მოკლევადიან პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 2,2 ლარის დიაპაზონში იმოძრავებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომისთვის 1 დოლარის ყიდვა 2 ლარადაც კი იყოს შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარი ლართან მიმართებაში 8-თვიან მინიმუმზეა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, "ბულმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა 2,2625-2,2850 ნიშნულის ფარგლებში მერყეობდა.
ცოტა ხნის წინ სპეციალისტები განმარტავდნენ, რომ ლარის კურსის მიმართ ტენდენცია აპრილის დასაწყისში უფრო მეტად გამოიკვეთებოდა, რაც პროგნოზირების შესაძლებლობას შექმნიდა. რამდენადაც ყველა რთული პერიოდი უკან მოტოვებულია, სპეციალისტები უფრო თამამ პროგნოზს აკეთებენ.
კომპანია "გალტ ენდ თაგარტში" მიიჩნევენ, რომ ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ვარდნის კომპენსირება იმპორტის ტოტალური შემცირებით მოხერხდა. ეს ტენდენცია 2016 წლის პირველი ორი თვის განმავლობაშიც შენარჩუნდა. მარტში კი, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის გამო, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც გამყარდა. ამიტომ, თუკი ქვეყანა ამ მიმართულებით ივლის (რაც ნიშნავს ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობას, ინფლაციის დაბალ მაჩვენებელსა და ე. წ. ფართო ფულის შემცირებას), ლარის სტაბილურობა გარანტირებულია.
"საშუალო ვადიან პერსპექტივაში ლარის კურსი დოლართან მიმართ 2,2-2,3-ის დიაპაზონში იმერყევებს. ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, დაახლოებით, 200-250 მილიონი დოლარით გაზარდოს რეზერვები. თუმცა წინ არჩევნებია და თუ ამ მიმართულებით გამოიკვეთა აჟიოტაჟი და პოლიტიკური წნეხი, არ არის გამორიცხული, რომ ლარი 2,0-ის ნიშნულამდეც გამყარდეს", - ამბობს "გალტ ენდ თაგარტის" ანალიტიკოსი ევა ბოჭორიშვილი.
ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ვითარება თანდათანობით პროგრესისკენ უნდა წავიდეს, ვინაიდან ნეგატიური რისკი, გარკვეულწილად, განეიტრალებულია. მიუხედავად ამისა, მაინც რჩება საფრთხე, რადგან გლობალური პროცესები შეიძლება ისევ უარყოფითი მიმართულებით განვითარდეს.
"არსებული მდგომარეობით შესაძლებელია, რომ ეკონომიკა თანდათნაობით გაჯანსაღების, ხოლო შემდეგ აღმავლობის ეტაპზე გადავიდეს. ჯერჯერობით მშპ-ს ზრდის ტემპი ძალიან დაბალია. ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ გაიზარდოს. იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული, რამაც საგადასახდელო ბალანსის უარყოფითი მაჩვენებელი შეამცირა. შედეგად ლარის კურსი უფრო ნაკლებად ირყევა, ვიდრე ადრე და ამიტომაც ეკონომიკის გაჯანსაღების შანსი ნამდვილად არსებობს", - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა და დასძინა, რომ კურსი მცირე რყევას გააგრძელებს, მაგრამ არსებობს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდება.
"ადმირალ მარკეტსის" ანალიტიკოსის დავით წიქარიძისთვის, ამ ეტაპზე, მთავარ გამოწვევად სახელმწიფო ბიუჯეტი რჩება. იგი მიიჩნევს, რომ თუკი ბიუჯეტის ხარჯვა თანაბარზომიერი იქნება, ლარს უკეთესი მომავალი ექნება, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონი იწყება.
"თუკი ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა, სახელმწიფო სექტორში წინასაარჩევნოდ დასაქმებულთა გაზრდა და ადამიანებისთვის დამატებითი დეპარტამენტების შექმნა გაგრძელდა, ეს კურსზე პოზიტიურად ნამდვილად ვერ იმოქმედებს. საგარეო კუთხით ვითარება შედარებით დამშვიდდა. საბედნიეროდ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი შეჩერდა, თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა შედარებით მიწყნარდა.
ახლა მთავარია, შიგნითაც დალაგდეს ყველაფერი, ეკონომიკა უნდა გაჯანსაღდეს, შეჩერდეს ექსპორტის ვარდნა. ვითარების გაუმჯობესებისათვის კი ეფექტური პროექტები უნდა შეიქმნას. ახალი პრემიერი ბევრ რაღაცას გვპირდება, მაგრამ საქმე რეალურად უნდა დაიწყოს", - ამბობს დავით წიქარიძე.
შარშან, შარშანწინდელთან შედარებით, საგადასახდელო ბალანსი 103 მილიონი დოლარით, ხოლო მეოთხე კვარტალთან თითქმის 200 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. ეს დადებითი ტენდენცია ეროვნული ვალუტის კურსს არ დატყობია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2015 წელს არსებობდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც ვალუტის დევალვაციაზე გავლენას ახდენდა.
2015 წლის მეოთხე კვარტალში საგადასხადელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 522.1 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 185.22 მილიონი დოლარით უმჯობესია, ვიდრე 2014 წლის მეოთხე კვარტალის (-736,92 მლნ დოლარი) მონაცემი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ექსპორტი 23%-ით დაეცა, ხოლო იმპორტი - 10%-ით. თანხობრივ მონაცემებში კი იმპორტი, ექსპორტთან შედარებით, 200 მლნ დოლარით შემცირდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლის იანვარში ეს ტენდენცია გაგრძელდა. სტატისტიკოსებმა ექსპორტის 22%-იანი კლება დააფიქსირეს, ხოლო იმპორტის ვარდნამ 25%-ს მიაღწია. პირველი 2 თვის ჯამურ მონაცემებში კი ვითარება შედარებით შეიცვალა: ექსპორტმა კიდევ 13%-ით იკლო, მაგრამ იმპორტი 2%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ერთბაშად შემოსული მედიკამენტებია. მათი გამოკლებით იმპორტი ისევ მინუსებში იქნებოდა.
მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"