წინა წელთან შედარებით, საქართველოში რემონტის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მოვაჭრეების თქმით, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვია.
მათივე თქმით, შესაბამისად, შარშანდელთა შედარებით, წელს სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია.
"ხალხი ეგრეთ წოდებული კოსმეტიკური რემონტისგანაც კი თავს იკავებს. ფასდაკლებას ელოდებიან, თუმცა დოლარის კურსი თუ არ დარეგულირდა, სამშენებლო მასალებზე ფასების კლება გამორიცხულია", - ამბობენ მოვაჭრეები.
სამშენებლო მასალების ბაზარზე რემონტისთვის ყველაზე მოთხოვნადი ცემენტი 1 ტომარა 12 ლარი ღირს, ფითხი (ე.წ. შპაკლი) - 16 ლარი, გაჯის ფასი 7 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ბინის მფლობელები ამბობენ, რომ სამშენებლო მასალები ძალიან ძვირია და ხარჯი დაგეგმილზე ძვირი ჯდება, თუმცა ცალკე პრობლემაა ხელოსნის მომსახურების საფასური, რომელიც ბოლო დროს 30%-ით გაიზარდა. როგორც ბინის მფლობელები ამბობენ, ხელოსანს "ნაცნობობით" ირჩევენ, რაც მომსახურების ხარჯს მცირედით ამცირებს და სანდოობას მატებს.
ნინო ბეჟანიშვილმა ბინაში სარემონტო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ერთ თვეშიც ზოგიერთი მასალა გაუძვირდა.
"ყველაფერი იმდენად გაძვირდა, ხარჯებს ვეღარ ავუდივარ. ჩემი ბინა სულ 65 კვადრატულია, ორი თვის წინ დავასრულე შეკიდული ჭერის შეკეთება, რაშიც 2500 ლარი გადავიხადე. ბოლო ერთი თვეა, გაძვირდა ხელოსნის მომსახურების ხარჯიც, 1 კვადრატულ მეტრში 10 ლარის გადახდა მომიწია მაშინ, როცა ორი თვის წინ მისი ფასი 7 ლარს შედგენდა. ყველაფერი ძალიან ძვირია, რაც ხელფასზე დამოკიდებული ადამიანისთვის ძალიან რთულია", - ამბობს ნინო ბეჟანიშვილი.
როგორც ბინის მფლობელები აცხადებენ, ერთოთახიან ბინაში ე.წ. კოსმეტიკური რემონტი 4 000 ლარამდე ჯდება, რომელიც პარკეტის დაგებასა და სხვა ძვირად ღირებული სამუშაოების შესრულებას არ ითვალისწინებს. სანტექნიკის ფასი 2500 ლარამდე მერყეობს, სერიოზული სარემონტო სამუშაოების წამოსაწყებად (50-60კვ.მ) მინიმუმ 12 000 ლარი უნდა გქონდეს.
თიკო გურაშვილი