სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ არსებული მოხუცთა თავშესაფრები, მწირი დაფინანსების გამო, ბენეფიციართა მხოლოდ მცირე კონტინგენტის შენახვას ახერხებენ. ამან კერძო თავშესაფრებისა და პანსიონატების როლის ზრდა გამოიწვია. თბილისში რამდენიმე კერძო მოხუცთა სახლია, სადაც თანხის გადახდის შემთხვევაში, ასაკოვან ადამიანს შეუძლია განუსაზღვრელი ვადით დარჩეს. მოხუცთა კერძო თავშესაფარში გადასახადი არც თუ მცირეა და პენსიონერების უმრავლესობისთვის არახელმისაწვდომი. ასეც რომ არ იყოს, ქართული მენტალობიდან გამომდინარე, იშვიათად შეხვდებით ოჯახს, რომლის ასაკოვანი წევრი საკუთარი სურვილითა თუ ახლობლების გადაწყვეტილებით, კერძო მოხუცთა სახლში ცხოვრობს.
დალი კილაძე რამდენიმე თვეა, რაც კერძო მოხუცთა სახლის მმართველია. როგორც BPN-თან საუბარში ამბობს, ამჟამად მის მიერ დაარსებულ მოხუცთა სახლში 4 ხანდაზმული ცხოვრობს. მისი აზრით, დასაწყისისთვის ეს რაოდენობა არც თუ მცირეა. მოხუცთა სახლში გადასახადი 450-დან 600 ლარამდე მერყეობს. ფასში შედის ექთნისა და მომვლელის მომსახურება 24 საათის განმავლობაში, ოთხჯერადი კვება, პირადი ჰიგიენის მოწესრიგება, პირველადი მედიკამენტების მიწოდება.
,,იმ შემთხვევაში, თუ მოხუცი ძვირადღირებულ წამლებს საჭიროებს, ან ფსიქოტროპული მედიკამენტები აქვს დანიშნული, ოჯახის წევრი ყიდულობს. ვიღებთ ორივე სქესის ხანდაზმულს. გადასახადი მისი მდგომარეობიდან გამომდინარეობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ყურადღებას და მოვლას საჭიროებს. ასევე, ოჯახის სურვილზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დარჩება მოხუცი ჩვენთან. დრო შეზღუდული არ არის, შეუძლია მთელი დარჩენილი სიცოცხლე მოხუცთა სახლში გაატაროს”, - აღნიშნავს დალი კილაძე. მისივე თქმით, საქართველოში მოხუცთა სახლი ნაკლებად შემოსავლიანია, რადგან არსებული გადასახადი მხოლოდ მცირედით აჭარბებს მოხუცის მოსავლელად საჭირო თანხის რაოდენობას.
,,მოგება მიზერულია. ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, შემოსავალი ამ საქმეში გაწეული შრომის ადეკვატური არაა”, - ამბობს მოხუცთა სახლის მმართველი.
გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლი უკვე 8 წელია, რაც ფუნქციონირებს. იქ ამ ეტაპზე 39 მოხუცი ცხოვრობს. ყოველთვიური გადასახადი კი მოხუცის მდგომარეობიდან გამომდინარე, 600-დან 700 ლარამდე განისაზღვრება. ფასში შედის კვება, ჰიგიენის ნორმების დაცვა, საჭირო პირველადი მედიკამენტების მიწოდება.
მარიამ კაციტაძე: ,,საქართველოში მოხუცთა სახლის დაფუძნება და შენახვა უფრო მეტად დამოკიდებულია ადამიანის სურვილსა და გულისხმიერებაზე. მე რომ იჯარას არ ვიხდიდე, ჩემს მოხუცებს ხშირად მოვუწყობდი ექსკურსიებს, მაგრამ გაძვირებული კომუნალურების, უამრავი გადასახადისა და ხარჯის გამო, ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ მაქვს.”
მარიამ კაციტაძის თქმით, ამ საქმიანობისთვის, როგორც ბიზნესისთვის არასოდეს შეუხედავს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოში მოხუცთა სახლის შემოსავლის წყაროდ ქცევა შეუძლებელია.
საქართველოში არსებული პენსიის ფონზე, მარტოხელა მოხუცი, საკუთარი შემოსავლით, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ჰქონდეს უზრუნველყოფილი სიბერე. ვერც მოხუცთა სახლისთვის საჭირო გადასახადებს შეეჭიდება.
ევროპაში კი ხანდაზმულთა უმრავლესობა კერძო მოხუცთა სახლს საკუთარი სურვილითა და გადაწყვეტილებით აკითხავს. იქ მათთვის შესაფერისი გარემო მაღალი სტანდარტის საყოფაცხოვრებო პირობებითაა შექმნილი. იქაურ პენსიონერს ყოველთვიურად მიღებული საპენსიო შემოსავლით თავისუფლად შეუძლია კერძო მოხუცთა სახლის გადასახადის დაფარვა.
ქრისტინე გამთენაძე