მოსახლეობის აღწერის შედეგებმა წელიწადზე მეტით დაიგვიანა. ამ დროისთვის მარტო ის ვიცით, რომ საქართველოში ზუსტად იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც ამომრჩეველია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ აღწერების შედეგებმა აჩვენა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიმკითხაოთ, ცესკო ცდებოდა, თუ სტატისტიკა შეცდა. საზოგადოება კიდევ სხვა უამრავი, რებუსით მოცული საკითხის გახსნას ელოდება - მიგრაცია, დასაქმება, უმუშევრობა და ასე შემდეგ.
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ აღწერის შედეგების პრეზენტაცია აპრილის ბოლოს შედგება.
წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ის ვიცით, რომ 2014 წლის დასაწყისიდან 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობა 642 ათასი ადამიანით შემცირდა. ანუ საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729 635 კაცს არ აღემატება. ცესკოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 3 537 719 კაცი ჰყავს რეგისტრირებული. ანუ გამოდის, რომ საქართველოში მხოლო 191 ათასი 18 წლამდე მოზარდი ცხოვრობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რებუსი.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე იმედოვნებს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღწერების შედეგების გამოქვეყნების თარიღს კიდევ ერთხელ არ გადაწევს და აპრილის ბოლოს მაინც გამოჩნდება - საბოლოოდ რამდენი მოქალაქე ჰყავს ქვეყანას, რამდენია ქალი, კაცი, როგორია ეთნიკური, რელიგიური გადანაწილება და ასე შემდეგ. ამასთანავე სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ხელისუფლება და სპეციალისტები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს აღწერის წინა პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობის კორექტირება.
"ფიზიკურად შეუძლებელია წლის დასაწყისში მოსახლეობა იყოს 4,4 მილიონი და წლის ბოლოს 3,7 მილიონამდე ჩამოვიდეს. ან ყველა წლის მიხედვით უნდა მოხდეს კორექტირება და ეს მარტო სტატისტიკას არ ხელეწიფება, არადა მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის აღწერა, რომელიც ჩატარდა 2014 წლის ნოემბერში, რომლისთვისაც დაიხარჯა 18 მილიონზე მეტი, მოთხოვნებს ვერ პასუხობს. აღწერამ მოგვცა არაადეკვატური რიცხვები და მაშინ ეს რიცხვი უნდა შეიცვალოს, ორივეს დატოვება ერთ სტატისტიკურ ცხრილში აბსოლუტური ნონსენსია", - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ფაქტობრივად, მოსახლეობის რიცხოვნობა საარჩევნო კონტიგენტის რიცხოვნობას მიუახლოვდა და ამაზე სერიოზული პასუხია გასაცემი.
ამასთანავე, სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ აღწერის შედეგების დაგვიანება მარტო ერთი მხარის ბრალი არ არის, სტატისტიკური ინფომაციით ხელისუფლებაც ნაკლებად არის დაინტერესებული. მთავრობა რატომღაც გულგრილია სტატისტიკის როლისადმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენების, პროცესების შესაფასებლად და შემდეგ დასკვნების გამოსატანად.
"ბევრი რამე კეთდება ავტონომიურ რეჟიმში და არ ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ რეალობას. სტატისტიკა ხელისუფლებისაგან მეტ გულისხმიერ დამოკიდებულებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში სტატისტიკის მიმართ მოთხოვნებიც უფრო კატეგორიული იქნება", - მიიჩნევს სოსო არჩვაძე.
სოციოლოგის ნოდარ კაპანაძის აზრით, 2014 წლის ნოემბერს ჩატარებული აღწერის შედეგების 2016 წლის აპრილში გამოქვეყნება და მანამდე სრული დუმილი "ძალიან დაბალი კლასის ნიშანია".
"4 მილიონიანი ქვეყანაა, რა იყო აქ ერთი წლის სამუშაო?" - კითხულობს ნოდარ კაპანაძე და ამასთანავე აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს წინა მონაცემების კორექტირება.
"აუხსნელია ერთი წლის განმავლობაში 4,4 მილიონი ადამიანიდან 3,7 მილიონზე ჩამოვარდნა. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი რამე. არსებობს შიდა მეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ტენდენციის აღდგენა და აქედან გამომდინარე, მწკრივის გადაანგარიშება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.
აღწერის არსებულ მონაცემებში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ დედაქალაქში მთლიანი მოსახლეობის 30 პროცენტი ცხოვრობს. ზოგადად ქალაქებში 2 140 126 კაცი სახლობს, ხოლო სოფლებში - 1 589 509 კაცი. სოფლის მოსახლეობა 23,8 პროცენტით შემცირდა, ქალაქები კი მოსახლეობის 6,3 პროცენტმა დატოვა.
მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"