მაისიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს. ნავთობკომპანიებს მოულოდნელად, შერჩევითი წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით შეამოწმებენ.
ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ საწვავის ხარისხი უნდა შემოწმდეს და ამბობენ, რომ აღნიშნული დადგენილება მათთვის მოულოდნელი სულაც არ იყო. კოლეგების აზრს ეთანხმება კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი ზაალ იაკობიძე:
საქართველოში მოქმედებს პარამეტრები, რომელსაც შემოტანილი საწვავის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ისე მოხდა, რომ საწვავის ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, მერე უკვე საჯარიმო სანქციები გატარდება. საბოლოო ჯამში ეს დადებითი მომენტია, რადგან მომხმარებელმა მანქანის ავზში ხარისხიანი საწვავი უნდა ჩაასხას. ჩემი აზრით, კონტროლი ამ სფეროში საჭიროა, რადგან ქვეყანაში არსებობს პატარა ქარხნები და საწარმოები, რომლებიც ისევე ვალდებულნი არიან ნორმები დაიცვან, როგორც მსხვილმა კომპანიებმა. თუ კონტროლი დაწესდება, დარღვევაც დროზე აღმოჩნდება, ეს კი, საუკეთესო გზაა ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარიაც მიიჩნევს, რომ ნავთობკომპანიებმა ამ ნორმების შესახებ იციან და თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ნორმები დარღვეულია, დამრღვევმა პასუხიც უნდა აგოს:
- თუ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმას არ შეესაბამება, მისი იმპორტი არც უნდა განხორციელდეს, საბაჟო სამსახურიც არ გამოატარებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი დარღვევა ადგილობრივ ბაზარზე არასწორი შენახვის, ან სხვა მიზეზის ბრალიც იყოს. ამიტომ, თუ შემოწმება დაიწყება, ეს რა თქმა უნდა, კარგია, რადგან მომხმარებელს ეცოდინება, როგორ საწვავს ასხამს თავისი მანქანის ავზში. სხვათა შორის, მე ვფიქრობ, რომ შედარებით მცირე კომპანიებს არანაკლები ხარისხის საწვავი აქვთ, მაგრამ ზოგ-ზოგიერთების აგრესიული ანტიპიარის წყალობით, მათი რეპუტაცია საკმაოდ დაბალია. იყო დრო, როცა ზოგიერთი კომპანია იტალიიდან შემოტანილი „მოცეკვავე და მომღერალი“ საწვავითაც იწონებდა თავს, მერე კი, აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიებს იმ ხანებში იტალიიდან ერთი ლიტრი საწვავიც არ ჰქონიათ შემოტანილი... მაღალი ფასი რომ გაემართლებინათ, ასეთი რამ მოიფიქრეს და თან აგრესიული ანტიპიარი გაუშვეს, რომ თითქოს მცირე კომპანიების საწვავი უხარისხო იყო. იმედია, ასეთი ფაქტები ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ხარისხის კონტროლი არ უნდა იქცეს დამატებით წნეხად მეწარმისათვის:
- საქართველოში ხარისხის კონტროლი მკაცრდება. ადმინისტრაციულ კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის შედეგადაც თუ მეწარმე სუბიექტი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანს, ან აწარმოებს ისეთ საწვავს, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ხარისხობრივ ნორმებს, დაჯარიმდება 8-10 ათასი ლარის ოდენობით. მთლიანობაში ეს გადაწყვეტილება გამართლებულია, რადგან კანონს პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს. მთელ მსოფლიოში აღიარებენ, რომ ჰაერის ერთ-ერთი დამაბინძურებელი არის ავტომობილი და უხარისხო საწვავი. თანაც, ამ ბაზრის უკონტროლობა პირდაპირ მოქმედებს კონკურენციაზე, რადგან უხარისხო, არასტანდარტული პროდუქტი შედარებით იაფია და აქედან გამომდინარე, მომხმარებელიც მეტი ჰყავს. სხვათა შორის, სულ ახლახან, ოციოდე დღის წინ აღმოაჩინეს არალეგალური საწარმო, რომლის „თანამშრომლებს“ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი ჰქონდათ გახვრეტილი და ნავთობს იქიდან იპარავდნენ, მერე კი, თბილისში კუსტარულად ამუშავებდნენ და ჰყიდდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმით მიღებული პროდუქტი უხარისხო და არასტანდარტული იქნება. მსგავსი პრეცედენტები ხდება ხოლმე, აქედან გამომდინარე, კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს ყველა კომპანია - ცნობილი და ნაკლებად ცნობილიც. მთავარია, ეს რეგულაციები ბიზნესის შემაფერხებელი არ იყოს და სამართლიანად განხორციელდეს.
ხათუნა ჩიგოგიძე