საახალწლო სუფრა 250-300 ლარი ჯდება

ახალი წლის დადგომამდე 4 დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად უკვე საკმაოდ ხალხმრავლობაა თბლისის სასურსათო ბაზრებში. გოჭი, ინდაური, ნიგოზი, ხილი, ტკბილეული, სასმელები თუ ჩურჩხელა საახალწლო სუფრის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. საახალწლო ფასების გასარკვევად "მთელმა კვირამ" თბილისის ბაზრებსა და სუპერმარკეტებს მიმართა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფასები ბაზრებში და მსხვილ სუპერმარკეტებში განსხვავებულია, თუმცა შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.

"მთელი კვირა" საახალწლო სუფრის ტრადიციულ პროდუქტებზე ფასების დასადგენად თბილისის ბაზრებსა და მსხვილ სუპერმარკეტებს ეწვია. ჩატარებული კვლევით კი მივიღეთ, რომ თბილისში ოჯახს ტრადიციული საახალწლო სუფრის გაწყობა 250-დან 350 ლარამდე დაუჯდება. აქვე გეტყვით, რომ ეს შედეგები შაბათის, 26 დეკემბრის ფასებს ეყრდნობა. როგორც მოვაჭრეები, ასევე რიგითი მოქალაქეები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ფასები ყველა პროდუქტზე, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზრდება.

გოჭი

გოჭის ფასი თბილისის ბაზრებში 85-120 ლარის ფარგლებში მერყეობს. სუპერმარკეტების უმრავლესობაში კი გოჭები გასაყიდად ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა აცხადებენ, რომ ორშაბათიდან აუცილებლად ექნებათ. ამასთან, ზოგან გოჭები აგრარული ბაზრების მსგავსად, ცალობით გაიყიდება, ზოგან კი - წონით. მაგალითად, როგორც სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში" გვითხრეს, გოჭის შემოტანას საახალწლო დღეებში აპირებენ და საშუალო ზომის გოჭი - 60 ლარი ეღირება, ხოლო სუპერმარკეტ "გუდვილში" გოჭის ხორცი 1 კგ 17 ლარად იქნება. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გოჭის ფასის ზრდას ელიან ბაზარში.

"გოჭი ის პროდუქტია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალ წელს. როგორც ხედავთ, მისი გაყიდვა ძალიან სწრაფად ხდება. გოჭის ფასი შესაძლოა 31 დეკემბერს 5 ან 10 ლარით გაიზარდოს, წინასწარ თქმა მაინც რთულია", - გვითხრა ბაზარში ერთ-ერთმა გამყიდველმა.

ინდაური

ინდაურის ფასი "დეზერტირების" ბაზარში 60-70 ლარია. სუპერმარკეტების სხვადასხვა ქსელში კი 1 კგ ინდაურის ფასი 15-დან 20 ლარამდე იქნება. თბილისის სუპერმარკეტებში აცხადებენ, რომ ინდაური ამჟამად არ აქვთ, თუმცა საახალწლო დღეებში მათ პროდუქციას აუცილებლად დაემატება. ახალი წლის დღეებში არც "დეზერტირების" ბაზარში და არც აღნიშნულ სუპერმარკეტებში ინდაურზე ფასის მკვეთრი მატება არ იგეგმება.

"ფასის დიდი მატება ინდაურზე არ იგეგმება, თუმცა ამას წინასწარ ვერასდროს ივარაუდებ. შეიძლება 31 დეკემბერს მოხვიდეთ და ინდაურის ფასი მცირედით გაზრდილი იყოს. ფასები ყოველდღე მცირედით მაინც იზრდება", - გვითხრეს ბაზარში. ზემოთ აღნიშნულ სუპერმარკეტების ქსელში კი აცხადებენ, რომ ფასი, რომელიც პროდუქციას თავიდანვე დაედება, 31 დეკემბრის ჩათვლით უცვლელად შენარჩუნდება.

ნიგოზი და ჩურჩხელა

1 კგ ნიგოზი ბაზარში ჯერჯერობით 22-25 ლარი ღირს და როგორც გამყიდველები აღნიშნავენ, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, 3-4 ლარით გაძვირდება. ერთი თვის წინ ნიგვზის ფასი 20 ლარს შეადგენდა. ნიგვზის გაძვირებას არც მომხმარებლები გამორიცხავენ. რაც შეეხება ჩურჩხელას, მისი შეძენა 2.50 ლარად შეგეძლებათ.

"ნიგოზზე ფასის ზრდა მოსალოდნელია, ყოველ წელს ასეა და წელსაც ახალი წლის ბოლო დღეებში ნიგვზის ფასი 3-4 ლარით გაიზრდება. უმჯობესია, რომ მომხმარებლებმა სამზადისი უკვე დაიწყონ", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთმა ხანში შესულმა მომხმარებელმა. ბაზრის მოვაჭრეების თქმით, ჯერჯერობით ყველაზე დიდი მოთხოვნა ნიგოზსა და თაფლზეა.

"წლებია, ამ დახლთან ვდგავარ და ნიგვზისა და ხილის გაყიდვასთან ერთად წინასაახალწლო სამზადისს თვალს ვადევნებ, დღესაც, როგორც ხედავთ, ხალხის ნაკადი არ წყდება. ფასების ზრდას რაც შეეხება, მგონია, რომ ცოტათი, მაგრამ მაინც გაიზრდება, რადგან წინასაახალწლოდ ნიგოზი 3-4 ლარით ყოველთვის ძვირდება", - განუცხადა "მთელ კვირას" ერთ-ერთმა გამყიდველმა ასაკოვანმა ქალბატონმა.

ხილი და ტკბილეული

ტკბილი სუფრის გაწყობა შედარებით იაფი დაგიჯდებათ. ხილისა და შოკოლადის ფასი ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებთან შედარებით იაფია. თუმცა, ფასის ზრდა შესამჩნევია ბანანზე, რადგან იგი მაიმუნის წლის მთავარი ატრიბუტია. ერთი ბანანის ფასი ამჟამად 80 თეთრია. ბაბანი რამდენიმე კვირის წინ 60 თეთრი ღირდა. სხვა ხილის ფასი საშუალოდ ასეთია: ფორთოხალი და გრეიფრუტი - 2-2.5 ლარი, მანდარინი - 1.5-2 ლარი, ქოქოსი - 1 ცალი 2.5 ლარი, ანანასი - 1 ცალი 8-9 ლარი. შოკოლადის კამფეტების ფასი 1 კგ 12-14 ლარია. ბონბონერის ფასი 10 ლარიდან 25 ლარის ჩათვლით მერყეობს.

ალკოჰოლი

სუპერმარკეტებში სასმელის ფასებში დიდი სხვაობა არ არის. 1 ლიტრიანი ვისკის ფასი 60-დან 107 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება შამპანურს, მისი ფასი 8-12 ლარია. როგორც სუპერმარკეტებში აცხადებენ, სასმელებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ლიკა გურაბანიძე

გაზეთი "რეზონანსი"

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე