გამორიცხული არ არის, შაქრის ფასმა 2 ლარს მიაღწიოს. პროდუქტის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებითაა განპირობებული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასმა ერთ თვეში 30%-ით, ხოლო ნახევარ წელიწადში თითქმის 45%-ით მოიმატა. დღეის მდგომარეობით ბირჟებზე 1 ტონა შაქრის ყიდვა 463 დოლარადაა შესაძლებელი. ზუსტად 1 თვის წინ ეს მაჩვენებელი 368 დოლარს შეადგენდა. სექტემბრიდან მოყოლებული, პროდუქტი 135 დოლარით გაძვირდა.
რაც მთავარია, ტენდენცია გრძელდება და ის ადეკვატურ გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს. დღესდღეობით საქართველოს საბითუმო ბაზარზე 1 ტომარა შაქრის ფასი 75 ლარია. საქმე იქითკენ მიდის, რომ იგი 80-85 ლარამდეც შეიძლება გაძვირდეს, ხოლო 1 კგ შაქრის ფასი 2 ლარამდეც ავიდეს, რასაც იმპორტიორებიც ადასტურებენ.
საფასო ტენდენცია მხოლოდ მზარდია. "იაფი შაქარი", რითაც წამყვანი სუპერმარკეტები დროდადრო გვანებივრებდნენ, ბაზარზე აღარ გაიყიდება.
შაქრის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის "ლუქსი 2004"-ის გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ფიქრობს, რომ ფასზე ერთადერთ სასიკეთო გავლენას ლარის კურსი მოახდენს. ეროვნული ვალუტის გამყარების შემთხვევაში, შესაძლოა, ამით პროდუქტის მასშტაბური გაძვირება თავიდან ავიცილოთ, მაგრამ სხვაობა ფასში მაინც არ იქნება მცირე.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შაქარი გაძვირდა და სუპერმარკეტებმაც აქციები შეაჩერეს, ფასზე საერთაშორისო ფაქტორი ჯერ არ ასახულა. ბროძელის ინფორმაციით, მინიმუმ ერთი თვეა საჭირო, რომ ქართველ მომხმარებელს პროდუქტი გაუძვირდეს.
"შაქრის საერთაშორისო ფასი ადგილობრივ ბაზარზე სათანადოდ ჯერაც არ ასახულა. დაახლოებით თვენახევარში, სულ მცირე ერთ თვეში, ფასში მკვეთრი სხვაობა გვექნება. ვფიქრობ, შაქარი 2 ლარამდეც გაძვირდება. შესაძლოა, ლარის გამყარებამ ფასი მეტ-ნაკლებად დაასტაბილუროს, მაგრამ სავალუტო კურსი საერთო გაძვირების პროცესს ვერ შეაჩერებს.
საერთაშორისო ბაზრისთვის შაქრის ბიზნესი საკმაოდ რთული თემაა. პროდუქტის გაძვირებას მხოლოდ მოსავლის დეფიციტი არ განაპირობებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ბაზარი მთელ მსოფლიოში მონოპოლიურია და ამ ფაქტორსაც ხშირად ნეგატიურად იყენებენ. ქართველი მომხმარებლისთვის ერთადერთი შეღავათი შეიძლება იყოს ლარის კურსი. თუ ეროვნული ვალუტა სამომავლოდაც გამყარდება, შაქრის გაძვირება მტკივნეული არ იქნება", - განმარტავს გურამ ბროძელი.
"ქუალითი შუგარის" ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ალხან ალიზადე შაქრის მოსალოდნელ გაძვირებას ადასტურებს, თუმცა ფასში მნიშვნელოვან სხვაობას არ ელოდება. ალიზადე ფიქრობს, რომ ლარის გამყარება ღირებულებას მეტ-ნაკლებად დაასტაბილურებს.
"ლარის კურსმა შაქრის ფასზე დიდი გავლენა იქონია. ფაქტობრივად, ჩვენი კომპანიაა პირველი, რომელმაც ამ შემთხვევით ისარგებლა და ფასი დასწია. ამ რამდენიმე დღის წინ 1 ტომარა შაქარი 2,40 ლარით გავაიაფეთ, თუმცა ისიც ცხადია, რომ არსებულ ფასს დიდხანს ვერ შევინარჩუნებთ. საერთაშორისო ბაზარზე პოდუქტი ბოლო პერიოდში მუდმივად ძვირდება და ცვლილებები აქაც გვექნება.
სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ტენდენცია დიდხანს გაგრძელდეს. მწარმოებელ ქვეყნებში ისეთი არაფერი ხდება, რომ შაქარი მომხმარებელს მკვეთრად გაუძვირდეს. გარკვეულ შეღავათს გაგვიწევს ლარის გამყარებაც. იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ვალუტა პოზიციას სამომავლოდაც გაიუმჯობესებს და შაქრის ფასი მნიშვნელოვნად არ აიწევს", - აცხადებს ალხან ალიზადე.
თბილისის სუპერმარკეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შაქრის მორიგი გაძვირების შიშით, რეალიზაციაც არის გაზრდილი. მათი თქმით, გაყიდვის მაჩვენებელი ამ ეტაპზეც მაღალია. მოქალაქეები შეძლებისდაგვარად თადარიგის წინასწარ დაჭერას ცდილობენ, თუმცა ამის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს.
სუპერმარკეტ "ჯიელ"-ის ერთ-ერთი ქსელის ადმინისტრატორის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ფასი პერიოდულად იზრდებოდა. ბოლოს გარკვეული დროით შენარჩუნდა, თუმცა "დაბალმა ნიშნულმა" დიდხანს ვერ იმუშავა. ახლა კი, არ არის გამორიცხული, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდეს, თუმცა ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება.
"შაქრის ფასი რყევას ხშირად განიცდის. არ გამოვრიცხავთ, ფასის კორექტირება მომავალშიც მოხდეს. პროდუქტის ღირებულება აქ ანალოგიურია, რაც სხვა სავაჭრო ქსელებში (ზოგ შემთხვევაში, ცოტა იაფიც კი), მაგრამ ამის მიუხედავად, მომხმარებლის აქტიურობა არ შენელებულა.
არ გამოვრიცხავ, შაქრის ფასმა მომავალში ცოტა მოიმატოს, მაგრამ საეჭვოა, ფასმა 2 ლარს გადააჭარბოს. მოსახლეობისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება. ამიტომ კომპანიებმა ზრდის ტენდენციის შეჩერება უნდა შეძლონ. ჯერჯერობით არსებული ვითარება საგანგაშო არ არის, მთავარია, ძალიან არ გაძვირდეს", - ამბობს სუპერმარკეტის წარმომადგენელი.
გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრეები ადასტურებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში შაქარი 15-20 თეთრის ფარგლებში გააძვირეს.
"შაქარზე მოთხოვნა, წინა თვესთან შედარებით, გააქტიურდა. 1 კილოგრამს 1,50 ლარად ვყიდით, ხოლო 1 ტომარა შაქრის ფასი 75 ლარია. ადრე ნაკლებიც ღირდა, მაგრამ ეს რეალიზაციაზე დიდად არ ასახულა. როგორც ჩანს, ხალხი პროდუქტის გაძვირებას არ ელოდა.
შაქარი პირველადი მოთხოვნის პროდუქტია და მომხმარებელი ნებისმიერი ფასის შემთხვევაში შეეცდება მის შეძენას. შეიძლება სხვა ყველაფერი დიაკლოს, მაგრამ პურს და შაქარს, რა ფასადაც არ უნდა იყიდებოდეს, მაინც შეიძენს", - ამბობს ნონა მჟავია, ერთ-ერთი მოვაჭრე.
ანალოგიური მდგომარეობაა დედაქალაქის დანარჩენ სამომხმარებლო ბაზრებზე. ვარკეთილის ბაზარში შაქარს 1,45-1,50 ლარად ყიდიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბოლო დროს პროდუქტი დისტრიბუტორებსაც ძვირად შემოაქვთ.
"ერთი კვირის წინ შაქარი 1,40 ლარი ღირდა, უფრო ადრე 1,35 ლარი. სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ მომხმარებელი მაინც გაღიზიანდა. რადგანაც ლარი მყარდება, ხალხი პროდუქტის გაიაფებას ელოდება, ამ დროს შაქრის შემთხვევაში პირიქითაა - ფასი მატულობს, რაც უკმაყოფილებას იწვევს.
ახლა იმის შიში გაჩნდა, რომ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. ფასი ცოტა რომ გაიზარდოს, ალბათ, მარაგის შეძენაზეც დაიწყებენ ფიქრს. ხალხის დიდი ნაწილი გაჭირვებულია, რის გამოც თითო კილოგრამობითაც ძლივს ყიდულობენ", - ამბობს მოვაჭრე ლენა ცხვედიანი.
მიუხედავად იმისა, რომ შაქრის გაძვირებაზე საუბარი ბოლო დროს მუდმივად მიმდინარეობდა, მომხმარებლისთვის ეს პროცესი მტკივნეული აღმოჩნდა. ბოლო რამდენიმე დღეა, სუპერმარკეტებმაც შაქარზე დაწესებული აქცია მოხსნეს. შესაძლოა, ამით "იაფი შაქრის ხანა" დასრულდეს ან დიდი ხნით შეჩერდეს.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"