თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფო ბანკის ბაზაზე შეიქმნა.
თუმცა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში არსებობდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ერთი მმართველი და 9 პრეზიდენტი ჰყავდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტები
იასონ ლორთქიფანიძე
საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველი 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე. იასონ ლორთქიფანიძე ცნობილი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ძმა იყო.1918 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს რესპუბლიკამ საკუთარი ვალუტის შექმნაზე ფიქრი დაიწყო. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ 1919 წელს დროებითი გადახდის საშუალება - ქართული ბონი დაბეჭდეს. ქართული ვალუტის ემისიის უფლება იმ დროს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახლდათ, ამიტომ ქართულ ბონებზე დატანილია დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ფაქსიმილე. ქართულ ბონებზე გამოსახული იყო ქართული გერბი, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლო.
ქართული სახელმწიფო მუშაობდა ეროვნული ვალუტის შექმნაზეც, სახელიც მოფიქრებული ჰქონდათ, მას მარჩილი უნდა დარქმეოდა. ცნობილი მხატვარი ევგენი ლანსერე ხატავდა ერთ-ერთი ნომინალის ნიმუშს, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო მარჩილის გამოშვება არ დასცალდათ.
გია თოფურია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე.
1991 წელს გია თოფურია საქართველოს რუსპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იმავე წლის ოქტომბერში საქართველოს რესპუბლიკის ახლადშექმნილი ეროვნული ბანკის პირველ პრეზიდენტად გადაიყვანეს.
ვაჟა ჯინჯიხაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ვაჟა ჯინჯიხაძეს რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1991-1992 წლებში ის საქართველო-იტალიის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა, საიდანაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
ნოდარ კაკულია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1992 წლის აპრილიდან 1992 წლის ნოემბრამდე.
დემურ დვალიშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე.
დემურ დვალიშვილი 1994 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, შსს-ს დაკითხვაზე მისულმა მოიკლა თავი. ეროვნული ბანკიდან დემურ დვალიშვილის წამოსვლის შემდეგ, ინფლაციის დონემ ქვეყანაში 50-60%-ს მიაღწია, რაც ეროვნული ბანკიდან რამდენიმე ასეული მილიარდი კუპონის მოცულობის გაცემულ სესხებს უკავშირდებოდა, რომელსაც ძირითადად დეპუტატები და მაღალი თანამდებობის პირები, ან მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებდნენ.
სწორედ ამ დროიდან ხდება დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ოფიციალური აღრიცხვა. კუპონი მიმოქცევაში 1993 წელს გამოჩნდა, ის ინგლისში დაბეჭდეს.
1993 წლის განმავლობაში კუპონის კურსი დიდ რყევებს განიცდიდა და მკვეთრად უფასურდებოდა. რამდენიმე თვის განმავლობაში 1 დოლარის ღირებულება 5690 კუპონიდან 102300 კუპონამდე გაიზარდა.
კუპონები დროებითი გადახდის საშუალება იყო და არა - ეროვნული ვალუტა. რა თქმა უნდა, ისიც ჩვენი ფულის ისტორიის ნაწილია. 1994 წელს, როცა საქართველოში ჰიპერინფლაცია განვითარდა, სახელმწიფომ კუპონის მილიონიანი ბანკნოტიც კი მოჭრა. ლარის შემოღებისას სახელმწიფო კურსი იყო 1 მილიონი კუპონი 1 ლართან.
ნოდარ ჯავახიშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე.
ნოდარ ჯავახიშვილის მმართველობის პერიოდში მიმოქცევაში ჯერ კიდევ კუპონია და დოლარის მიმართ მისი გაუფასურების ტენდენცია ისევ გაგრძელდა. მაგალითად, 1994 წლის შემოდგომაზე 1 დოლარი 2 400 000 კუპონიც კი ღირდა.
1995 წელს მიმოქცევაში შემოდის ლარი და გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,3 ლარის ნიშნულზე აღინიშნა. ამ ფარგლებში მერყეობს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1996- 1998 წლებში.
ირაკლი მანაგაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე.
1998 წლის შემოდგომიდან, რუსეთის კრიზისის ფონზე ლარის კურსი გაუფასურებას იწყებს და ოქტომბერში ჯერ 1,40-იან ნიშნულს ცდება, წლის ბოლოს კი 1 დოლარის ღირებულება 2,10 ლარს აჭარბებს. 1999 წლის თებერვალში ლარი თავის პირველ ისტორიულ მინიმუმს აღწევს და 2,45 ლარიან ნიშნულს სცდება.
ირაკლი მანაგაძის პრეზიდენტობის დანარჩენ პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,70-2,20 ლარის დიაპაზონში მერყეობდა.
რომან გოცირიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე.
სხვადასხვა დროს რომან გოცირიძე იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ვიცე-პრემიერი ეკონომიკური რეფორმების დარგში და თბილისის საკრებულოს წევრი.
2006 წელს ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და 2007 წლის ბოლომდე 1 დოლარის ფასი 1,60-1,80 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
დავით ამაღლობელი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით.
2004 წელს დავით ამაღლობელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, შემდეგ კი ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
2008 წლის აგვისტოში ლარის კურსი 1,39 ლარამდეც კი გამყარდა, შემდეგ კი მცირე ბიჯებით 1,70 მდე გაუფასურდა.
გიორგი ქადაგიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2009 წლის 26 თებერვლიდან დღემდე.
2009 წლის 26 თებერვალს, როცა ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა, 1 დოლარი 1,67 ლარი იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ლარმა გაუფასურების ისტორიული მინიმუმი "გააუმჯობესა" და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,45-იან ნიშნულს მნიშვნელოვნად გასცდა.
ემა ტუხიაშვილი