„მთავრობა ცდილობს ფასების ზრდით ბიუჯეტი შეავსოს“2016 წლის იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი იზრდება. ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მთავრობამ უკვე განიხილა ”საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ამ კანონპროექტის მიღების მიზანი თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაა. კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია:
- ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერი) - 0,20 ლარის ოდენობით;
- უფილტრო სიგარეტზე (20 ღერი) - 0,05 ლარის ოდენობით;
- სიგარებზე (ერთ ღერზე) - 0.4 ლარით;
- ყალიონით მოსაწევ და საღეჭ, ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით.
- ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5-დან 10 პროცენტამდე. როგორც წესი, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმაც უნდა განიხილოს. ამის გამო, სპეციალისტები უკვე ვარაუდობენ, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან სიგარეტის ფასი გაიზრდება.
bpn.ge ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამ ცვლილებებს დადებითად აფასებს:
გიორგი ბახტურიძე - მე ვიტყოდი, რომ ეს სამართლიანი პროექტია: ახლა აქციზის გადასახადი 90 თეთრია და გახდება 1,10 ლარი, ხოლო ადვალური გადასახადი 12 თეთრის ფარგლებში იყო და მომავალი წლიდან 15 თეთრი გახდება. შეგახსენებთ, რომ 2006-დან 2013 წლამდე აქციზის ფასი არ მომატებულა, სამაგიეროდ, სიგარეტის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. ახლა სახელმწიფო ცდილობს თამბაქოსგან ფისკალური ეფექტიც მიიღოს. შესაბამისად, უმატებს ფასს, რომ საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაცია მოახერხოს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცდრეს:
- უნდა გამკაცრდეს კანონი რეკლამის შესახებ და საზოგადოებრივ ადგილებში მოწევაც. მარტო აქციზის გადასახადის გაზრდა ვერ დაიცავს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას. რომ შეხვიდეთ ქალაქის ნებისმიერ კაფეში, ვერ ისუნთქებთ, იქ მომსახურე პერსონალი, მათ შორის გოგონები - მომავალი დედები - იძულებულნი არიან მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ისუნთქონ. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო.
გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, მაგრამ სანაცვლოდ, ჩვენი ჯიბეებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიარდი გადის:
- ეს 1 მილიარდი არის თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხა და მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული, რომლითაც ხალხი სიგარეტს ყიდულობს ანუ საბოლოო ჯამში, ეს დარგი ჩვენთვის სამჯერ უფრო წამგებიანია. ეს არის მკვლელი ინდუსტრია, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უსწრაფებს. ამიტომ, ეს ბიზნესი მოწინავე ქვეყნებში მხარდაჭერილი არ არის, მსოფლიო ბანკიც არ აფინანსებს ამ მიმართულებას, იცის რა მისი წამგებიანობის შესახებ. ისიც ცნობილია, რომ 2040 წლამდე ევროპის ქვეყნებში თამბაქოს მოხმარება 5%-მდე უნდა ჩამოვიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მილევადი ბიზნესია. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ აქციზის მინიმალური გადასახადი 1,8 ევრო უნდა იყოს, მაგრამ ამის მიღწევას დრო სჭირდება. ამიტომ, ყოველწლიურად რამდენიმე თეთრით ძვირდება გადასახადიც. სამწუხაროდ, უფილტრო სიგარეტს არ დაადგა საშველი, მისი გადასახადიც უნდა გაიზარდოს, რომ ადამიანი ფილტრიანიდან უფილტრო სიგარეტზე არ გადაერთოს, ჩვენ ყოველთვის ვუწევდით რეკომენდაციას მთავრობას, რომ უფილტრო სიგარეტზეც მაღალი გადასახადი უნდა დაწესდეს - არანაკლებ 1 ლარისა, ახლა კი, ეს გადასახადი მხოლოდ 30 თეთრის ფარგლებშია. ბოლოს კი გეტყვით, რომ თამბაქოს ინდუსტრიას სახელმწიფო ჩინოვნიკებიც უწყობენ ხელს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაური ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა უკვე დაწყებულია:
- მეც ვეთანხმები, რომ სიგარეტის ფასი უნდა გაძვირდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს. მნიშვნელობა არა აქვს ბიუჯეტისთვის რამდენად მომგებიანი იქნება ეს ცვლილება, მთავარია, რომ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა შემცირდეს. მათი რიცხვი თუ შემცირდება, სიგარეტის რეალიზაციაც მოიკლებს და თამბაქოს ინდუსტრიასაც გარკვეული ზარალი მიადგება, მაგრამ მაინც თანახმა ვარ, რომ გაძვირდეს. მე თვითონაც მწეველი გახლავართ, მაგრამ როდესაც დავინახავ, რომ ეს ხარჯი ჩემი ოჯახის ბიუჯეტს მძიმედ დააწვება, იქნებ მაშინ მაინც შევძლო და თავი დავანებო. ამიტომ, მეც მხარს დავუჭერ, რომ აქციზის გადასახადი გაიზარდოს.
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდას მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციური ძალები, მათ შორისაა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი - გიორგი კარბელაშვილი:
- დღეს ჩვენს ეკონომიკაში კატასტროფული მდგომარეობაა, ამიტომ მთავრობა ცდილობს ფასების ზრდით ბიუჯეტი შეავსოს, თუმცა ამის მიღწევა პრიმიტიული გადაწყვეტილებებით რთულია. ხალხი უფრო და უფრო კოტრდება, რადგან ეს ყველაფერი მის ჯიბეზე აისახება. სახელმწიფოც კატასტროფულ მდგომარეობაშია. ერთადერთი საზრუნავი ის აქვთ, რომ ყველაფერი გააძვირონ და ბოლო კაპიკები ამოიღონ მოსახლეობის ჯიბიდან, რომ მერე ეს ფული პრემიებად დაირიგონ. ეს ბიუჯეტი ხომ საერთოდ კატასტროფაა: ეს არის ერთ ადამიანზე მორგებული ბიუჯეტი. 6 თვის მერე 20 ლარით იზრდება პენსია, მაგრამ თუ ლარს ძალა არ ექნება, თუნდაც 1000 ლარი დაუნიშნე. ეკონომიკა არ მუშაობს, ამიტომ ფასების ზრდა ყოველდღიურად არის მოსალოდნელი. გადასახადებით და ჯარიმებით ივსება ბიუჯეტი, ხალხი კი მშიერია, სულ არ მოწევს სიგარეტს, არც ვისკის დალევს, რადგან საამისო ფული ისედაც არა აქვს, მაგრამ არსებობა ხომ უნდა? ჩვენ ახლა სულ სხვა თემებზე უნდა ვფიქრობდეთ და ვმსჯელობდეთ, მაგრამ მთავრობა ცდილობს ასეთი მეორეხარისხოვანი თემებით გადაფაროს რეალური პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
ხათუნა ჩიგოგიძე