ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში გამაგრილებელი სასმელები იყიდება. ნივთიერებები, რომლებსაც გემოსა და ფერის მისაცემად იყენებენ, უამრავ დაავადებებს იწვევს.სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით საშიშია ტარტრაზინი, ასპარტამი, ბეტა-კაროტენი და ა.შ. რომლებიც ადამიანის ფსიქიკას არღვევს და ამასთანავე, იწვევს სიმსივნეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ზოგიერთ ქვეყანაში მათი გამოყენება აკრძალულია, ზოგან კი დაწესებულია სპეციალური ნორმები. საქართველოში კი ვინ რა დოზით იყენებს მავნე დანამატებს, უცნობია. ლაბორატორიულ კვლევას არავინ ატარებს.
ასპარტამი, ტარტრაზინი, ბეტა-კაროტენი, სუკრალოზა აზორუბინი - ეს იმ ნივთიერებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქართული გამაგრილებელი სასმელები შეიცავს და ეს ყველაფერი ბოთლზე მიმაგრებულ ეტიკეტზეა დატანილი. ზოგიერთი მწარმოებელი ეტიკეტზე დანამატის შესახე ინფორმაციას მხოლოდ ლათინური ნუმერაციით აწერს, მაგალითად E160a, ზოგიერთი კი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ გამაგრილებელი სასმელი წყალს და შაქარს შეიცავს. ბოლო ორ შემთხვევაში მომხმარებლისთვის გაურკვეველი რჩება, თუ რას მიირთმევს, თუმცა იმის გამო, რომ ყველა სპეციალისტი არ არის, ბოლომდე გაშიფრული ეტიკეტიც არაფრის მთქმელია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ბევრი გემოსა და ფერის მიმცემი ნივთიერებები, რომლებიც გამაგრილებელ სასმელებში გამოიყენება, ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასევე მავნეა მადის მომგვრელი სხვადასხვა პრეპარატებიც.
ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის თქმით, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შაქრის შემცვლელები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებსა და საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამებს უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მათ ყოფენ 2 კატეგორიად: სინთეზურ და ბუნებრივ შაქრის შემცვლელებად. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საქარინი, ასპარტამი, ციკლამატი.
მაგალითად ასპარტამი, რომელსაც ქართველი მწარმოებლები იყენებენ, არაკალორიული დამატკბობელია, რომელიც შედგება ბუნებრივი ამინმჟავების (ასპარგინის მჟავა, ფენილალინი) ნაშთებისგან. იგი ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით: ნუტრისვიტი, სვიტლი, სლასტილინი, სუკრაზიდი და გამოიყენებენ 5000-ზე მეტი დასახელების პოდუქტის (უალკოჰოლო სასმელები, საღეჭი რეზინები და ა. შ.) დასამზადებლად.
დადგენილია, რომ ასპარტამის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თავის ტკივილს, გულის აჩქარებას, თავბრსხვევას, ღებინებას, საჭმლის მონელების დარღვევას, ხმაურს ყურებში, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას. 30 გრადუსამდე ტემპერატურამდე გაცხელებით იგი იშლება მეთანოლად. რამაზ გახოკიძის თქმით, აშშ-ში გავრცელდა გაფანტული სკლეროზის ეპიდემია. მეთანოლით მოწამვლა იწვევს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. ხშირად მეთანოლით მოწამვლა ეშლებათ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზში.
"ასპარტამით მოწამვლის შედეგად მრავალი მსხვერპლი დარბმავდა. მისი დაშლით გამოყოფილი მეთანოლი თვალის ბადურაში გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად - უძლიერეს კანცეროგენად, რომელიც ცხოველებში იწვევს ტვინის კიბოს. ფორმალდეჰიდი კლასიფიკაციით მიეკუთვნება იმავე ჯგუფს, რომელსაც მიეკუთვნება დარიშხანი და ციანწყალბადმჟავა - სასიკვდილო შხამები! ასპარტამი წარმოადგენს ნევროლოგიურ დაავადებათა განვითარების მიზეზს. იგი ცვლის ქიმიურ ნივთიერებათა შემცველობას ტვინში, კერძოდ, იწვევს დოფამინის დონის ცვლილებას.
წარმოიდგინეთ, თუ რა ზიანს მიაყენებს ასპარტამი პარკინსონით დაავადებულ ავადმყოფს. იგი განსაკუთრეით დიაბეტიკებისთვის არის საშიში. მისი გავლენით სისხლში შაქრის დონე არაკონტროლირებადი ხდება, რის შედეგადაც მრავალი პაციენტი კომაში ვარდება და კვდება. შეიმჩნევა ასევე მეხსიერების მკვეთრი დაკარგვის შემთხვევები, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ასპარგინის მჟავა და ფენილალანინი ცილის წარმომქმნელი სხვა ამინმჟავების არარსებობის შემთხვევაში, ნეიროტოქსიკურია. ფენილალანინი გროვდება თავის ტვინის სტრუქტურებში, რაც იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. ტვინის სიმსივნეში აღმოჩენილ იქნა ასპარტამის მაღალი შემცველობა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას რამაზ გახოკიძე.
საგულისხმოა ისიც, რომ ასპარტამში 200-ჯერ ტკბილია შაქარზე და მასზე ბევრად იაფია, მაშასაამე, ეკონომიურად ხელსაყრელია. ასპარტამს იყენებენ წონაში დასაკლებადაც, თუმცა იძლევა საწინააღმდეგო ეფექტს, რადგან ასპარაგინის მჟავა ამგზნებად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ძლიერდება მადა და მიღებული საკვების რაოდენობის კონტროლი რთულდება.
რამაზ გახოკიძის თქმით, მადაზე მოქმედებს ასპარტამის მეორე ელემენტი - ფენილალანინი, რომელიც აქვეითებს თავის ტვინში სეროტონინის (ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს თავის ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსების გადაცემაში) დონეს. სეროტონინის ძირითადი ფუნქციაა განწყობილების ამაღლება, რომლის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს დეპრესიას, პანიკაში ჩავარდნას, ძალადობას.
"ასპარტამის შემცვლელი ნივთიერებების მომხმარებლებს აღენიშნებათ ფიბრომიალგიის, სპაზმების, კრუნჩხვების, გამჭოლი ტკივილების, თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, დეპრესიის, სახსრების ტკივილის, ყურებში შუილის სიმპტომები, უშეშდებათ ფეხები, უუარესდებათ მხედველობა, შეიმჩნევა მეხსიერების დაკარგვა, უმიზეზო მოუსვენრობა. იმ ქვეყნებში, სადაც ასპარტამი აიკრძალა მრავალი სიმპტომი გაქრა (მხედველობისა და სმენის აღდგენა, ყურებში ხმაურის გაქრობა და ა.შ.)", - აღნიშნავს პროფესორი.
გარდა ასპარტამისა, ქართულ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ გამაგრილებელ სასმელებში ხშირად გამოიყენება სინთეზური საღებავები, მათ შორის, ერთერთია ტარტრაზინი (E102, ყვითელი საღებავი). რამაზ გახოკიძის თქმით, ეს ნივთიერება განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, იწვევს ალერგიას, კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობისა და ძილის დარღვევას. იგი კანცეროგენია.
სინთეზური საღებავია აზორუბინი (E122, წითელი საღებავი), რომელიც იწვევს ყურადღების გაფანტვას ბავშვებში, ზრდის კიბოს წარმოქმნის ალბათობას, იწვევს ღვიძლის, თირკმლებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, მარილების დაგროვებას. აღნიშნულ საღებავებს იღებენ ქვანახშირის ფისისგან.
პატენტ ბლუ V (E131, მწვანე საღებავი) იწვევს ასთმას, ალერგიას, ჰიპერაქტიურობას (განსაკუთრებით ბავშვებში), ჭინჭრის ციებას, ანაფილაქსიას, უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე.
საშიშია ბუნებრივი წარმომშობის საკვებდანამატი ბეტა-კაროტინი (E160), რომლის მოხმარება დღე-ღამეში 30 მილიგრამის რაოდენობით, ზრდის ფილტვებისა და პროსტატის კიბოს რისკს მწეველებში.
"აღნიშნული სინთეზური საღებავები აკრძალულია აშშ-ში და ევროკაშვირის ქვეყნებში. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მათ კვლავ იყენებენ", - აცხადებს გახოკიძე.
საკვებდანამატებთან ერთად, ჯანმრთელობისთვის საშიშია პლასტმასის ბოთლებიც. რამაზ გახოკიძის ინფორმაციით, მათში მოთავსებული სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა 24 520 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება. ერთ-ერთი მათგანია ბისფენოლ-A. აშშ-ში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გამოკვლეულ პირთა (ბავშვები და ფეხმძიმე ქალები) შარდის 95% შეიცავდა ფენოლ-A-ს, რომელიც იწვევს ნაადრევ სექსუალურ მომწიფებას, ხოლო მამაკაცებში - სექსუალურ დარღვევებს:
"იგი, გარდა ამისა, აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას, ფარისებრ ჯირკვალს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მას შეუძლია სიმსუქნის, ჰიპერტონიის, დიაბეტის და ადრეული სქესობრივი მომწიფების გამოწვევაც", - ამბობს რამაზ გახოკიძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით აშშ-ში და ევროკავშირში გამაგრილებელ სასმელებში ზოგიერთი საკვებდანამატის გამოყენება აკრძალულია, ზოგან კი სპეციალური ნორმებია დაწესებული. საქართველოში საშიში დანამატების ნაწილს ისევ იყენებენ, დოზირების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია.
როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა აცხადებს, საქართველოში აღნიშნული ნივთიერებები აკრძალული არ არის. მთავარი ის არის, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე იყოს დატანებული.
"აუცილებელია, რომ ინფორმაცია დატანილი იყოს ეტიკეტზე, მაგრამ თუ არაა ინფორმაცია, ამ სასმელს მაინც ვერ შევამოწმებთ, ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ სპეციალური აკრედიტებული ლაბორატორია არ არსებობს. რაც შეფუთვაზე აწერია, ისიც არ ვიცით მართალია თუ არა. ახალ ევროპულ ნორმებზე როდესაც გადავალთ, ლაბორატორიები იძულებულები იქნებიან, რომ ამ დანამატების შემოწმებაც დაიწყონ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლია თოდუამ.
ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"