პარიზში, გასულ კვირას მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ზოგიერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ საფრანგეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. მართალია, 14 ნოემბრიდან პარიზში ფრენები ავიაკომპანიებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს, მაგრამ ბუნებრივია, პარიზში მიმდინარე მოვლენების ფონზე მკვეთრად შემცირდა ტურისტების რაოდენობა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. ქართული ტუროპერატორები აცხადებენ, რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის მიმართულებით არცერთი ჯავშანი არ გაკეთებულა. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით მომხმარებლებს დაგეგმილი ტურების გაუქმების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავთ. ტურისტული კომპანიები ამ ეტაპზე ვერ აკეთებენ გრძელვადიან პროგნოზს, თუ რამდენად იმოქმედებს მათ ბიზნესზე არსებული არასტაბილური ვითარება და იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება.
TURI.GE-ს გაყიდვების მენეჯერი ნუცა ჯორბენაძე BPN-თან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საფრანგეთის მიმართულებით კომპანიას უკვე გაცემული აქვს დეკემბრის თვის დაახლოებით 10 ჯავშანი და არცერთ მომხმარებელს არ მოუთხოვია მათი გაუქმება. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ახალი ჯავშანი არ გაკეთებულა.
,,ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ტერაქტს ვუკავშირებ. მომხმარებელი თავს იკავებს საფრანგეთში მოგზაურობისგან. გასულ წლებში, ამ დროისთვის უკვე დაგეგმილი ჰქონდათ საშობაო ტურები პარიზსა და დისნეილენდში, თუმცა დღესდღეობით, მოთხოვნა საერთოდ არ გვაქვს. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, კვლავ პოპულარულია ესპანეთი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი. აღნიშნული მიმართულებებით ჯავშანის რაოდენობის შემცირება არ შეინიშნება,“ -ამბობს ნუცა ჯორბენაძე.„ინტერკონტინენტალის“ გაყიდვების ოფიცრის ნიკოლოზ როყვას ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე არ ფლობს ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენად აისახა მათ შემოსავალზე ბოლოდროინდელი მოვლენები, მაგრამ აცხადებს რომ თუ სიტუაცია მალე არ დარეგულირდება, ეს ტურისტულ ბიზნესს საგრძნობლად დააზარალებს.
,,იმედი მაქვს, მდგომარეობა მალე გამოსწორდება და არსებული ვითარება დასტაბილურდება. ამ ეტაპზე მომხმარებელს აქვს შიში, რის გამოც რა თქმა უნდა, მოგზაურობისგან თავს იკავებს. ჩვენც საფრანგეთის მიმართულებით დროებით რაიმე სიახლის დაგეგმვას არ ვაპირებთ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ რეისები არცერთი ქვეყნიდან არ შეფერხებულა. საფრანგეთის მიმართულებით ტურების ფასების დაკლებაც შესაძლოა განვიხილოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: რას შემოგვთავაზებენ ჩვენი პარტნიორები და რამდენად სწრაფად დარეგულირდება არსებული არასტაბილური სიტუაცია“, - აღნიშნა ნიკოლოზ როყვამ.ტურიზმის ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ რომელიმე ტუროპერატორის მხრიდან ჯავშანის გაუქმების ინფორმაცია დეპარტამენტში არ შესულა. ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე აღნიშნავს, რომ როცა ქვეყანაში ასეთი არასტაბილური მდგომარეობაა, ტუროპერატორები ვალდებულნი არიან, მომხმარებლები ჩააყენონ საქმის კურსში. „რაც შეეხება პარიზს, პარიზი არ არის ის მიმართულება, სადაც ამ პერიოდში მასიურადაა ტურისტების გადინება, ასე რომ, თავისუფლად შეიძლება მისი დროებითი ჩანაცვლება და არ მგონია, ტუროპერატორების ბიზნესს მომხდარმა ფაქტმა რაიმე სერიოზული ზიანი მიაყენოს“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
ქრისტინე გამთენაძე