ახლო მომავალში Virgin Galactic მსურველებს კოსმოსში ფრენებს შესთავაზებს
რიჩარდ ბრენსონი, ბიზნეს იმპერია Virgin-ის მფლობელი, ბიზნესს ღიმილით აკეთებს. მარგარეტ ტეტჩერი ხშირად იხსენებდა, თუ როგორ მოახერხა რიჩარდმა ერთ-ერთი სამთავრობო მიღების მთავარი ფიგურა გამხდარიყო - ფოტოგრაფებმა დედოფალს ზურგი აქციეს და ბრენსონის ფეხების გადაღებას შეუდგნენ. საქმე ის გახლდათ, რომ ბრენსონი უინძორების სასახლეში სხვადასხვა ფეხსაცმლით გამოცხადდა. Virgin-ის მფლობელს ჰოლივუდურ ფილმებში იღებენ, დადის წვეულებებზე, მეგობრობს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, სტუმრებს კრემიან ნამცხვრებს ესვრის და აუზში აგდებს.
ერთი შეხედვით შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს მდიდარი ადამიანის ჩვეულებრივი ახირებებია. თუმცა ბრენსონი არაფერს აკეთებს უმიზეზოდ. ყველა ამ ”ახირებას” დამატებითი პოპულარობა მოაქვს ბრენდისთვის Virgin. ყოველი ნაბიჯის უკან ამა თუ იმ სიტუაციის შესაბამისი ზუსტი გათვლა დგას. მაგალითად, სპილოს ისტორია: სპილოზე ამხედრებული ბრენსონი პარლამენტის წინ დასეირნობდა. რისთვის დასჭირდა ეს? - ინდოეთში ავიარეისების გახსნის უფლებისთვის. და ბრენსონმა ამას მიაღწია!
არანაკლებ საინტერესოა ავიაკომპანია Virgin Airways-ის შექმნის ისტორია. ბრენსონი პუერტო-რიკოში გაფრენას გეგმავდა შვებულებაზე, მაგრამ აეროპორტში მისულმა შეიტყო, რომ რეისი გადაიდო. დაბნეულმა მგზავრებმა არ იცოდნენ, რა მოემოქმედათ. ბრენსონმა თვითმფრინავი დაიქირავა 2000 დოლარად, შემდეგ ეს თანხა გაჰყო სამგზავრო ადგილების რაოდენობაზე, მიიღო 39$, გამოაკრა განცხადება: ”Virgin Airways. ბილეთი პუერტო-რიკოში, ერთი გზა - 39$”. გახარებულმა მგზავრებმა უმალვე დაიტაცეს ყველა ბილეთი. ბრენსონს კი 2 უფასო ბილეთი ერგო და ცოტაოდენი მოგებაც დარჩა.
სწორედ პუერტო-რიკოში შვებულების დროს გაუჩნდა Virgin Airways-ის შექმნის იდეა. ბრენსონმა დაინახა შანსი და ხელიდან არ გაუშვა. დღესდღეობით Virgin Airways მსოფლიოს 300 ქალაქში დაფრინავს. მაგრამ ბრენსონი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მას შორსმჭვრეტელი გეგმები აქვს - ახლო მომავალში Virgin Galactic მსურველებს კოსმოსში ფრენებს შესთავაზებს.
დუდანა ზაქარაია