“ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, შრომისუნარიანია”
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 913 ლარია. ოფიციალური მონაცემები არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ექსპერტთა უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ ეს ციფრი ხელოვნურადაა გაზრდილი.
დასაქმებულთა დიდ ნაწილს ძალიან მცირე შემოსავალი აქვს. რიგ შემთხვევაში ხელფასი, რომლითაც ადამიანთა გარკვეული კატეგორია ოჯახს არჩენს, მცირედით ან სულაც არ აღემატება იმ სოციალურ შემწეობას, რასაც სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მიიღებდა. დაბალი შემოსავლის მიღების პერსპექტივა, შრომისუნარიანი მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას შესაძლოა, უჩენდეს სურვილს, რომ იყოს დაუსაქმებელი და სახელმწიფო შემწეობით დაკმაყოფილდეს. ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, წლიდან წლამდე სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მხოლოდ მცირედით იცვლება.
მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში სოციალური დახმარებით სარგებლობს 469 600 პირი. მსურველი კი გაცილებით მეტია. ყოველთვიურად სახელწიფოსგან დაახლოებით 22 მილიონი ლარია გამოყოფილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის.
სოციალური დახმარება დიფერენცირებულია. შემწეობის მიმღებთა მცირე ნაწილი თანხას ძველი მეთოდოლოგიით იღებს და ის შეადგენს ოჯახის უფროსზე 60 ლარს, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებზე - 48 ლარს. ახალი მეთოდოლოგიით კი, სოციალური დახმარება გაიცემა მინიჭებული ქულების მიხედვით. კერძოდ, 30 ათას ქულამდე ოჯახის თითოეულ წევრზე გათვალისწინებულია 60 ლარი, 30-დან 57 ათასამდე - 50 ლარი, 57-60 ათას ქულამდე 40 ლარი და 60-დან 65 ათასამდე 30 ლარი. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ოჯახში არის 7 წევრი და მათთვის მინიჭებული ქულა არ აღემატება 30 ათასს, ოჯახი ყოველთვე მიიღებს 420 ლარს.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უარყოფითი კორელაცია სოციალურ დახმარებასა და დასაქმებისადმი სტიმულებს შორის არსებობს. რაც უფო მაღალია სოციალური დახმარება და დაბალია საზოგადოების განვითარების დონე, მით უფრო ძლიერია ეს კორელაცია. შესაბამისად, სოციალური დახმარების მოლოდინი ხშირ შემთხვევაში, ბევრ შრომისუნარიან მოქალაქეს გამორიცხავს შრომითი ბაზიდან.
ექსპერტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ამ ცდუნებას უნდა დაუპირისპირდეს ადამიანის მენტალობა და სურვილი, არ დაკმაყოფილდეს მცირედით.
„იმ ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, შრომისუნარიანია. დასაქმების შემთხვევაში, მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოეხსნებათ. ამიტომაც არჩევენ, იყვნენ მცირედი შემწეობის იმედად და არ ჩაებან შრომით საქმიანობაში. ამ კუთხით, მენტალობის პრობლემა არამხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ გვექნებოდა მეტი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა, დახმარების მიღების მსურველთა კონტიგენტი შემცირდებოდა, და შესაძლებელი იქნებოდა, უფრო მეტი თანხა გადანაწილებულიყო თითოეულ ერთეულზე, იმ ადამიანებზე, რომელთაც ნამდვილად არ აქვთ მუშაობის საშუალება და სახელმწიფოსგან უფრო მეტ დახმარებას საჭიროებენ“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაძლიოს ერთგვარი, მენტალური ინფანტილიზმი - ბავშვური დამოკიდებულება, რომ თითქოს ყველაფერზე უფროსმა, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
„ჩვენ როცა ვსაუბრობთ მთლიან საზოგადოებაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობა უნდა წარმოვიდგინოთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უარყოფითი კორელაცია სოციალურ დახმარებასა და დასაქმებისადმი სტიმულებს შორის, ეს ნორმალურ საზოგადოებაში და ნორმალური ცნობიერების მქონე ადამიანებში, იმდენად სუსტი კორელაციაა, რომ ამან შრომის სტიმული წესით არ უნდა შეამციროს. რაც უფრო განათლებულია და ამბიციური ადამიანი და სურს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, ეს კორელაცია სუსტდება“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
საზოგადოების განწყობა სოციალური დახმარების მიღების მიმართ არაერთგვაროვანია. მაგალითად, ბოლო პერიოდში შვეიცარიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი მიზანშეწონილად თვლის იმუშაოს და ამით გაზარდოს თავისი შემოსავალი, ვიდრე იყოს სახელმწიფოს კმაყოფაზე.
პოლონელი ხალხი კი 90-იანი წლების დასაწყისში შვედეთში უცნაური მიზეზით, ციხეში მოხვედრის სურვილით გადადიოდა. იმ დროს შვედეთში წვრილმან ხულიგნობაზე საკმაოდ ლიბერალური კანონი ვრცელდებოდა. პატიმრებს სამჯერადი კვებით უმასპინძლდებოდნენ, ამასთან, აძლევდნენ ე.წ. ჯიბის ფულს. ეს თანხა კი მაშინ პოლონეთში არსებულ ხელფასს ოთხჯერ აღემატებოდა. ამის გამო პოლონეთიდან უამრავი ადამიანი, ძირითადად მამაკაცები გადადიოდნენ შვედეთში, განგებ ჩაიდენდნენ წვრილმან დანაშაულს და მისჯილ დღეებს ციხეში ატარებდნენ. ამან იმდენად გროტესკული სახე მიიღო, რომ იძულებულები გახდნენ ეს კომპენსაციები შეეწყვიტათ და კანონი გაემკაცრებინათ.
ქრისტინე გამთენაძე