ფულადი კომპენსაციის გარდა, ბანკს გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაეკისრა.
,,პროკრედიტ ბანკს” სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 31
602 ლარის გადახდა დაეკისრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა ანა მაჩიტაძის სარჩელი. ,,პროკრედიტ ბანკს” კი მოსარჩელის სასამართლო და წინასასამართლო ხარჯების გადახდა დაევალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „პროკრედიტ ბანკი“ გათავისუფლებულ თანამშრომელს ანა მაჩიტაძეს კომპენსაციის სახით 31 602 ლარს გადაუხდის, გარდა ამისა, აღდგენს მას სამსახურში - „პროკრედიტ ბანკის“ ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე.
ანა მაჩიტაძის უფლებადამცველის, არჩილ კაიკაციშვილის ინფორმაციით, ანა სამსახურიდან 2014 წლის აპრილში გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული შეხედულებების შეუთავსებლობა იყო. თუმცა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმის დეტალებიდან რეალური მიზეზი - დასაქმებულის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა.
სასამართლო პროცესი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ანა მაჩიტაძის სასარგებლოდ დასრულდა. მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული ოთხივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე ანა მაჩიტაძე და მისი ადვოკატი შესაბამისი დოკუმენტის გამოცემას ელოდება, რომლის საფუძველზეც დაზარალებული ფინანსურ კონპენსაციას აიღებს და სამუშაოსაც დაუბრუნდება.
,,სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში ჩაგვბარდება. მანამდე ბანკს შეუძლია ანა მაჩიტაძე სამსახურში თავად დააბრუნოს, თუმცა როგორც ჩანს, დოკუმენტაციას ელოდება. ამით კი ე.წ. იძულებითი განაცდური და შესაბამისად, ანა მაჩიტაძისთვის გადასახდელი თანხაც იზრდება”, - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეს მიანიჭა პრეცენდენტის კოდი. გადაწყვეტილება კი უკვე გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
,,საქმე პრეცენდენტულია და თუ მომავალში კერძო ან საჯარო სექტორში ამ ტიპის გათავისუფლებები მოხდება, სასამართლოს უკვე აქვს პრაქტიკა და ის ანალოგიურ გადაწყვეტილებას დაზარალებულის სასარგებლოდ გამოიტანს”, - აღნიშნა ადვოკატმა.
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს თავად ანა მაჩიტაძეც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მის მიერ კლიენტების მისამართით წარმოთქმული სიტყვები - ,,ღმერთმა დაგლოცოთ” - მისი სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. თუმცა ანა აცხადებს, რომ პრობლემა კოორდინატორთან მანამდეც ჰქონდა და უფროსი მას უმიზეზოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ავიწროვებდა.
,,დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში და ამიტომაც ვიბრძოლე სასამართლოში ორი წლის განმავლობაში. 7 წელი ,,პროკრედიტ ბანკში” სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე, ყოველთვის დადებით დახასიათება მქონდა და საქმეს კარგად ვასრულებდი. სწორედ გათავისუფლებიდან ორი თვით ადრე მივიღე ბანკისგან კიდევ ერთი დადებითი დახასიათება, უცებ კი გასათავისუფლებელი კადრი გავხდი. ვერც კი დავიჯერე, როცა კოორდინატორმა ჩემი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მაცნობა. რეალურად ძალიან უსამართლოდ, უმიზეზოდ გამათავისუფლეს. სამსახურში აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს საქმიანობას ისევ ისეთივე წარმატებით გავაგრძელებ”, - აცხადებს ანა მაჩიტაძე.
,,პროკრედიტ ბანკში” კი აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ ჩაუბარებიათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბანკის სამომავლო ქმედება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ცნობილი არ არის.
,,გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ,,პროკრედიტ ბანკის” პოლიტიკას, რომელიც გამორიცხავს, ნებისმიერი საბანკო გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის თანამშრომლის შერჩევას, დაწინაურებას, თანამშრომლობის შეწყვეტას, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა სოციალური ნიშნით.
რაც შეეხება "პროკრედიტ ბანკის" ყოფილ თანამშრომელს, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო. იქედან გამომდინარე, რომ ჯერ არ ჩაგვბარებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის განსაზღვრული ბანკის სამომავლო ქმედება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, - აცხადებენ „პროკრედიტ ბანკში“.
ქრისტინე გამთენაძე