ლარი დიდი სისწრაფით დაბლა ეშვება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა თითქმის 10 პუნქტით გაუფასურდა. მთავრობა, რომელიც ათიოდე დღის წინ ლარის გამყარებით თავს იწონებდა და დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებდა, დუმს. კომენტარს არ აკეთებენ ეროვნულ ბანკშიც. არადა, მოსახლეობა უკვე პანიკის ზღვარზეა. ხალხი შიშობს, რომ კურსი, შესაძლოა, ისევ ძველ, 2,4-ის ნიშნულს დაუბრუნდება.
ძლივს გამყარებული ლარი მეორე კვარტალსაც კიდევ ერთი დიდი დაცემით ასრულებს. თუ ერთი კვირის წინ ერთი დოლარი 2,13 ლარი ღირდა, დღეს ლარი დოლარის მიმართ უკვე 2,23-ის ნიშნულზეა. ლარის სწრაფად გაუფასურების მიზეზი, შესაძლოა, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გატარებული მონეტარული პოლიტიკა იყოს, მეორე მხრივ კი ქვეყნიდან კაპიტალის გადინება.
საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი, მარტში, პირველი კვარტლის მიწურულს ეროვნული ვალუტა მკვეთრად დაეცა. ახლა მეორე კვარტალი იწურება და ლარი ისევ უფასურდება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პერიოდში ფინანსურ სექტორს უცხოურ ვალუტაში ვალდებულების გასტუმრების პერიოდი უდგას და დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვას ახორციელებს. მესამე კვარტლის ბოლო სექტემბერში უწევს და გამორიცხული არაა, რომ ლარმა მორიგი ვარდნა სწორედ წინასაარჩევნოდ განიცადოს.
რა მოხდა რეალურად და რატომ დაეცა ეროვნული ვალუტის კურსი ასე მოკლე პერიოდში ასეთი სისწრაფით, ამაზე მთავრობაში არავინ საუბრობს. არც ეროვნული ბანკი აკეთებს რაიმე განმარტებას. სებ-ი ამჯერადაც ტრადიციულად სამარისებურ დუმილს ამჯობინებს. მართალია, ორგანული კანონით სებ-ი პასუხისმგებელი მხოლოდ ინფლაციაზეა, თუმცა ყველა ინფორმაცია კურსის ფორმირებასთან დაკავშირებით და ასევე მოკლევადიან პერიოდში კურსის სტაბილურობის მონეტარული ბერკეტი მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს. შესაბამისად, როდესაც საზოგადოება ლარის ვარდნაზე პასუხს სებ-ისგან ითხოვს, პასუხიც მისგან უნდა მიიღოს.
მანამდე კი, ვიდრე ლარი სწრაფად ვარდნას დაიწყებდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და საპროცენტო განაკვეთი 7%-მდე დასწია. მეორე დღეს კი ლარი დოლარის მიმართ ერთბაშად 4 პუნქტით, 2,13-დან 2,17-მდე გაუფასურდა, დღეს კი ერთი დოლარი უკვე 2,2240 ლარი ეღირება.
მონეტარული პოლიტიკის შერბილებამდე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 258 350 000 დოლარი გამოაცალა. მანამდე სებ-მა მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მასა გაზარდა, სავალუტო აუქციონის შედეგად კი ბაზარს დამატებითი ლარი მიაწოდა.
თსუ-ის ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლარის გაუფასურება გამოეწვია. ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა, დიდი ალბათობით, ქვეყნიდან კაპიტალის გადინების გამო მოხდა.
"დღეს არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები იმის საფუძველს არ იძლევა, რომ ლარი ასე ერთბაშად გაუფასურდეს. ამის ნიშნები არც ერთი კვირის წინ იყო. აქ საქმე უფრო სხვა მოვნელასთან გვაქვს. ლარის ვარდნის მიზეზი, შესაძლოა, ქვეყნიდან ვალუტის გადინება იყოს. ალბათ, მსხვილ ორგანიზაციებს, კონკრეტულად კი კომერციულ ბანკებს, მოუწიათ თავიანთ პარტნიორებთან სესხების პროცენტის გასტუმრება. კრედიტის დასაფარად ეკონომიკიდან დიდი რაოდენობით დოლარი ამოიღეს და საზღვარგარეთ გადარიცხეს. ეს შეიძლება იყოს ერთი მიზეზი, თუ რატომ გაუფასურდა ასე მალე, ასეთი სისწრაფით ლარი.
კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, იყოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება. როგორც იცით, ბოლო პერიოდში მთავრობამ "ევრობანკთან" თანამშრომლობის შედეგად გამოუშვა ფასიანი ქაღალდები. მისი ეკონომიკაში ჩაშვებით კი ლარის მასა გაზარდა, რამაც ვალუტის კურსზეც მოახდინა გავლენა. სპეკულაციას გამოვრიცხავ. მაკროეკონომიკური პარამეტრებიც, როგორც უკვე აღვნიშნე, არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ლარი გაუფასურებულიყო", - განუცახდა "რეზონანსს" ჭარაიამ.
ლარის მოულოდნელი გაუფასურების მიზეზებზე საუბარი უჭირს "ადმირალ მარკეტსის" ხელმძღვანელ დავით წიქარიძეს. "იმის გამო, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა, რთულია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ლარის კურსის ასეთი უცაბედი ვარდნა. არაა გამორიცხული, რომ ისევ სპეკულაციასთან გვქონდეს საქმე. მართალია, არ მინდა ეს დავიჯერო, თუმცა შეიძლება ასეც იყოს", - განაცხადა წიქარიძემ.
გააგრძელებს ლარი ვარდნას თუ დაუბრუნდება ერთი კვირის წინანდელს მაჩვენებელს, ეს მალე გაირკვევა. ვახტანგ ჭარაია იმედოვნებს, რომ ლარი რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დასტაბილურდება, უფრო მეტიც, გამყარებისკენაც დაიწყებს სვლას.
ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"