საქართველოში სურსათი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ამ დროს, ჩვენთან 3,7 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონზე მეტი ღატაკად თვლის თავს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამასთანავე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდით ამერიკა 10-ჯერ უსწრებს საქართველოს, ევროკავშირი კი - 9-ჯერ. ამიტომაც არის, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გახდა, აქ მოწეული პროდუქცია სანახევროდაც კი ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნილებას. ღირებულების თვალსაზრისით კი ქართული ხილ-ბოსტნეული იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს. ამიტომაც სავაჭრო ქსელებში მუდმივად იზრდება ფასი, რომელიც საშუალო ევროპულ დონეს გაუტოლდა და ზოგ გემთხვევაში, გაუსწრო კიდეც. ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც საკმარისია.
"რეზონანსის" ინფორმაციით, ლიტვაში 1 კილოგრამი ძვლიანი ხორცი 9 ლარის ფარგლებში მერყეობს (3,5 ევრო), რბილი ხორცის ღირებულება კი, საშუალოდ, 12,5 ლარია (5 ევრო). ერთი ლიტრი რძის ფასი მაქსიმუმ 2 ლარია (0,8 ევრო), 1 კილოგრამი ქარხნული ყველის ღირებულება კი, საშუალოდ, 7,5 ლარია.
ბელგიაში (ბრიუსელში) 1 კილოგრამი კარტოფილი 75 თეთრი ღირს (0,29 ევრო), პომიდორი - 2,37 ლარი (0,95 ევრო), 1 კილოგრამი ბანანი - 2,75 ლარი (1,09 ევრო), 1 კილოგრამი ბრინჯი - 2,15 ლარი (0,85 ევრო), 1 ლიტრი ზეთი - 3 ლარი (1,2 ევრო), 700 გრ ტომატ-პასტა - 3 ლარი (1,2 ევრო), 1 კილოგრამი შაქარი - 2,4 ლარი (0,96 ევრო), 1 კგ საქონლის ხორცი - 20 ლარი (8 ევრო), 1 კილოგრამი ქათმის ფასი 7,5 ლარია (2,99 ევრო).
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სურსათი დაახლოებით 10%-ით უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბელგიაში, ხოლო პოლონეთში - 20-25%-ით იაფი. კიდევ უფრო დაბალი ნიხრებით გამოირჩევიან რუმინეთი და ბულგარეთი.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ევროპაში სოფლის მეურნეობის წარმოება ინდუსტრიის მეთოდებზეა გადაყვანილი. შექმნილია მსხვილი ფერმერული გაერთიანებები. ამიტომაც პროდუქციის წარმოება გაცილებით იაფი ჯდება.
საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა. გლეხების დიდი ნაწილი ჰექტრობით ყანებს ისევ თოხით მარგლავს. დღემდე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებშიც კი ვერ გარკვეულან, კონკრეტულ დაავადებებს რა სახის მცენარეთა მოვლის საშუალებით შეიძლება ებრძოლო. მოსახლეობის ბოლო აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში 640 ათასამდე შინამეურნეობაა და მხოლოდ 2 ათასამდე ფერმერული მეურნეობა.
"საქართველოში სასაქონლო წარმოება არ არის ინდუსტრიულ ბაზაზე, ამიტომაც წარმოება გაცილებით მეტ ხარჯს მოითხოვს. ამასთანავე, ევროკავშირი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ევროპაში ერთ სულზე 700 კილოგრამზე მეტი მარცვლეული მოჰყავთ, საქართველოში ეს მაჩვენებელი 100 კილოგრამის ფარგლებშია, ისიც - სიმინდის ხარჯზე. ხორბლის მონაცემს თუ ავიღებთ, ერთ სულზე მხოლოდ რამდენიმე კილოგრამი მოდის.
ევროპაში ძალიან მაღალ დონეზე დგას სოფლის მეურნეობის სუბსიდირების საკითხი. ერთიანი ბიუჯეტის დაახლოებით 80% სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სუბსიდირებისთვის იხარჯება, რათა ფერმერულ მეურნეობებს კონკურენტული პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
"საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სუბსიდირება განახორციელოს. მართალია, ბოლო წლებში გლეხებს უფასოდ უხნავენ და გარკვეული პროგრამებიც გაკეთდა, მაგრამ ჯერ ამას სისტემური, ინსტიტუციური ფორმა არ აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოსთან შედარებით, ევროპასა და აშშ-ში პოდუქტი უფრო იაფია. ერთხელ კიდევაც აღვნიშნე, რომ ამერიკაში რბილ ხორცს უფრო დაბალ ფასად იყიდით, ვიდრე საქართველოში - ძვლიან ხორცს", - ამბობს სოსო არჩვაძე.
საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოში რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიც იწარმოება, იმდენივე იმპორტი ხორციელდება. შარშან, ქვეყანაში 1 მილიარდი ლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოვიდა, წინა წელს - კიდევ უფრო მეტი. იმპორტირებულ პროდუქტს ემატება საბაჟო მოსაკრებელი, იმპორტის გადასახადი, მოგება, ტრანსპორტირება და, საბოლოო ჯამში, სურსათი ძვირდება.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე სხვა სახის პრობლემაზეც საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში წარმოება ჯერ კიდევ ვერ განვითარდა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს. ამიტომაც ადგილობრივი პროდუქტი, ფასის თვალსაზრისით, იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს.
"მთლიანობაში, ჩვენ ვრჩებით იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად. თუ ადგილობრივმა პროდუქტმა იმპორტირებულს შიგნით კონკურენცია არ გაუწია, ფასის მომატების საშიშროება ყოველთვის იქნება. გარდა ამისა, არც ეროვნული პროდუქტის წარმოება ჯდება იაფი. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის ბიზნესი ისე ვერ განვითარდა, რომ პროდუქციის წარმოება ტექნოლოგიური მიღწევებით გახდეს შესაძლებელი", - ამბობს ავთო სილაგაძე და დასძენს, რომ დაქუცმაცებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მძლავრი ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობა არ არის.
"ეს არის მიზეზები, რის გამოც საქართველოში წარმოება დაბალ დონეზეა და იმპორტზე დამოკიდებულება სურსათს გვიძვირებს", - ამბობს აკადემიკოსი.
არადა, მოსახლეობის ცხოვრების დონით ქართველები კიდევ დიდხანს ვერ მიუახლოვდებიან ევროპას, სადაც ადამიანს ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გაცილებით იაფი უჯდება. ზოგადად, ცხოვრების დონის შედარებისას მთავარი ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტია. ამ სტატისტიკური მაჩვენებლის შედარებისას ამგვარი სურათი გვაქვს: ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდით ამერიკა დაახლოებით 10-ჯერ, ევროპა კი 9-ჯერ გვისწრებს.
მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"