უძრავი ქონების ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების აქტიურობა თვალშისაცემად მატულობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არაოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სპეციალისტები ფლობენ, 2-3 წლის წინ უცხოელი მყიდველის რაოდენობა ბაზარზე 3%-ს არ აჭარბებდა, თუმცა დღესდღეობით მათი რიცხვი გასამმაგებულია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მყიდველებსაც თუ ჩავთვლით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.
ბაზარზე ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით შეძენილი უძრავი ქონების წილი 20%-მდეა, ხოლო 65-70% ადგილობრივ მოქალაქეებზე მოდის. უცხოელ მყიდველებს შორის ევროპის ქვეყნების მოქალაქეებიც არიან, ყველაზე მეტად კი, უკრაინელები და რუსები აქტიურობენ. დიდად მათ არც საქართველოში განთავსებული საელჩოების და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ჩამორჩებიან. ეს ის კატეგორიაა, რომელიც ადრე საცხოვრებელი ფართების ქირაობით იყო დაინტერესებული, მაგრამ დღესდღეობით უპირატესობას ბინის ყიდვას ანიჭებს.
როგორც სამშენებლო კომპანიებში განმარტავენ, ბაზარზე ძირითადი მყიდველი ადგილობრივი მოქალაქეები არიან, თუმცა მათი უმეტესობა ყიდვას გზავნილებით ან იპოთეკური სესხით ახერხებს. ძალიან მცირეა მათი წილი, ვინც ბინას საკუთარი შემოსავლით ან დანაზოგით ყიდულობს.
სამშენებლო სექტორი მუდმივად პრობლემებზე საუბრობს (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში), თუმცა, ფაქტია, რომ ბინების რეალიზაცია არ ჭირს. მით უმეტეს, ახალ კორპუსებში, სადაც ფართები ხშირად მშენებლობის დასრულებამდეც სრულად იყიდება. ქვეყანაში, სადაც ტოტალური გაჭირვებაა, გაყიდვის ასეთი ტემპი, ცოტა არ იყოს, უცნაურია. როგორც აღმოჩნდა, ემიგრანტების თუ უცხოელი მოქალაქეების ხარჯზე მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა, ვიდრე ქვეყნის რეალური მდგომარეობიდან არის მოსალოდნელი.
სამშენებლო კომპანია "ზენიტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსი, რაც ბოლო პერიოდში ააშენეს, მთლიანად გაიყიდა. ამ ეტაპზე კომპანია ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.
"კორპუსებს ვაშენებთ დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში, ბინები მთლიანად რეალიზებულია. ამ ეტაპზე გასაყიდი ობიექტი არ გვაქვს, თუმცა ახალი პროექტის დაწყებას გვგეგმავთ. რეალიზაცია მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ჯერჯერობით ეს მოვახერხეთ, მაგრამ კომერციული სექტორის მიმართულებით აბსოლუტურად სხვა მდომარეობაა. ფაქტობრივად, ეს სფერო გავაჩერეთ, რადგან გაყიდვა გაგვიჭირდა.
რაც შეეხება რეალურ მყიდველებს, ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები და ემიგრანტები არიან. როგორც წესი, უფრო განვადებით ახერხებენ ყიდვას. ძალიან იშვიათია, როცა მომხმარებელი ფართს ბანკის გვერდის ავლით ყიდულობს. მყიდველთა უმრავლესობა იპოთეკური სესხით სარგებლობს მაშინაც კი, როცა ბანკის პირობა მისთვის მიუღებელია", - აცხადებენ კომპანიაში.
სპეციალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესამჩნევად მომრავლდნენ. მართალია, პროცენტულად ეს მაჩვენებელი დიდი არ არის, თუმცა ტენდენცია აშკარად მატებისკენაა. ეს დასტურია იმისა, რომ მოთხოვნა მომავალშიც მოიმატებს.
"აიჯიეს ჯგუფის" ფინანსური მენეჯერის, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტის, შოთა გუჯაბიძის ინფორმაციით, ქართველი მომხმარებლის შემცირების ხარჯზე, ბოლო დროს უცხოელ მყიდველთა აქტიურობა უფრო თვალშისაცემი გახდა. მიუხედავად ამისა, ძირითადი მყიდველი საქართველოს მოქალაქეები არიან.
"რაც დრო გადის, მეტი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში. ბუნებრივი პროცესია, რომ ზოგი საცხოვრებლად გარკვეული პერიოდით რჩება და ქონებას ყიდულობს. ადგილობრივების მხრიდან მსყიდველუნარიანობის შემცირებამ უცხოელთა გააქტიურება უფრო თვალსაჩინო გახადა, მაგრამ ასე მასობრივიც არ არის. არაოფიციალური მონაცემებით, უძრავი ქონების მყიდველიდან 5%-ზე ცოტა მეტი უცხოელი მოქალაქეები არიან. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მყიდველებსაც თუ დავამატებთ, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. საცხოვრებელი ფართების შეძენაში ემიგრანტების წილი 15-20%-ის ფარგლებშია, დანარჩენი ადგილობრივი მკვიდრნი არიან.
უცხოელ მყიდველთა შორის ევროპის ქვეყნების მოქალაქეებიც არიან, ყველაზე მეტად კი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები აქტიურობენ. მოთხოვნა გაჩნდა ასევე საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც გარკვეული პერიოდით ცხოვრობენ საქართველოში.
სამომავლოდ, როცა უძრავი ქონების ბაზარი დასტაბილურდება, მეტი მოთხოვნა გაჩნდება. მართალია, ყიდვა მეტ-ნაკლებად ხერხდება და მყიდველის დეფიციტი არ არის, თუმცა ბაზარზე ჯერჯერობით მაინც პრობლემებია", - განმარტავს ექსპერტი.
გუჯაბიძის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 80% უძრავ ქონებას (საცხოვრებელ ბინებს) თავისი დანაზოგით ვერ ყიდულობს. ამიტომ ბევრს უწევს ბანკის კაბალურ პირობებთან შეგუება და იპოთეკური სესხით სარგებლობა.
"ფაქტობრივად, ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რითაც ხალხი ბინის შეძენას მეტ-ნაკლებად ახერხებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოქალაქეებს ფინანსური ვალდებულების შესრულება უჭირთ და ბინებს კარგავენ. როგორც ვიცით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და მომავალში იპოთეკით დაზარალებულთა საკითხი წინ წამოიწევს. ეს იქნება ერთგვარი დამცავი მექანიზმი, რომ მომხმარებელი უბინაოდ არ დარჩეს.
მთავარი მაინც მოსახლეობის ფინანსური განათლებაა. როცა ხალხი ფინანსურ საკითხებში მეტ-ნაკლებად გაერკვევა, ადვილად ვერ მოატყუებენ", - აცხადებს შოთა გუჯაბიძე და დასძენს, რომ წინასაარჩევნოდ მდგომარეობა, შესაძლოა, დამძიმდეს. არჩევნების შემდეგაც გარკვეული პერიოდი არასტაბილური იქნება, უკვე ზამთრიდან შეიძლება სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალოს.
"საცხოვრებელი ფართები ჯერჯერობით იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ვერ გამოცოცხლდა. რაღაც პერიოდით შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ წინასაარჩევნოდ ასეთი მოლოდინი ნაკლებია. ცვლილებებს, უმეტესწილად, მომავალი ზამთრიდან ველოდები.
უძრავი ქონების ძირითადი მყიდველი საქართველოს მოქალაქეები არიან. აქტიურობენ ემიგრანტები, რომელთაც ახლა ბინის შესაძენად მომგებიანი პერიოდი უდგათ, რადგან ფასმა დაიწია", - აცხადებს ექსპერტი.
საბურთალოს რაიონში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მენეჯერი ვატო კასრაძე ამბობს, რომ რამდენიმე ობიექტი მშენებლობის დასრულებამდე გაიყიდა. მყიდველთა შორის უცხოელი მოქალაქეების წილი დაახლოებით 10%-მდეა.
"მშენებლობას, ძირითადად, ცენტრალურ ბუნებში ვაწარმოებთ. ბოლო დროს გარეუბნების მიმართულებითაც გავაქტიურდით. ვარკეთილში ახლახან დავასრულეთ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ყველა ფართი მშენებლობის პერიოდშივე გავყიდეთ. მომხმარებელი მასობრივად იპოთეკურ სესხებზეა დამოკიდებული. ყიდულობენ ქართველი ემიგრანტებიც. ყველაზე მეტად უცხო ქვეყნის მოქალაქეები გააქტიურდნენ. 2-3 წლის წინ მათი რაოდნეობა მთლიანი ბაზრის მხოლოდ 3%-ს მოიცავდა, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე 10%-მდეა. ხელისშემშლელი მიზეზი თუ არ გვექნება (რასაც არ ველოდებით), უცხოელი მოქალაქეების აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე მომდევნო წლებშიც მოიმატებს", - აცხადებს კასრაძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"