გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) ჭირით დაავადების ფაქტები გამოვლინდა და მომხმარებელი მისი შეძენისაგან დაცული არც სუპერმარკეტებში არ არის. როგორია შანსი იმისა, რომ დაავადებული ხორცი მსხვილი სუპერმარკეტების დახლებზე მოხვდეს და საერთოდ, რამდენადაა შესაძლებელი, რომ დაავადება ადამიანზე რამე გზით გადავიდეს. საკითხით ,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა.
როგორც მეცხვარეთა ასოციაციის წევრი ბექა გონაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ცხვრის ჭირი არის დაავადება, რომელიც არანაირი გზით არ გადადის ადამიანზე და მხოლოდ წვრილფეხა პირუტყვზე ვრცელდება.
,,არათუ ადამიანზე, მსხვილფეხა რქოსანზეც კი არ გადადის. თუ ასეთი გენიოსები არიან, ის მაინც ნახონ, როგორია ამ დაავადების გავრცელება, ან რა გამოვლინებები ახასიათებს მას. ეს ჭირი მხოლოდ მეცხვარეების თავს დამტყდარი პრობლემაა, რადგან ამის გამო, შესაძლოა, რომ ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის შესაძლებლობა შეგვეზღუდოს, რაც დიდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს”, - აღნიშნავს გონაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს მარკეტებში ცხვრის რეალიზება ისედაც ძალიან მცირე, მიზერული რაოდენობით ხდება და დამატებით კონტროლს გადის. შესაბამისად, ეს ხორცი არავითარ შემთხევევაში არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
"იმის მტკიცება, რომ დაავადებული ცხვრის ხორცი ხვდება მსხვილ მარკეტებში და ის საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ არის სრული სისულელე და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის განცხადება”, - აღნიშნავს მეცხვარეთა ასოციაციის წევრი.
,,ბიზნესპრესნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მსხვილ სუპერმარკეტებსაც დაუკავშირდა.
როგორც ,,სმარტის” პროდუქტის ხარისხის კონტროლის მენეჯერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ქსელში ხორცის მომწოდებლის შერჩევა მხოლოდ სპეციალური აუდიტის საფუძველზე ხდება.
,,დღესდღეობით მხოლოდ სამ მომწოდებელთან გვაქვს დადებული კონტრაქტი. მაღაზიაში მოხვედრამდე ხორცი დაავადების ნიშნების გამოსარიცხად ხარისხის კონტროლის რამდენიმე საფეხურს გადის. დამატებით კი, ,,სმარტის” ვეტერინარული სამსახური ხორცს სპეციალურ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ამოწმებს”, - აღნიშნა ხარისხის კონტროლის მენეჯერმა.
როგორც ,,გუდვილის” ხარისხის სამსახურის უფროსმა ლევან ჩიტეიშვილმა განაცხადა, მაღაზიათა ქსელში ხორცი სპეციალური სერთიფიკატის, ფორმა ორის თანხლებით შემოდის.
,,ჩვენს სუპერმარკეტს რაც შეეხება, მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ნებისმიერი ტიპის ხორცი დახლზე მოხვედრამდე დამატებით კონტროლს ვეტერინალურ-სანიტარულ ლაბორატორიაში გადის და მოწმდება. ალბათობა იმისა, რომ ჩვენს სუპერმარკეტში დაავადებული ხორცი შეიძლება გაიყიდოს, არ არსებობს”, - აცხადებს ლევან ჩიტეიშვილი.
ქრისტინე გამთენაძე