2016 წლიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი, ალბათ, აიკრძალება.
ეს იმ პროექტის მხოლოდ ერთი პუნქტია, რომელიც შსს-ში შეიმუშავეს. პროგრამა "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ითვალისწინებს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების აღმოფხვრის ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გააქტიურებას, ავტოპარკის განახლების წახალისებას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას... ცვლილებები შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებსაც, რომელთა რეგისტრაციაც მომავალი წლის 1-ლი მარტიდან აიკრძალება.
შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ახალი წესი არ შეეხება მათ, ვისაც უკვე ჰყავთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ან გადატანილი აქვთ საჭე. მისი თქმით, ნებისმიერ მხარეს საჭის მქონე მანქანების რეგისტრაცია მხოლოდ ავღანეთსა და ბირმაშია დასაშვები. თუმცა, ჩვენ დავინტერესდით, კიდევ რომელ ქვეყნებში არ კრძალავენ მარჯვენასაჭიან მანქანებს. მათი არასრული სია ასეთია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, ბრიტანეთი, აშშ და იაპონია. მთავრობის ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილის აზრით, ხელისუფლება ახალი წესით ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენციის შეჩერებას ცდილობს.
ვასო ურუშაძე, "ეკოტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი:
- ამ შეზღუდვით მოწესრიგებული იაპონური მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ნაცვლად შემოიყვანენ ამორტიზებულ ავტომობილებს, რომლებიც უფრო მეტს წვავს და ტექდათვალიერების შემთხვევაშიც სტანდარტულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. მარჯვენასაჭიანი მანქანები არსად არის აკრძალული, თუმცა, შეზღუდვები არსებობს განბაჟებისას, ტექდათვალიერებისას, მართვის მოწმობის აღებისას, რაც მისაღებია... ეტყობა, ამ გზით გადაწყვიტეს ქალაქში საცობების პრობლემის მოგვარება, მაგრამ
ადამიანი, რომელსაც 2 ან 2, 5 ათასი დოლარი გადადებული აქვს, მაინც შეიძენს მანქანას და თუ არჩევანის უფლებას წაართმევ, იძულებული იქნება, ევროპული ან ამერიკული მარცხენასაჭიანი იყიდოს, ეს თანხა კი ეყოფა მხოლოდ აღდგენილ-გადაკეთებული ავტომანქანისთვის, რომელიც მართლაც ქმნის საფრთხეს და ეკოლოგიისთვისაც საზიანოა.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" - დამფუძნებელი გელა კვაშილავა:
- ჩვენი ინფრასტრუქტურა მარჯვენასაჭიან მანქანებზე მორგებული არ არის. ხშირია საჭის ხელოვნურად გადატანის ფაქტებიც. ხელოსნები ამას კუსტარულად აკეთებენ. დღეს საქართველოში ავტომობილების საერთო რაოდენობის 29% მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოდის და თუ მათი შემოყვანა გაგრძელდა, 2-3 წელიწადში მათი რაოდენობა 50%-ს მიაღწევს, საქართველოში კი საგზაო მოძრაობა მარცხენასაჭიან ავტომობილებზეა გათვლილი.
გია ბერაძე, საგზაო პოლიციის ყოფილი უფროსი, ავტოექსპერტი:
- მარჯვენასაჭიანი მანქანები საფრთხეს ქმნიან. მანევრის ჩატარება, გასწრება - აფერხებს მძღოლსაც და მგზავრსაც, საფრთხეს უქმნის შემხვედრ ავტომანქანებსაც...
იაპონიაში ის მანქანები, რომლებიც უტილიზაციისთვის იყო განკუთვნილი, "შეფუთეს" და საქართველოსა და ავღანეთისნაირ დაქცეულ ქვეყნებში გაყიდეს.
ავტოდილერთა თქმით, მანქანები იაპონიიდან ისევ შემოვა, ოღონდ ფოთის ნაცვლად, შემოიყვანენ თურქეთში, სადაც საჭეს მარცხენა მხარეს გადაიტანენ. იაპონელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ თუ საქართველო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, იაპონური კომპანიები ადგილზევე გადაიტანენ საჭეს მარცხნივ, ქარხნული დეტალების გათვალისწინებით, რაც საბუთშიც იქნება მითითებული, თუმცა, ეს გამოიწვევს მანქანის 1.000 დოლარით გაძვირებას.
ვანო ველთაური, აუტო2 გეორგია-ს დამფუძნებელი დირექტორი:
- 2.500-დოლარიანი ამერიკული ან ევროპული მანქანა იაპონურთან შედარებით, ჯართია, დაშლილ-აწყობილი, იაპონური კი თითქმის ახალია.
- ეს ცვლილება თქვენს ბიზნესზე როგორ აისახება?
- უარყოფითად. იაპონიიდან ჩამოყვანისა და რეგისტრაციის უფლება თუ არ მომცეს, რა თქმა უნდა, დავზარალდები...
კიდევ ერთი საკითხი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ, 150-ლარიანი გადასახადია. პროექტის მიხედვით, იმ ავტომობილების მფლობელებისთვის, რომლებსაც საჭე გადატანილი აქვთ, სავალდებულო იქნება ფირნიშის ტარება, რაც 150 ლარი ეღირება.
"თუ მართვა არ იცი, რა მნიშვნელობა აქვს, საჭე საით ექნება?!"
საზოგადოება ახალ ინიციატივას სხვადასხვანაირად შეხვდა. ჩვენ მძღოლების მოსაზრებით დავინტერესდით:
ზურაბ ქვლივიძე:
- ავტობანზე, სადაც სწრაფი მოძრაობაა, მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლებს ხშირად აგვიანდებათ მანევრირება და საავარიო სიტუაცია იქმნება. არცთუ იშვიათად ეს მანქანის გაუმართაობის ბრალია, რადგან უმეტესობა იაპონიიდან შემოჰყავთ. აუქციონებზე ძვირად ღირებულ მანქანებს 300 დოლარად ყიდულობენ და როგორ შეიძლება, ეს მანქანა გამართული იყოს?! ორმხრივი მოძრაობის დროს გასწრებაც რთულია. კი გაასწრებ წინ მიმავალ მანქანას, მაგრამ არ არის გამორიცხული, საავარიო სიტუაცია შექმნა და ეს ყველაფერი ღირს ამად?! მე ამ აკრძალვას მივესალმები.გელა გუგავა: - აუქციონის საშუალებით ვყიდულობ იაპონურ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და მერე ვყიდი. ამ ინიციატივით, შეიძლება ითქვას, უმუშევარი ვრჩები. მიზეზი, თითქოს საცობებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ქმნის, სასაცილოა. მარცხენასაჭიანი მანქანები ისეთ მანევრებს აკეთებენ, თვალები შუბლზე აგივა, მაშინ მათი რეგისტრაციაც ავკრძალოთ და აღარც საცობები იქნება და ავარიების რიცხვიც შემცირდება.
ზვიად ლომიძე: - ათი წელია, მარჯვენასაჭიანი მანქანა მყავს. ერთხელაც არ შემიქმნია საავარიო სიტუაცია. თუ მართვა არ იცი, რა მნიშვნელობა აქვს, საჭე საით ექნება?! მე თუ მკითხავთ, მარჯვენასაჭიანი მანქანის აკრძალვას, ჯობია, მართვის მოწმობის აღება გაართულონ, ეს უკეთესი იქნება.
შუაშისტი მძღოლი
ქართველები ჭკუითა და გონებით რომ არავის ჩამოვუვარდებით, ჩვენმა თანამემამულეებმა არაერთხელ დაამტკიცეს... აქამდე ბევრს ეგონა, რომ "ფერარის" ერთ-ერთი მოდელი, შუაში საჭით, მხოლოდ ამ ბრენდის ინოვაცია იყო, არადა, ჯერ კიდევ 80-იან წლებში ქუთაისელმა ავტოინჟინერმა "ჟიგულის" ძრავაზე მანქანა ააწყო, რომელსაც საჭე შუაში დაუყენა და ამ მანქანით ევროპა შემოიარა. ის არაერთი საერთაშორისო გამოფენის გამარჯვებულია... ხელისუფლება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვაზე ლაპარაკობს, ვახტანგ დვალიშვილმა კი გონივრული გამოსავალი იპოვა და წლების წინ მწყობრიდან გამოსული ავტომობილი შეაკეთა... "პრობლემა მოგვარებულია - არც მარჯვნივ, არც მარცხნივ - შუაშია, ანუ ნეიტრალურ ზონაშია და პრობლემას არავის შეუქმნის," - ხუმრობს ჩვენი რესპონდენტი.
- ავტომობილი შინ, შუა ოთახში ავაწყვე და შემდეგ ფანჯრიდან გადმოვიტანე. მოდელს შვილის სახელი "მარი" დავარქვი. ქუთაისში აწყობილი ავტომობილით ევროპაში ვიმოგზაურე... ეს მანქანა წლებია, კორპუსის ეზოში დგას. ახლა აღდგენა გადავწყვიტე. იმ წლებში არ იყო მარჯვენასაჭიანი მანქანები, მაინტერესებდა, რა გამოვიდოდა - ავაწყვე და მთელი ევროპა შემოვიარე. ყველა ქვეყანაში უპრობლემოდ ვიარე.
- როგორი სატარებელია?
- ბევრად უკეთესი, ვიდრე მარცხენა ან მარჯვენასაჭიანი. გინდა მარჯვნიდან ჩახვალ, გინდა - მარცხნიდან. გინდა მარჯვენა ტროტუარის მხარეს გააჩერებ, გინდა - მარცხენა... არც ხალხი გედავება, არც - მთავრობა. ეს ხუმრობით, ისე, მართლაც ძალიან კომფორტულია. საწვავსაც იმდენს წვავს, რამდენსაც ჩვეულებრივი ავტომობილი. ძარა ჩემი ხელით ავაწყვე, სალონიც კომფორტული აქვს. ახლა შევარემონტებ და ისევ ვივლი...
ლალი პაპასკირი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"