წინა კვირას, "მაგთიკომმა" ტარიფების ზრდის შესახებ აბონენტებს "ახარა", თუმცა, ამის შესახებ კომპანიას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად "ბანის" აბონენტებისთვის იზრდება. წუთის ღირებულება 14 თეთრით ძვირდება და 10 თეთრის ნაცვლად 24 თეთრი ეღირება. მომხმარებლებს ინფორმაცია სმს შეტყობინების სახით მიეწოდათ. გარდა წუთობრივი საუბრის გაძვირებისა, ასევე გაძვირდება გარკვეული ყოველთვიური ტარიფებიც. მაგალითად, ტარიფი "ზერო+", ამჟამად მისი ღირებულება თვეში 1 ლარია, ზარის წამოწყება 7 თეთრს შეადგენს, ხოლო შემდეგ ნახევარი საათი საუბარი უფასოა, 27 აპრილიდან კი ღირებულება იზრდება. ზარის წამოწყება უკვე 10 თეთრი ეღირება ხოლო ყოველი 10 წუთის შემდეგ აბონენტებს კიდევ 10 თეთრი ჩამოეჭრებათ. ანუ, თუკი აქამდე ნახევარი საათის ღირებულება 7 თეთრს შეადგენდა, 24 აპრილიდან იგი 30 თეთრი ეღირება.
"ბანკები და ფინანსები" დაუკავშირდა კომპანია "მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თათული ღვინიაშვილს და დავინტერესდით, თუ რომელ ტარიფებს აძვირებს კომპანია "მაგთი", რამდენი თეთრით და რითია განპირობებული ტარიფების ზრდა.
კომპანიიდან მოწოდებული ინფორმაცია შემდეგია, - მაგთის განცხადებით, მცირედით იზრდება მხოლოდ პრომო ტარიფებზე ზარის წამოწყების ღირებულება, სხვა ტარიფები უცვლელი რჩება ან მცირდება.
"პაკეტი "მაგთი 100" - 100 ლარიანი პაკეტი ჩანაცვლდა 60 ლარიანი პაკეტით "ულიმიტო+"; 30 ლარიანი "მაგთი" კი ჩანაცვლდა 25 ლარიანი "მარტივი 25"-ით, უცვლელი დარჩა მარტივი 25-ის პირობები. სტანდარტული ტარიფი უცვლელი დარჩა. უცვლელი დარჩა საერთაშორისო ტარიფიც.
პრომო ტარიფების ფარგლებში სასაუბრო წუთები პრაქტიკულად 0 თეთრია. მცირედით გაიზარდა ზარის წამოწყების ღირებულება, რაც ბაზრის მდგომარეობამ განსაზღვრა. რიგ პრომო ტარიფებზე დაწესდა შემდეგი პირობა: ერთიანი უწყვეტი ზარის ყოველი 10 წუთის შემდეგ ჩამოიჭრება 10 თეთრი. იგივე ცვლილება განხორციელდა კორპორატიულ ალტერნატიულ ტარიფზე", - აცხადებენ კომპანია "მაგთიკომში".
კომპანიის პოზიცია ასეთია, თუმცა, ფაქტია, რომ არსებული რეალობა განსხვავებულია. ტარიფების ზრდაზე ინფორმაცია მიეწოდათ აბონენტებს და დაკავშირების შემთხვევაში, ინფორმაციას ადასტურებენ "მაგთის" ოპერატორებიც. რატომ არ ავრცელებს კომპანია ტარიფების ზრდის შესახებ სრულ ინფორმაციას ეს გაურკვეველი და ბუნდოვანია.
საინტერესოა კომპანიის პოზიცია ტარიფების ზრდის მიზეზთან დაკაშვირებითაც. როგორც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, ტარიფების ზრდა ბაზრის მდგომარეობითაა განპირობებული. აი ბაზარზე კი "მაგთის" ისეთი მდგომარეობა აქვს, ნებისმიერი ოპერატორი რომ ინატრებდა. გარდა იმისა, რომ კომპანია ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის ლიდერია და ბაზრის 41%-ს ფლობს, სულ ახლახან გააფორმა ორმხრივი შეთანხმების ხელშეკრულება ინტერნეტ პროვაიდერ "კავკასუს ონლაინთან", რომელიც ინტერნეტ ბაზრის 32%-ს ფლობს და უახლოეს პერიოდში მასაც შეიძენს. ამ გარიგების შედეგად კი "მაგთი" კომუნიკაციების ბაზარზე უმსხვილესი კომპანია გახდება და ფაქტიურად იმ მონოპოლიურ პოზიციებს დაიბრუნებს, რომელიც წლების წინ ჰქონდა. მაშინ, როდესაც ბაზარზე კონკურენცია ფაქტიურად არ იყო, ტარიფები არ მცირდებოდა და ევროპის ქვეყნებს შორის, მობილური ტარიფების სიძვირით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიყავით. ახლა, ისეთი რეალობა იქმნება, რომ "მაგთი" კვლავ მონოპოლისტი ხდება, არსებული კომპანიები მას ფაქტიურად კონკურენციას ვეღარ გაუწევენ და ბაზარზე ტარიფების შემცირების ნაცვლად, როგორც ჩანს, მის კიდევ უფრო ზრდას უნდა ველოდოთ. არსებულ რეალობას თუკი გავითვალისწინებთ, ზრდა არა მხოლოდ "მაგთიკომის" აბონენტებს, არამედ "კავკასუს ონლაინის" აბონენტებსაც შეიძლება შეეხოთ.
მერაბ ჯანიაშვილი