"ხანდახან ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და მისი ქვეკონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლები ერთი და იგივე პირები არიან"
"ტენდერებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გამოყოფილი ათასობით ლარი ჰაერში ორთქლდება!" - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია"ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი. როგორ იფლანგება საბიუჯეტო სახსრები და რატომ არ ისჯებიან კორუფციული გარიგებებისთვის ჩინოვნიკები?! ამასთან დაკავშირებით ნატალია ხოხიაშვილი გვესაუბრა:
- რამდენიმე ტენდერი თავად შევისწავლე და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში კორუფციული გარიგებებისა და"ფულის მოხსნის" სქემები თვალსაჩინოდ გამოიკვეთა, რაც უნამუსო ჩინოვნიკებს ფულის კეთების საუკეთესო საშუალებას აძლევს.
სქემა #1 გულისხმობს, რომ ტენდერის პირობები და შესასრულებელი სამუშაოს პროექტი თავიდანვე უვარგისი იყოს! ეს საშუალებას იძლევა, შემსრულებელს დაუწუნონ სამუშაო და ტენდერი რომ ჩაბარებულად ჩაითვალოს,"ატკატი" გადაახდევინონ.
სქემა #2 გულისხმობს, მოკლე ვადაში ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებაზე ტენდერის რამდენჯერმე გამოცხადებას.
სქემა #3-ით კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შეუძლია დაიქირავოს ქვეკონტრაქტორი ფირმები და დაუდოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევებში არაადეკვატური თანხა იხარჯება ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისთვის. საგულისხმოა ის, რომ ხანდახან ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და მისი ქვეკონტრაქტორი ფირმების წარმომადგენლები ერთი და იგივე პირები არიან. გვაქვს ამის მაგალითებიც...
- გამოდის, საკუთარ თავს უფორმებენ ხელშეკრულებებს?
- დიახ, ასეა... წალკის რაიონში 25 მარტის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის დასაგებად გამოცხადებული იყო ტენდერი, რომლის ღირებულებაც 360.000 ლარამდე იყო. სამუშაო შპს"მეორე საგზაო სამმართველომ" ჩაატარა, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ჩაგელიშვილი იყო. ეს კაცი ამბობდა, რომ პროექტი თავიდანვე უვარგისი იყო და გადაკეთებას საჭიროებდა (არ იყო გათვალისწინებული სანიაღვრე სისტემა, რომ მოასფალტებული გზიდან წყალი არხებში გადასულიყო), გამოყოფილი თანხა კი ამ სამუშაოს შესრულებისთვისაც საკმარისი იქნებოდა... ამასთან, პროექტი არა მთელი ქუჩის, არამედ ნაწილის მოასფალტებას ითვალისწინებდა. ჩაგელიშვილი ღიად აცხადებს, რომ მას გამგეობიდან თანამდებობის პირები შეხვდნენ და"ატკატი" მოსთხოვეს. თანხმობა რომ ვერ მიიღეს, სამუშაო ჩაბარებულად აღარ ჩაუთვალეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გამგეობამ ძალიან მოკლე დროში ისევ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც 25 მარტის ქუჩის მოასფალტებას გულისხმობდა. გაიმარჯვა ფირმამ -"ნიუ კომპანი", რომლის წარმომადგენელიც გიორგი ლომიძე გახლავთ. ჩემი ინფორმაციით, ის გამგებლის მეგობარია. ლომიძემ ქვეკონტრაქტორ ფირმებთან დადო ხელშეკრულებები, სადაც სამუშაოს შესრულებისთვის არაადეკვატურად მაღალი ფასები გაიწერა. აუდიტის სამსახურმა ეს საქმეც შეისწავლა და დასკვნაში დაწერა:"ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის გადახდილსა და ქვეკონტრაქტორი ფირმებისთვის ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა 117.000 ლარია. შესრულებული სამუშაოს სავარაუდო ღირებულების გაანგარიშება კი გონივრულ გათვლებს არ ეფუძნება". გამოდის, ათასობით ლარი თვალსა და ხელს შუა ჰაერშია აორთქლებული. ასეთი ფაქტები სხვა რაიონებშიც უამრავია...
ეკა ასათიანი
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად