ინვესტორები დაინახავენ და შეაფასებენ. შეიძლება მოკლევადიან პერიოდში შენარჩუნდეს კურსი, მაგრამ შემდეგ მასზე ზეგავლენა მოახდიონოს რომელიმე კომერციული ბანკის განაცხადმა ”ბლუმბერგის” სისტემაში. დარწმუნებული რომ ვიყო სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის კვალიფიციურ ქმედებაში, უფრო თამამ პროგნოზს გავაკეთებდი”, - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი ”რეზონანსთან” საუბრისას.მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი „რეზონანსი“