„არ არის გამორიცხული, რომ ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდეს“
ბოლო ხანებში საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასი გაიზარდა: თითქმის ყველა დასახელების საწვავის ფასი 10-15 თეთრით არის მომატებული, რაც მოსახლეობაში აჩენს კითხვას - კიდევ ხომ არ გაძვირდება საწვავი? როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ნავთობის მიმდინარე ფასებზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას:
ვანო მთვრალაშვილი - ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 7-8 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა. ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,06 დოლარი ერთ ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 48,56 დოლარი/ბარელზე. ნავთობის მიმდინარე ფასებზე შემდეგი ძირითადი ფაქტორები მოქმედებს: ბოლო პერიოდში კანადასა და ნიგერიაში ადგილი ჰქონდა ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის შემცირებას. თუ კანადაში ნავთობის მოპოვების შემცირება ტექნიკური პრობლემებით აიხსნება, ნიგერიაში ვითარება კიდევ უფრო რთულადაა: ე.წ. ბოევიკთა დაჯგუფებამ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნავთობსადენები დააზიანა, რამაც ნიგერიაში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. ამავდროულად, წლის დასაწყისიდან იზრდება ნავთობის იმპორტი და მოხმარება ჩინეთსა და ინდოეთში. კერძოდ, ჩინეთში ბენზინის მოხმარება 6%-ითაა გაზრდილი. ნავთობის ფასის მიმდინარე ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული 2 ივნისს გამართულ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების (ოპეკი) შეხვედრაზე, სადაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ნავთობის მიმდინარე მოპოვების „გაყინვის“ თაობაზე. მართალია, მსოფლიო სანავთობო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე - ირანი ყოველდღიურად ზრდის მსოფლიოში ნავთობის ექსპორტს, ასევე გაზრდილია ნავთობის მოპოვება და ექსპორტი ერაყიდან და ქუვეითიდან, მაგრამ ამ ორი, მნიშვნელოვანი ფაქტორის მიუხედავად, რომელიც წინა პერიოდში ნავთობის დაბალ ფასებს განსაზღვრავდა, ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს.
ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასების ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს, რადგან წინ გვაქვს ზაფხულის პერიოდი, როდესაც ნავთობის მოხმარება და მასზე მოთხოვნილება ტრადიციულად იზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ რთული პოლიტიკური ვითარებაა რიგ მნიშვნელოვან ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში. შესაბამისად, ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია - აღნიშნა მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრის დროს: „საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, ფასების ზრდას ჩვენთანაც აქვს ადგილი, რის გამოც, 1 ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 12-15 თეთრით გაძვირდა. საწვავის ფასის ზრდა შეეხო როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს. რომ არა ლარის გამყარება და კონკურენციის ფაქტორი, გაძვირება გაცილებით მასშტაბური იქნებოდა“ - აცხადებს მთვრალაშვილი.
ანალიტიკოს ბექა კემულარიას შეფასებით, საწავავის გაძვირება მხოლოდ საერთაშორისო ფასებით არ არის განპირობებული: „მსოფლიოში ნავთობის ფასმა მართლაც მოიმატა, მაგრამ ნავთობი მსოფლიოში ხან გაძვირდება და ხან - გაიაფდება. ეს მუდმივი პროცესია, ასევე ცვალებადია ლარის კურსიც, შესაბამისად, ამ ორ კომპონენტზეა დამოკიდებული ჩვენთან არსებული საწვავის ფასები, მაგრამ მთავარი მაინც კარტელში მონაწილე 5 კომპანიის ნებაა. ისინი მყისიერად მხოლოდ ნავთობის გაძვირებაზე რეაგირებენ, შემცირებით კი, ნაკლებად იწუხებენ თავს”.
ანალიტიკოსის ვარაუდით, კარტელური შეთანხმება ამ ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს:
ბექა კემულარია - რა თქმა უნდა, ამ კომპანიებს თუ რამდენიმე თვის წინ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთთან კარტელური შეთანხმება აკავშირებდათ, ეს ერთ დღეში, ან ერთ თვეში არ მოიშლებოდა. ყველამ ვიცით, რომ მსხვილმა კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და მანამ, ვიდრე სასამართლო არ დასრულდება, არც აპირებენ სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებას. თუ თვეების წინ არსებობდა კარტელური შეთანხმება, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს კომპანიები ისევ აგრძელებდნენ გარიგებებს ერთმანეთთან. თუ დავაკვირდებით, საწვავის ფასები საქართველოში ხშირად ამ კომპანიების სურვილით იცვლება - მათ მიერ ნაყიდი საწვავის თვითღირებულების შესაბამისად. ეს კომპანიები მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება მაქსიმალური მოგება მიიღონ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტი ცდილობს, რომ მოგება ჰქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს კანონდარღვევით. სავარაუდოა, რომ მათ შორის კარტელური შეთანხმება დღესაც არსებობს. მართალია, ბოლო ხანებში მსოფლიოში ნავთობის ფასმა მართლაც მოიმატა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლარი გამყარდა. ვფიქრობ, რომ ფასების ცვლილება, რომელსაც ქართულ ბაზარზე აქვს ადგილი, არც ამჟამად შეესაბამება საერთაშორისო ბაზრის მდგომარეობას.
ანალიტიკოსის აზრით, ხშირად მცირე კომპანიებს უფრო რეალური ფასები აქვთ, ვიდრე მსხვილ ბრენდებს: „მომხმარებელი არ უნდა მოტყუვდეს იმით, რომ ვიღაცას “მომღერალი”, ან “მოცეკვავე” საწვავი აქვს, მთავარია, რომ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ერთნაირია. ეს მაჩვენებლები დადგენილია ევროპაში და ჩვენთანაც მოქმედებს. ამიტომ, მომხმარებელმა იქ უნდა ჩაასხას საწვავი თავის მანქანაში, სადაც შედარებით იაფი ღირს“, - აცხადებს ბექა კემულარია.
ხათუნა ჩიგოგიძე