გამოცემა "ჰაფინგტონ პოსტი" აქვეყნებს სტატიას, სადაც ქართველი მხატვარი რომან კრიხელი მსოფლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება.
"მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები დიდი ინტერესით ელოდნენ "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს". მას თანამედროვე "მონა ლიზაც" უწოდეს. ორიგინალის ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა კერძო აუქციონზე 4 500 000 დოლარად გაიყიდა და ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა", - წერს გამოცემა.
ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი რომან კრიხელი გასაყიდად გამოიტანდა თავის ნამუშევარს "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა. ამის შესახებ New York Post-იც იუწყებოდა: "შესაძლოა, რომან კრიხელის ნამუშევარი მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან "ფეისბუკის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, YouTube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არტკოლექციის მფლობელია".
რომან კრიხელი დაიბადა საქართველოში 1956 წელს. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში. 16 წლის ასაკში ისრაელში გაემგზავრა.
მხატვარს ისრაელის დატოვება 6 თვის შემდეგ მოუხდა, რადგან სასტუმროს გვერდით, სადაც იგი ცხოვრობდა, ტერორისტული აქტი მოხდა... ისრაელიდან რომან კრიხელი იტალიაში წავიდა, შემდეგ ამერიკაში.
მანანა გაბრიჭიძე
წყარო: ”კვირის პალიტრა”