"მესამე მევახშემ ჩემი ბინა სულ რაღაც 2.800 ლარად შეიძინა"
"ჯერჯერობით ერთი ახალი წესი ამოქმედდა, პოლიციური გამოსახლება შეწყდა და აღსრულების უფლება სააღსრულებო ბიუროს გადაეცა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?!"
იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება და არაერთხელ გამხდარა ტრაგედიის საფუძველი. ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც ბინიდან გამოსახლება ელის, თავის დაწვით იმუქრება. რა თაღლითური სქემით ართმევენ იპოთეკაში ჩადებულ ქონებას, ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" დაზარალებულთა ადვოკატი ხათუნა დადიანი ესაუბრა:
- სქემა ასეთია: საქმეში აუცილებლად ფიგურირებს შუამავალი, რომელიც ბინის მფლობელს მევახშესთან აკავშირებს. ამისთვის ბინის მეპატრონე შუამავალს - საშუამავლოს, პირველი თვის პროცენტს კი მევახშეს აძლევს. ჯამში იპოთეკური სესხით მიღებული თანხის 10%-ს იქვე ტოვებს. ამასთან, მევახშე ბინის მეპატრონეს ხელშეკრულებას 1-3 თვით და გაგრძელების სიტყვიერი დაპირებით უფორმებს. საქმე ის არის, რომ მევახშემ კარგად იცის, როგორც წესი, კლიენტი ფულს ამ ვადებში ვერ დააბრუნებს და ამით ისედაც "გაწეწილ" კლიენტს ხაფანგში აბამს... ამის შემდეგ ბინის მესაკუთრე ყოველთვიურ პროცენტს უხდის არა მევახშეს, არამედ შუამავალს, რაც ხშირად ოფიციალურად არ დასტურდება. ესეც აფერის ნაწილია. კანონით, მევახშე ვალდებულია იპოთეკის ხელშეკრულება საგადასახადო სამსახურს წარუდგინოს და არ დაუმალოს ყოველთვიური მოგება, საიდანაც 15%-ის გადახდა ეკუთვნის. ამას რომ თავი აარიდოს, შუამავლის მომსახურებით სარგებლობს და კლიენტს ხელშეკრულებას ისე უფორმებს, რომ ეს ვალდებულება უგულებელყოფილია. სამწუხაროდ, არც კლიენტი წარადგენს ხელშეკრულებას საგადასახადო სამსახურში. ბევრმა არც იცის, რომ ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმია. ზოგს კი ისე უჭირს და ეჩქარება სესხის აღება, რომ კაბალურ პირობებსაც თანხმდება. შედეგი კი სავალალოა, ხშირად მესაკუთრე ვერ ამტკიცებს, რომ პროცენტს იხდიდა, რადგან შუამავლისთვის გადახდილი პროცენტები ოფიციალურად არ აისახება. მევახშე და შუამავალი კი უტიფრად უარყოფენ, რომ ბინის მესაკუთრეს პროცენტები გადახდილი აქვს...
ამასთან, თუ მესაკუთრეს სასესხო ვადის გაგრძელება სურს, როგორც აღვნიშნე, ეს სიტყვიერი დაპირებით ხდება. მერე კი უცებ "აღმოჩნდება", რომ მევახშეს ფული სასწრაფოდ სჭირდება და მესაკუთრეს აიძულებს, იმავე ბინაზე ხელახალი იპოთეკა გააფორმოს უკვე სხვა მევახშესთან, რომელიც ასევე ამ თაღლითური ჯგუფის წევრია. ხელახალი სესხის გაფორმებისას მესაკუთრე კიდევ უფრო მეტ ვალს იღებს, რასაც იმ დღესვე ემატება გაწეული მომსახურების, საშუამავლოსა და ე.წ. პირველი თვის პროცენტის ფულიც. ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, მევახშეები მოვალეს ისევ "აწვებიან" და ათასობით დოლარის დაბრუნებას ერთბაშად სთხოვენ. უარის შემთხვევაში კი მათთან შეკრულ ნოტარიუსს ვალის დაფიქსირებას სთხოვენ. ნოტარიუსი გამოწერს სააღსრულებო ფურცელს, რაც სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყების წინა პირობაა. ნოტარიუსი არ ამოწმებს მესაკუთრესთან, რამდენი თვის განმავლობაში იხდიდა პროცენტს, მევახშისგან მითითებულ თანხაზე ადგენს აქტს და აღსრულების ფურცელს გასცემს. ამის შემდგ ჩვენ სააღსრულებო საქმის შეჩერებას ვითხოვთ. შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი და თუკი ოფიციალურად ვადასტურებთ, რომ მესაკუთრეს გადახდილი აქვს პროცენტები, შედეგს ვაღწევთ, თუ ვერ ვადასტურებთ, ბინა აუქციონზე იყიდება.
ირინე მღვდელაძე, იპოთეკით დაზარალებულთა კავშირის ხელმძღვანელი: - მე ის ქალი ვარ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბენზინი რომ გადაისხა და თავის დაწვა სცადა. სიკვდილის არც ახლა მეშინია, მინდა ყველას მივაწვდინო ხმა, რომ ჩვენ, ათასობით ადამიანი, მევახშეების, საშუამავლო ფირმების, ნოტარიუსებისა და მათი მფარველი ჩინოვნიკების დანაშაულებრივ სქემებს ვეწირებით. წინა ხელისუფლების დროს ვანო მერაბიშვილის მამიდა, მზია ნათენაძე, მევახშეობდა. ახლა იმავეს ამჟამინდელი ჩინოვნიკების დედები ან სიდედრები აგრძელებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ მევახშეს 300-400 ბინა ჰქონია გადაფორმებული და არც მოგების გადასახადი გადაუხდია და არც ჩვენ მიერ გადახდილი პროცენტებიდან შემატებია რამე ბიუჯეტს.
- თავად რა შეგემთხვათ?
- ჩემი სამოთახიანი ბინა მუხიანში თაღლითებს შეეწირა. ჩემი ვაჟი შპს "სადისტრიბუციო ქსელ "თბილისში" მუშაობდა. მისმა ხელმძღვანელმა, დავით ღუდუშაურმა, ჩემს შვილს ბინა ჩაადებინა, ეუბნებოდა, ერთ თვეში დავიხსნი, იმ ფულით კი ბიზნესს გავაფართოებო. ამ კაცმა სხვა თანამშრომლებსაც ასე დააგირავებინა ბინები და თავის ბიზნესპარტნიორსაც დიდი ფული დაადო ვალად. საქმეც აღიძრა, ღუდუშაური დააკავეს, მაგრამ თაღლითის მამა გვთხოვდა, ჩემი შვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებას ხელი არ შეუშალოთ და თქვენს კუთვნილ თანხას დაგიბრუნებთო. 4.000 დოლარი მოგვცა, დანარჩენის მოცემას კი დაგვპირდა, თუმცა... ეს ფული თაღლით ღუდუშაურთან შეკრულმა მევახშემ (რომელსაც ჩვენი ბინა იპოთეკით ჰქონდა დატვირთული) წაიღო, გვითხრა, ბინის გამოხსნას ფული სჭირდება და პროცენტებიც გადასახდელიაო. მოიყვანა სხვა მევახშე და იძულებული გაგვხადა, ხელახალი იპოთეკური სესხის გაფორმებაზე მოგვეწერა ხელი. ფული კი თვითონ აიღო. ხელშეკრულება ერთთვიანი იყო, თვის ბოლოს გაგრძელების სიტყვიერი პირობით... ცხადია, თვის ბოლოს ვერც ბინა გამოვისყიდეთ და ვერც შემდეგი თვის პროცენტი გადავიხადეთ... ღუდუშაური ციხიდან 6 თვეში გამოვიდა და სადღაც გადაიკარგა... ამის შემდეგ კიდევ ერთი მევახშის ჩანაცვლებამ მოგვიწია, რათა დაგროვილი პროცენტი დაგვეფარა და უკვე 29.000 დოლარად ჩავდეთ ბინა, ფული კი ამჯერად მეორე მევახშემ წაიღო... საბოლოოდ ჩემი ბინა 2015 წლის 14 იანვარს აუქციონზე გაიყიდა. მესამე მევახშემ სულ რაღაც 2.800 ლარად იყიდა. ვიცი, ყოფილი პროკურორის, დათო საყვარელიძის ფულით შეიძინა.
- რა იცით?
- მევახშემ მითხრა, ეს ფული დათო საყვარელიძის არისო, მაგრამ ამას როგორ დავამტკიცებ?! ბინიდან მაინც არ გავსულვართ. ახლა 7 სული ვცხოვრობთ. ორი გაზის ბალონი გამზადებული მაქვს და თუ ვინმე ძალით დამიპირებს გაყვანას, თავს დავიწვავ...
აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე ირკვევა, რომ 147 ათასი მოქალაქის იპოთეკაში ჩადებული ქონება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. აქედან 75 ათას ადამიანს უკვე დაკარგული აქვს საკუთრება.
ჩვენ შევქმენით იპოთეკით დაზარალებულთა, უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა კავშირი, რომელიც ხალხს უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ხელისუფლებას კი გამოსავალს სთავაზობს. სახელმწიფოს შეუძლია შექმნას სააგენტო, რომელიც ჩვენს ბინებს ან თავად გამოისყიდის, ან ინვესტორს მოიზიდავს (ეს დაახლოებით 150 მილიონი ჯდება), შემდეგ კი საშუალებას მოგვცემს, თანხა 15-20 წელზე გადანაწილდეს და კომუნალურ გადასახადებს მიებას. ვესაუბრეთ რამდენიმე დეპუტატს, ბანკის წარმომადგენლებსა და სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს, თუმცა ეს თემა ვერ დაიძრა. ჯერჯერობით პოლიციური გამოსახლება შეწყვეტილია და აღსრულების უფლება სააღსრულებო ბიუროს გადაეცა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?!
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი ჩემი კლასელია, ჭორვილაში ერთად ვსწავლობდით. ერთხელ შევხვდი კანცელარიასთან და წერილი გადავეცი. დახმარებას დაგვპირდა და სწორედ ამის შემდეგ შევხვდით ხელისუფლებისა და ბანკების წარმომადგენლებს, რასაც დიდი შედეგი არ მოჰყოლია.
- მერე მის სახლთან რომ იწვავდით თავს, რეაქცია არ ჰქონდა?
- დაცვა მომიგზავნა და მიმიპატიჟა. მაშინ სულელურად მოვიქეცი და შეხვედრაზე უარი ვთქვი. ვიფიქრე, ამ შეხვედრით მხოლოდ ჩემი პრობლემა მოგვარდებოდა, ჩემ უკან კი ათასობით გაუბედურებული ადამიანი იდგა და მათი მომერიდა... ახლა ვნანობ, ისევ რომ მომეცეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შანსი, ხელიდან აღარ გავუშვებ.
განაჩენი - გამოსახლება!
ყველას ახსოვს, როგორ სცადა თავის დაწვა იპოთეკით დაზარალებულმა ციცინო ხარაბაძემ, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამ ტრაგედიის ამსახველი სურათები კი დღესაც თავზარს გვცემს. ფოტოების გამოქვეყნებას შეგნებულად ვარიდებთ თავს, რადგან მიგვაჩნია, რომ შემზარავი და არაეთიკურია. ბინიდან გამოსახლების გამო თავის მოკვლა სცადა მოქალაქე ვაჟა წითაშვილმაც - დანა გულში ჩაირტყა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს...
რა თანხას კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტი?!
იპოთეკით დაზარალებულთა ინფორმაციით, კერძო მევახშეთა მოგებამ ამ უკონტროლო ბიზნესში უკანასკნელი 9 წლის მანძილზე 100 მილიონ ლარს მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქედან მევახშეებს სახელმწიფოსთვის 15% მოგების გადასახადი უნდა გადაეხადათ, გამოდის, ბიუჯეტს ამ 9 წლის განმავლობაში მინიმუმ 15 მილიონი ლარი დააკლდა. დაზარალებულთა ადვოკატ ხათუნა დადიანის მტკიცებით, ფინანსურ პოლიციაში უკვე მოქმედებს სპეციალური განყოფილება, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს.
ეკა ასათიანი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"