"კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე კომპანიის ირგვლივ ახალ კორუფციულ სქემაზე საუბრობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იგეგმება საბითუმო ქსელისა და კაბელის ნაწილის სახელმწიფოსთვის მიყიდვა იმ მიზნით, თითქოს უშიშროებას უსაფრთხო ნაკადი სჭირდება. "შესყიდვა ტენდერის გარეშე მოხდება. ბიუჯეტიდან გასული ფულით "კავკასუს ონლაინი" დაფარავს ვალებს, დარჩება კაბელი მის მფლობელობაში, ჩინოვნიკები კი, ვინც ამ სქემაში იქნებიან ჩართული, ბიუჯეტის ფულს გაიყოფენ", - ამბობს მამია სანადირაძე.
"კავკასუს-ონლაინის" გასხვისებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მას შემდეგ, რაც კომპანიის საცალო სეგმენტის ყიდვის სურვილი რუსულმა "მობიტელმა" ("ვიმპელკომი") გამოთქვა, პლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილმა ეს ფაქტი მწვავედ გააკრიტიკა და ხელისუფლებას ქართულ ინტერნეტბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლის აღკვეთისკენ მოუწოდა. სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ კომპანიებში ამბობდნენ, რომ მოლაპარაკება, პრაქტიკულად, დასრულებულია და ხელშეკრულებაც მალე გაფორმდებაო.
"ვიმპელკომამდე" "კავკასუს ონლაინის" აქციების შეძენასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიას "მაგთიკომმაც" მიმართა, რაზეც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ "მაგთის" კომპანიის საოპერაციო აქტივების შეძენის უფლება მისცა. მას შემდეგ, რაც არენაზე "ვიმპელკომი" შემოვიდა, "კავკასუს-მაგთის" "მორიგება" არ შედგა და ამ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკება გაიყინა. ერთი კვირის წინ კი მოულოდნელად გაირკვა, რომ "კავკასუსი" საცალო სეგმენტის მფლობელი არა "ბილაინი", არამედ "მაგთიკომი" გახდა.
რაც შეეხება საბითუმო სეგმენტს, "კავკასუს ონლაინში" აცხადებენ, რომ მის გასხვისებას არ აპირებენ. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ საბითუმო ინტერნეტიც და კაბელიც მათ მფლობელობაში რჩება. "კავკასუს-ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე კი აცხადებს, რომ კომპანია კრედიტორების წინაშე აღებულ ვალდებულებას მხოლოდ საცალო ქსელის გასხვისებით ვერ დაფარავს და მოუწევს საბითუმოს გაყიდვაც. იგი მზადაა საბითუმო სეგმენტი შეიძინოს და საბაზრო ფასზე მეტი გადაიხადოს. სანადირაძეს ინვესტორები უკვე მოძიებული ჰყავს და ახლა მთავარია, ამაზე თანხმობა "კავკასუსის" მფლობელებისგან მიიღოს.
"რეზონანსი": რამდენიმე კვირის წინ, "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადეთ, რომ "კავკასუსის" მფლობელები საბითუმო სეგმენტის გაყიდვასთან დაკავშირებით მზად იყვნენ თქვენთან მოლაპარაკება ეწარმოებინათ...
მამია სანადირაძე: უკვე მერამდენე თვეა "კავკასუსის" მფლობელები მპირდებიან, რომ მას შემდეგ, რაც საცალო ქსელს გაასხვისებენ, საბითუმოს გასხვისებაზე მოალაპარაკებას დაიწყებენ. საცალო ქსელი გაასხვისეს, მაგრამ მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში ისინი ჩემს წარმომადგენელსაც არ ხვდებიან, არადა, იციან, რომ მე საბითუმო სეგმენტში იმაზე მეტს ვიხდი, ვიდრე მისი საბაზრო ფასია. რატომ აღარ მოდიან მოლაპარაკებაზე, ნამდვილად არ ვიცი.
"კავკასუსს" ძალიან დიდი ვალი აქვს, რაც მის ღირებულებას აჭარბებს. ერთადერთი კომპანია, რომელიც იყიდდა საცალო ქსელს და ამაში კარგ ფასს გადაიხდიდა, "მაგთი" იყო. ვიცი, რომ აპირებდნენ "მაგთისთვის" საცალო ქსელით საბაზროზე ძვირად მიეყიდათ, ამაში "ბილაინის" ფაქტორიც ჩართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. "მაგთიმ" ძალიან კარგად იცის, რას რა ფასი ადევს და იმაზე მეტი არ გადაუხდია.
იმისათვის რომ კომპანიამ ვალები დაფაროს, ეს თანხა არ ეყოფა და აუცილებელია საბითუმო სეგმენტიც გაყიდოს. მე ვთავაზობ მათ იმაზე მეტს, ვიდრე ეს ქსელი ღირს. ვიხდი ბევრს იმიტომ, რომ "კავკასუსთან" ემოციური მომენტი მაკავშირებს. მე შევქმენი ეს კომპანია და მინდა, რომ მის განვითარებაზე ისევ ვიზრუნო.
"რ": და რატომ არ მოდიან მოლაპარაკებაზე?
მ.ს.: ერთადერთი მიზეზი შეიძლება ის კორუფციული სქემა იყოს, რაც კომპანიის მფლობელებს და ზოგიერთ ჩინოვნიკს თავში მოუვიდათ. ჩემი ინფორმაციით მუშავდება კორუფციული სქემა. ამ სქემით იგეგმება საბითუმო ქსელისა და კაბელის ნაწილის სახელმწიფოსთვის მიყიდვა იმ მიზნით, თითქოს უშიშროებას უსაფრთხო ნაკადი სჭირდება. ევროპიდან. ინტერნეტი პირდაპირ საქართველოში სწორედ იმ კაბელით შემოდის და ამიტომაც ფიქრობენ ამ სქემის ამუშავებას. შესყიდვა ტენდერის გარეშე მოხდება, ბიუჯეტიდან გასული ფულით "კავკასუს ონლაინი" დაფარავს ვალებს, დარჩება კაბელი მის მფლობელობაში, ჩინოვნიკები კი, ვინც ამ სქემაში იქნებიან ჩართული, ბიუჯეტის ფულს გაიყოფენ.
საბითუმო ინტერნეტი სახელმწიფოს უფასო უნდა ჰქონდეს. ნაკადის კონტროლი კი უშიშროებას ისედაც შეუძლია, რადგან ეს კაბელი საქართველოს ეკუთვნის. ზოგადად უშიშროების სამსახური ისედაც უნდა აკონტროლებდეს სისტემას, რათა მტრულად განწყობილ სახელმწიფოში ინფორმაციის გადინება არ მოხდეს. ამ ყველაფერში კი ის, ანუ სახელმწიფო, ფულს არ უნდა ხარჯავდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ სხვა გეგმა აქვთ.
ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოდიან ისინი ჩემთან მოლაპარაკებაზე. ვიმეორებ, ინვესტორები უკვე მყავს და ვიხდი იმაზე მეტს, ვიდრე "კავკასუსის" საბითუმო სეგმენტი ღირს.
"რ": რაც შეეხება თქვენს დაცვას სასამართლოში, რა ეტაპზეა?
მ.მ.: მე ყველა სასამართლო წარმოება შევაჩერე. იმისათვის, რომ საქმე დამეწყო, პროკურატურას უნდა გამოეძიებინა ის, თუ როგორ წამართვეს კომპანია. პროკურატურამ ეს საქმე თაროზე შემოდო და მეც გავჩერდი. ამის შემდეგ დავიწყე "კავკასუს ონლაინთან" საბითუმო ქსელის შესყიდვაზე მოლაპარაკება, თავიდან მპირდებოდნენ, მაგრამ ახლა გაჩერდნენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ალბათ, იმ კორუფციული გეგმის გამო, რაც შეიმუშავეს.
თუ ეს გეგმა ამუშავდა, "კავკასუსის" საკითხი სულ ამ სქემაზე იქნება მიბმული და ინვესტიცია არასდროს ჩაიდება. საბიუჯეტო თანხა კი მუდმივად წავა იმაში, რაშიც ფული არ უნდა იხარჯებოდეს.
ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"