რა ცვლილებები იგეგმება უცხოელებზე მიწის მიყიდვისას

საქართველოში 2011-2012 წლებში უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის მასობრივმა შესყიდვამ ზოგიერთ რეგიონში კონფლიქტური სიტუაცია შექმნა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქართლსა და კახეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძავლის ინიციატივით, რის შემდეგაც პარლამენტმა 2012 წლის გაზაფხულზე უცხოელების მიერ მიწის შესყიდვაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ამავე წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა კანონპროექტი, სადაც წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება აქვთ. აგრეთვე განსაზღვრული იქნება უცხოელების მიერ სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენის პირობები.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი "სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" პარლამენტში თითქმის ორი წლის წინ შევიდა, ის ჯერ კიდევ არ არის განხილული. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა "მთელ კვირას" განუცხადა, საკითხი ჯერჯერობით ისევ განხილვის პროცესშია და უახლოეს პერიოდში მისი სესიაზე გატანა არ იგეგმება.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უცხოელი მოიპოვებს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე თუ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდროების გზით; და, თუ არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; გააჩნია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა.

პირი, რომელიც აღარ აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისათვის განსაზღვრულ პირობებს, ვალდებულია საკუთრების უფლების არსებობისათვის აუცილებელი პირობის დარღვევიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრების უფლებამოსილების მქონე პირზე.

კანონპროექტით განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ის მინიმალური და მაქსიმალური ფართობი, რომელიც შეიძლება იყოს უცხოელის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში. კერძოდ, შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი უცხოელის შემთხვევაში არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებში არსებული სასოფლო-სამერუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 20 ჰექტარს.

უცხოელის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 20 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 200 ჰექტარს. აღსანიშნავია, ზემოაღნიშნული შეზღუდვა მიწის ფართობთან დაკავშირებით არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამინისტროებს, რომლებიც ცვლილებათა ამ პაკეტზე მუშაობდნენ, ცალსახად შეუძლიათ განაცხადონ, რომ ეს არის ყველაზე დაბალანსირებული მოდელი, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მეორე მხრივ, კი იცავს უცხოელი ინვესტორების უფლებებს.

კანონები

მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს არ ეთანხმება პროფესორი, აგრარიკოსი პაატა კოღუაშვილი. მისი თქმით, კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიდან არ ჩანს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ეკონომიკური ანალიზი, ანუ რა რაოდენობის მიწაა შესყიდული, რა ინვესტიციებია განხორციელებული და ა. შ. ასევე, როგორია თანაფარდობა საქართველოს მოქალაქეების და უცხოელების მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს შორის. მისივე თქმით, საინტერესოა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ მიწას საკუთრებაში და როგორია მათ მიერ გაკეთებული ინვესტიციების ოდენობა, რითაც ნათელი გახდებოდა, რომელი ქვეყნებიდანაა მიწით სპეკულაციის მაღალი რისკი;

"ზოგადად მიწის სპეკულაციის საშიშროება უფრო მეტად არსებობს იურიდიული პირების მხრიდან და, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შეზღუდვები უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე ძირითადად მიმართულია იურიდიულ პირებზე, რაც ასევე არ ჩანს კანონში ცვლილებების პროექტში;

კანონმდებლობა ნათლად უნდა აყალიბებდეს თამაშის წესებს, რომლებიც გამორიცხავს, შეზღუდავს არასწორი ინტერპრეტაციებისა და არასამართლიანი გადაწყვტილებების მიღებას. თანამდებობის პირების მიერ (თუნდაც ჯგუფურად) არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტროსთან თეორიულად შესაძლებელია შეიქმნას საბჭო, როგორც პოლიტიკის ნაწილი, თუმცა მისი მანდატი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, რათა არ დარჩეს სივრცე მიკერძოებული გადაწყვეტილებებისთვის.

ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის განსხვისებას, რადგან მიწა არის კულტურული ფასეულობა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერისთვის, როგორც მის საარსებო და შემოქმედებით სივრცეს, ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს საშუალება ხელი შეუწყოს და განავითაროს აგრარული სექტორი", - განაცხადა კოღუაშვილმა.

მისი თქმით, განუსაზღვრელი რაოდენობით მიწის უცხოელებისთვის გადაცემა მიგვიყვანს გამოუსწორებელ შედეგებამდე. რადგან უცხოელს დღევანდელი "შიშველი კანონმდებლობით" ვერ დაავადებულებ აწარმოოს ის, რაც საჭიროა ერისთვის. მისი თქმით, ყველა განვითარებული ქვეყანა ქნის სპეციალურ კანონს, რომელიც მიწის უცხოელებზე გაყიდვას არეგულირებს, ბევრი მათგანის კანონმდებლობაში წერია, რომ განსაკუთრებული გარემოებისა და საჭიროების გარეშე მიწა საერთოდ არ უნდა გასხვისდეს.

"ჩვენ ამ კანონამდე სხვა კანონები გვაქვს მისაღები, მაგალითად, კანონი სოფლის შესახებ, ჩვენ არ გაგვაჩნია მსგავსი კანონი, დღეს მხოლოდ აბრებზეა წარწერა სოფელი და მისი დასახელება. სოფელს საკუთარი განვითარებისათვის მიწა უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ არის, რომ ბოლო 20 წელია ევროპა დაადგა ახალ გზას, რომელიც სოფლის განვითარებისკენ არის მიმართული.

სოფელი უპირველეს ყოვლისა, სამოსახლო ერთეულია და მხოლოდ ამის შემდეგ არის სამეურნეო ერთეული. აქ მთავარია მოსახლეობის შენარჩუნება და მათი კეთილდღეობა. აუცილებელია ქალაქთან მიახლოებული კომფორტის შექმნა, ეს არის მთავარი ამოცანა, რაც სამწუხაროდ დღეს მთავრობაში არ ესმით. ალბათ მომავალში ამასაც გაიგებენ და მიხვდებიან, თუმცა დღეს მდგომარეობა სოფლებში საკმაოდ მძიმეა, ამიტომ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი.

პირველი კანონი რომელიც მისაღებია, არის კანონი სოფლის სტატუსის შესახებ. ასევე სოფლის ფერმერის, იგივე მეურნის შესახებ. აი, ამ სტატუსის მქონე პირებს შორისაა მიწის გაყიდვა თავისუფალი. ამ სტატუსის უქონლობის შემთხვევაში შემოდის რეგულაციები, რომლებიც განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში.

მისაღებია აგრეთვე კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს მიწის გრძელვადიანი იჯარით გასხვისება. ამ საკითხების მოგვარება ბევრ სხვა საკითხს დაარეგულირებს", - განაცხადა პაატა კოღუაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" მიწის პოლიტიკა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული საყოველთაო სამოქალაქო აღწერის მონაცემებით, დღემდე საქართველოს მოსახლეობის 46% სოფლად ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი უმეტესად სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული, ხოლო ამ სექტორის წილი მშპ-ს მხოლოდ 9,2%-ია. ეს ნათლად მიანიშნებს, რომ სოფლის მოსახლეობის შრომის ნაყოფიერება ძალზედ დაბალია.

2010 წლის ბოლოდან "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაუმჯობესებლად დაიწყო აგრარულ სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მუდმივად ცდილობდა ამ მიმართულებით ინტენსიური პიარკამპანია ეხორციელებინა.

როგორც "ლიბერალური აკადემია - თბილისის" მიერ განხორციელებული კვლევის ("იმიგრაციის გავლენა მიწის გახსვისებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საქართველოში") ფარგლებში უცხოელ ინვესტორებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან ირკვევა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აგზავნიდა დელეგაციებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი, რათა მათთვის საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალი და უპირატესობები გაეცნო. ხელისუფლების ოფიციალური პირები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ უცხოელები, რომ მათ მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისა და საქმიანობის შემთხვევაში, ისინი ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერით ისარგებლებდნენ.

2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების კამპანიის დაწყებამ თვალსაჩინო შედეგები 2011-2012 წლებში მოიტანა, როდესაც საგრძნობლად გაიზარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში მიწების შეძენა.

კვლევებზე დაყრდნობით გამოკვეთილია, რომ ამ პერიოდში საქართველოში მიწა ძირითადად ინდოეთის, სამხრეთ აფრიკისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებმა შეიძინეს, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს მიწის დამუშავება, თუმცა ამ პოლიტიკამ უმეტეს შემთხვევაში წვრილი საოჯახო მეურნეობები მოიზიდა, რომლებსაც ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მოახდინონ ქვეყანაში, გაზარდონ დარგის მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა.

ხელისუფლების პოლიტიკა, მოეზიდა უცხოელი ინვესტიციები აგრარულ სექტორში არც თუ თანმიმდევრული იყო. მენეჯმენტისა და კოორდინაციის ნაკლებობამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის მნიშვნელოვანი გამოწვევები წარმოქმნა, როგორც სახელმწიფოსათვის, ისე უცხოელი ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

უმრავლეს შემთხვევაში აგრარულ სექტორში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები დაპირისპირებისა და კონფლიქტის მიზეზი გახდა, რომლის დროსაც ყველაზე მეტი ზარალი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უცხოელ ინვესტორებს მიადგა, რამდენადაც ადგილობრივი თემი ხშირ შემთხვევაში მიწის ახალ კანონიერ მფლობელს, რომელმაც მიწა უმეტესად სახელმწიფო აუქციონზე კეთილსინდისიერად შეიძინა, არ აძლევდა საქმიანობის განხორციელების საშუალებას. კონფლიქტები რიგ შემთხვევებში მწვავე დაპირისპირებებში გადაიზარდა. მაგალითად, სოფელ დვანში მოსახლეობამ ინვესტორს დარგული ხეხილი ამოუთხარა და ორმოები მიწით ამოვუსო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივებმა ინვესტორის მიერ შემოღობილ მიწას ღობე შემოაცალეს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს.

"ოცნების" მთავრობის მიწის პოლიტიკა

ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა დროებით აეკრძალა და 2013 წლის 28 ივნისს დროებითი მორატორიუმი გამოეცხადებინა, რომელიც 2014 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდებოდა, მანამდე კი მთავრობას ექნებოდა შესაბამისი დრო გონივრული პოლიტიკის შემუშავებისთვის. ამისათვის შეიქმნა სპეციალური "მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო", რომლის ხელმძღვანელობაც იუსტიციის მინისტრს დაევალა.

2013 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიწაზე დაწესებული მორატორიუმის წინააღმდეგ შევიდა სარჩელი, რომლის ავტორიც ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გახლდათ. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ გასაჩივრებული ნორმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების განსხვავებულ რეჟიმს ადგენს საქართველოს მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით, რაც ეწინააღმდეგება საართველოს კონსტიტუციის 21-ე (საკუთრება, უფლება) და მე-13 მუხლებს (თანასწორობა, უფლება).

2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა საბოლოო განაჩენი და არაკონსტიტუციურად ცნო პარლამენტის გადაწყვეტილება მიწაზე მორატორიუმთან დაკავშირებით.

მთავრობა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ მოეხდინა იმ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც ეფექტურად დაარეგულირებდა არსებულ გამოწვევებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი წელიწადზე მეტია შევიდა პარლამენტში განსახილველად, დღემდე არ მომხდარა მისი სესიაზე გატანა. როგორც პარლამენტის პრესსამსახური აცხადებს, ამჟამად ცალკეული კომიტეტების მიერ ხდება აღნიშნული ინიციატივის განხილვა და კომიტეტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა, ამ კანონმდებლობის განხილვა უახლოეს მომავალშიც არ იგეგმება.

აღსანშნავია, რომ დღეისათვის საზოგადოების დამოკიდებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამას ადასტურებს ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2014 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით ნათლად გამოიკვეთა.

საქართველოს მოსახლეობის 55% ამართლებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე არსებული მორატორიუმი გაუქმდა, 24%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და მხოლოდ 20%-ია აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგი.

გვანცა ღვედაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"