საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძის თქმით, 2016 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტამდე დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის 7 ათასზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, მათ შორის ათასამდე პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის დროს მძღოლი 200 ლარით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ საავარიო ვითარებას ან საცობს ქმნის.
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს ამკრძალავი ნიშნების "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.
"მოქმედი კანონმდებლობით, უფრო მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული, როდესაც ზემოაღნიშნული დგომა-გაჩერების წესების დარღვევას მოჰყვება საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რამაც საცობი გამოიწვია. ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
"მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, დამრღვევი შეიძლება გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და უფლებამოსილი პირი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მძღოლთა მიერ დგომა-გაჩერების წესების უგულებელყოფის შემთხვევები, რაც გამოიხატება სატრანსპორტო საშუალების გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლში გაჩერებით.
"იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და, შესაბამისად, მოძრაობის ინტენსივობის ზრდას, ამგვარ შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს საგზაო მოძრაობას და ქმნის მისი პარალიზების მაღალ რისკს. აღნიშნული გარემოებების გამო, შსს-ს საპატრულო პოლიცია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იძულებულია გაამკაცროს ადმინისტრირება დგომა-გაჩერების ისეთ დარღვევებზე, რომლებიც იწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებასა და ე.წ. საცობის შექმნას", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე "რეზონანსთან" საუბრისას 200-ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით აცხადებს, ჯარიმა მკაცრია მაგრამ სამართლიანი. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დგომა-გაჩერების დარღვევაზე ათასამდე 200-ლარიანი ჯარიმაა გამოწერილი.
დაჯარიმების მიზანი ადამინის ცნობიერებაზე მოქმედი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც აიძულებს ადამიანს, შემდგომში მსგავსი დარღვევა აღარ გაიმეოროს. თუ ადამიანს უნდა, რომ მანქანა გზის მეორე რიგში გააჩეროს, თავად გადავიდეს მანქანიდან და შეიქმნას საცობი, ეს არ გამოვა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის აღსრულება არის ერთი საქმე, მეორეა ის, რომ ადამიანი არ აღრვევდეს საგზაო მოძრაობის წესებს, ანუ მაღალი საგზაო კულტურა გააჩნდეს.
პატრული ახლა ებრძვის შედეგს და არა მიზეზს. შედეგი კი დაბალი საგზაო კულტურაა, მე მხედველობაში მყავს ის ადამიანები, რომლებსაც დემონსტრაციულად, მაგალითად, სკოლასთან მეორე რიგში ჰყავთ გაჩერებული მანქანა და სანამ შვილს სკოლაში არ დააბინავებს, მანამდე მანქანას ადგილიდან არავითარ შემთხვევაში არ დაძრავს. აი, ამაზეა საუბარი.
25 თებერვლიდან დაიწყო ადმინისტრირების გამკაცრება. 25 თებერვლიდან 2 მარტამდე დგომა-გაჩერების დარღვევაზე 7500-მდე ჯარიმა არის გამოწერილი, ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. აქედან ათასამდე მძღოლს 200-ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი, დანარჩენი კი სიტყვიერი გაფრთხილება და 10-ლარიანი ჯარიმებია.
"არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ეს არის ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც შეცვლის გზებზე არსებულ სიტუაციას. კიდევ ვიმეორებ, რომ სანამ ევროპული ყაიდის ავტოსკოლები არ შეიქმნება, სადაც იქნებიან მაღალი რანგის ინსტრუქტორ-პედაგოგები და სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებში აკრედიტებული ინსტიტუტები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა ინსტრუმენტითა და ცოდნით აღჭურვილ მძღოლებს არ მოამზადებენ, მანამდე არაფერი გვეშველება.
"ბოლო დროს თბილისში გავრცელდა ხმა, რომ პატრული არავის აღარ ინდობს. მე შევასწორებდი ამ გამოთქმას, რომ კანონი აღარ ინდობს არავის. როდესაც კანონი თითოეული მოქალაქისთვის არის თანაბარი, ანუ გამგებლის მოადგილე იქნება, რომელიმე პარლამენტარის თუ გუბერნატორის მძღოლი, შავ ჯიპზე ამხედრებული ვიღაც ცნობილი სახე თუ რიგითი მოქალაქე და კანონი თანაბრად მიუდგება ყველას, დამერწმუნეთ, რომ საშიში არაფერი არის", - აცხადებს შალვა ოგბაიძე.
გვანცა ღედაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"