კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს.
სამწუხაროდ, 800 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის ქართული უნივერსიტეტი წელსაც ვერ მოხვდა.
Times Higher Education (THE)-ის 2015 წლის ყოველწლიურ რეიტინგში ზედიზედ მეოთხე წელია პირველ ადგილზეა კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენაში მდებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლშიც 2,200 სტუდენტი იღებს განათლებას. ლონდონური გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა სწორედ 4 წლის წინ წაართვა პირველობა ჰარვარდს, რომელიც წლევანდელ რეიტინგში მხოლოდ მეექვსეა,
რაც შეეხება რეიტინგის მეორე პოზიციას, მას ოქსფორდის უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც 1096 წელს დაარსდა. მესამეზე გავიდა ამერიკის ტექნოლოგიური ტალანტების დიდი ინკუბატორი სტენფორდი, რომელიც ერთი საფეხურით დაწინაურდა. მას მოყვება კიდევ ერთი ბრიტანული უნივერსიტეტი კემბრიჯი. ხუთეულს ასრულებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
2015 წლის რეიტინგის ოცეულში აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკულ უნივერსიტეტებს უკავიათ - 14. დიდი ბრიტანეთი 4 უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი, თითო უნივერსიტეტით კი შვეიცარია და კანადა.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს რეიტინგში, აღსანიშნავია რომ 200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მხოლოდ ორი სასწავლებლით მოხვდა იაპონია (ესენია ტოკიოსა და კიოტოს უნივერსიტეტები), რომელიც გასული წლის რეიტინგში 5 უნივერსიტეტით იყო წარმოდგენილი. 200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტიც.
THE-ს რეიტინგი 13 სხვადასხვა კრიტერიუმს მოიცავს, მათ შორის არის სწავლება, კვლევა, ცოდნის გაზიარება და ”საერთაშორისო ხედვა”.
კოკა კვირკველია