მთავრობა საგზაო უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს. 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტმობილების რეგისტრაცია აღარ მოხდება, საგზაო წესების დარღვევაზე კი ჯარიმები გაიზრდება. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, პირველი იანვრიდან კი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული. ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, მისი ერთ წელში ამოწურვის შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გასვლა ხელახლა მოუწევს.
ახალ ცვლილებებს დადებითად აფასებენ სპეციალისტები, თუმცა მიიჩნევენ, რომ მარჯვენასაჭიანებზე გარკვეული გამონაკლისი უნდა დაშვებულიყო. რაც შეეხება ქულების სისტემას, როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, ეს წესიც მისაღებია, მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა, რამდენად მზადაა საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციული რგოლი მისი განხორციელებისათვის, ხომ არ გახდება ეს გარკვეული გარიგების და კორუფციის საფუძველი.
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა რეალურ მოთხოვნას პასუხობს და მისი მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის მონაწილეთა: მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება.
საკანონმდებლო ცვლილებები და აქტივობები, რომელიც ახალი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოიცავს ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესებას, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისებას, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენებას, ე. წ. უკონტაქტო პატრულირებას, გზებზე და ქალაქებში არსებული ”შავი წერტილების” განეიტრალებას, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღვდვას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას, მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანას, მართვის მოწმობის ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში და ა. შ.
”მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრიებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ან მანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ, მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს სატრანსპორტო საშუალებები, ჩვენ მათ არ ვეხებით. მომავალში კი მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება”, - განაცხადა შსს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი და რეექსპორტი.
მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.
”ასეთი რამ მსოფლიოს 2 ქვეყანაშია, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანებით არის ნებადართული გადაადგილება. ეს სახელმწიფოებია ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა, დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას, შეგვიძლია დავრჩეთ იგივე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი. მარჯვენასაჭიანების მაქსიმალური ზღვარი ყველა ევროპულ ქეყანაში არის 10%”, - განაცხადა მღებრიშვილმა.
გარდა ამისა, პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ ამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული. ახალი წლიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. თუკი ქულები განულდება, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
"2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. იანვრიდან იანვრამდე, ანუ 1 წლის განმავლობაში მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ქულათა სისტემას გადახედვა სჭირდება, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით საუბარი არ შეიძლება.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის მთლიანად აკრძალვას არ ემხრობა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი. მისი თქმით, მარჯვენასაჭიანების აკრძალვასთან ერთად, ძველი ავტმობილების განბაჟების გადასახადის ზრდა საავტომობილო ბაზარზე ნეგატიურად აისახება და ავტომობილების ღირებულებას, საშუალოდ, 20-30%-ით გაზრდის.
"პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება რაიმე კვლევას ეყრდნობოდეს. ამის კვლევა, რომ ავარიების უმეტესობა ხდება მარჯვენასაჭიანების გამო და გარემოს დაბინძურებაშიც დიდი წვლილი ამ მანქანებზე მოდის, არ არსებობს. მართალია, რომ მარჯვენასაჭიანებმა ძალიან იმატა, ისიც მართალია, რომ ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია მარცხენასაჭიან ავტომობილებზე, მაგრამ აკრძალვას სხვა განმარტებაც უნდა მოჰყოლოდა, უფრო დამაჯერებელი.
გარდა ამისა, ვიცით, რომ ახალი ცვლილებით ძველი ავტომობილების განბაჟება ძვირდება. შესაბამისად, მყიდველი, რომელიც ფიქრობდა, რომ იყიდდა ძველ ავტომობილს და ეს იქნებოდა იაფი, მას იაფი აღარ დაუჯდება. ზოგადად, მთლიანად ეს სისტემა აძვირებს ავტომობილების ფასს ავტომატურად, დაახლოებით, 20-30%-ით. მალე ვეღარ იყიდი იაფ მარჯვენასაჭიან ავტომობილს, ძველის განბაჟება კი იმდენი დაგიჯდება, გირჩევნია, ფული დაამატო და შედარებით ახალი იყიდო. ამიტომ მიმაჩნია, რომ მარჯვენასაჭიანების მთლიანად აკრძალვას სჯობდა, რაღაც შეზღუდვა დაწესებულიყო", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.
ევროკავშირის ტრასეკას პროექტის რეგიონული კონსულტანტი გელა კვაშილავა თვლის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობლების რეგისტრაციის აკრძალვა სწორედ დროულია.
"ყველა ქვეყანა ირჩევს მარჯვენა ან მარცხენა მხარის მოძრაობას. როდესაც ორივე გაქვს, მაშინ ავარიების რისკი იზრდება. საქართველოში ინფრასტრუქტურა მარცხენა მოძრაობაზეა მოწესრიგებული. გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ავირჩიოთ ერთი ტიპი - ერთი მხარე უნდა გავხადოთ პრიორიტეტული. ეს საერთაშორისო სტანდარტია და ჩვენც ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. იმისთვის, რომ გზებზე რისკი შემცირდეს, საიჭროა, ქვეყანამ მიიღოს უნიფიცირებული მიდგომა. ამას ითხოვს ჟენევის 1948 წლის კონვენცია. ამიტომ აკრძალვა არის დროული", - განაცხადა კვაშილავამ.
გარდა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვისა, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სხვა ცვლილებებიც იგეგმება. როგორც დავით მესხიშვილი აცხადებს, ნაწილი მისაღებია, ნაწილი კი - არა.
"სიჩქარის გადაჭარბებაზე, საგზაო მოძრაობის წესებზე ჯარიმები იზრდება, რაც ჩემთვის მისაღებია. მისაღებია ასევე მართვის მოწმობის ქულების სისტემა, ეს არის ევროპული და ახალი აქ არაფერია. ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, არის თუ არა მზად საპატრულო პოლიცია, მისი თანამშრომლები და განსაკუთრებით ადმინისტრაციული რგოლი, რომ ეს არ გახდეს კორუფციისა და გარიგებების საფუძველი, ანუ არ მოხდეს მძღოლის მიერ შევაჭრება, რომ ქულა არ დააკლოს და ა.შ. ამიტომ ამას სჭირდება მკაცრი ადმინისტრირება", - დასძინა მესხიშვილმა.
ახალ ცვლილებებში ყველაზე მეტ კრიტიკას ავტობანზე სიჩქარის მატება იწვევს. როგორც მესხიშვილმა განაცხადა, ავტობანზე 120 კმ/სთ-მდე სიჩქარის გაზრდა რეალურად ნიშნავს იმას, რომ მძღოლი იმოძრავებს 135 კმ/სთ სიჩქარით (ქართული კანონმდებლობით ავტობანზე 15 კმ/სთ-ს დამატება დარღვევა არ არის), რაც ავარიების შემთხვევებს ნამდვილად ვერ შეამცირებს.
"ეს ავარიების ძალიან სერიოზული მიზეზი შეიძლება გახდეს. სიჩქარე არის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ჩვენს გზებზე. ამას მხარს ვერ დავუჭერთ", - დასძინა მესხიშვილმა.
ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"