1-ელი იანვრიდან ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის. როგორც სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილმა განმარტა, რეგულაციები სავარაუდოდ, ფქვილზე ფასის მატებას არ გამოიწვევს. "1-ელი იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება 376, რომელიც 2015 წლის 27 ივნისს დამტკიცდა - ეს არის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. ის არეგულირებს ქვეყანაში რბილი, ქონდარა ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავების და ბაზარზე განთავსების პირობებს. ანუ განვმარტავ, 1-ელი იანვრიდან შეძენილ ფქვილზე უნდა იყოს ეტიკეტი განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეეძლება იხილოს, რა ფქვილს ყიდულობს, როგორია მისი ხარისხი - არის ექსტრაფქვილი, უმაღლესი ხარისხის, მეორე ხარისხის, პირველი ხარისხის თუ ა.შ. ანუ ყველას თავისი სახელი დაერქმევა.
არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება და წესით, ტექნიკური რეგლამენტის შემოღებამ ფასების გაძვირება არ უნდა გამოიწვიოს - ის, რაც იყო ბაზარზე, ისევე დარჩება, უბრალოდ სწორად და მართებულად იქნება რეგულირებული", - აღნიშნა ლაფერაშვილმა.
რაც შეეხება პურის ტექნიკურ რეგლამენტს, ლაფერაშვილი განმარტავს, რომ პროექტი დამუშავების პროცესშია და მისი ინიციატორი ბიზნესოპერატორებისგან შენიშვნებს იღებს.
"პურის რეგლამენტთან დაკავშირებული პროექტი სამინისტროში დიდი ხნის წინ მომზადდა. ამის შემდეგ შევხვდით ყველა ბიზნესოპერატორს, რომელიც ამ სფეროთია დაკავებული და მომზადებული დოკუმენტი გავაცანით, მათ გამოგზავნეს შენიშვნები - ზოგიერთი გავითვალისწინეთ, ზოგიერთი ვერა. პურის მწარმოებლებს არ ექნებათ პურის შეფუთვის ან მასზე ეტიკეტის დატანის ვალდებულება, უბრალოდ როცა საწარმოდან გამოდის პური, მას უნდა მოყვებოდეს დოკუმენტი, სადაც პროდუქტის მახასიათებლები იქნება მითითებული, ხოლო პურის მაღაზიები, დახლზე მისი დადების შემდეგ ვალდებული იქნებიან მიუთითონ, თუ რომელი რა პურია, რას შეიცავს და ა.შ.", - აღნიშნა ლაფერაშვილმა და დასძინა, რომ სავარაუდოდ, პურის ფასის ზრდას არც აღნიშნული რეგლამენტი გამოიწვევს.