ბოლო დროს, და განსაკუთრებით ლარის დევალვაციის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ბევრი ექსპერტი (და არაექსპერტი) ლაპარაკობს, როგორც ლარის შემდგომ გამყარებაზე, ისე ახლა, ამ ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე.
გამოითქვა უამრავი აზრი და ვარაუდი, რაც საბოლო ჯამში დაემსგავსა უფრო მკითხაობას, თუ რა მიზეზით განიცდის ლარის კურსი ასეთ მკვეთრ ცვლილებებს.
მარტივად რომ ვთქვათ, ლარის კურსი არის, მიმოქცევაში არსებული აშშ დოლარის და ლარის „აქტიური“ მასის თანაფარდობითი ბალანსი.
რა საკვირველია, რომ ლარის კურსის ცვლილებები განპირობებულია სავალუტო ნაკადების მოცულობებზე (მათ ცვლილებებზე) და მათ ინტენსიურობაზე (იქნება ეს საგარეო ვალდებულებების მომსახურება, თუ პირდაპირი და პორთფელური ინვესტიციები).
აგრეთვე კურსის ცვლილებები დამოკიდებულია უშუალოდ ეროვნული ბანკის მიერ „ღია“ ფინანსურ ბაზარზე განხორციელებულ ოპერაციებზე (სავალუტო ინტერვენციები, რეფინანსირების სესხები, სარეზერვო ნორმები, რეპო-ოპერაციები და ა.შ.).
საერთოდ სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილებები, შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ერთი მიმართულების ტრენდის შემთხვევაში, ძირითადათ დამოკიდებულია არა იმდენად მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე (და თუ ესეა, მაშინ კრიზისული სიტუაციაში ვიმყოფებით), როგორც დამოკიდებულია ვალუტის დევალვაციის (ან პირიქით – რევალვაციის) მოლოდინებზე, რასაც ეძახიან – „დომინოს ეფექტს“.
ზუსტად ამიტომაც ხდება, რომ ვალუტის კურსი, როგორც წესი სცილდება ე.წ. „ობიექტურ“ მაჩვენებელს, რის შემდეგაც ამას მოყვება კურსის „კორექცია“ (კურსის „დაბრუნება“ ობიექტურ მაჩვენებელზე).
უნდა ითქვას, რომ ვალუტის კურსი ითვლება სტაბილურ კურსად, როდესაც ის მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში (და არ არის „ერთ ადგილზე გაყინული“) და არ გააჩნია მკვეთრი რყევების (ცვლილებების) ტენდენციურობა.
ამასთან ერთად, ეროვნულ ბანკს გააჩნია სავალუტო კურსის რეგულირების საკმაოდ ქმედითუნარიანი მექანიზმები და პირველ რიგში ეს არის – ეროვნული ბანკის ოპერაციები ბანკთაშორისი „ღია“ საფინანსო ბაზარზე.
აი რამდენად ეფექტიანად იყენებს ამ შესაძლებლობებს ეროვნული ბანკი – ეს უკვე სხვა საკითხია!
სავალუტო ბაზარი
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მოქმედებები არაეფექტიანია!
პირველი და მთავარი მიზეზი მდგომარეობს – სავალუტო კურსის ფორმირების არსებულ მექანიზმებზე და მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი სახის ტექნოლოგიებია გამოყენებული (სავაჭრო „ფლატფორმის“ სახით) – Bloomberg-ის, Routers – ის თუ „დაშორებული“ სავაჭრო ტერმინალების მეშვეობით ორგანიზებული დამოუკიდებელი სავაჭრო სივრცე).
აქ მთავარია, თუ რა პრინციპების საფუძველზე ყალიბდება ე.წ. „ოფიციალური“ ან თუ გნებავთ „საბაზრო“ კურსი.
სავალუტო ვაჭრობებზე არ ხდება მოთხოვნა – მიწოდების კონცენტრაცია, დროის გარკვეულ შეზღუდულ პერიოდში, შესაბამისად სავაჭრო სესიის ფარგლებში (იმიტომ, რომ ვალუტით ვაჭრობა მიმდინარეობს სრული დღის განმავლობაში, ბანკების პერმანენტულად ჩართვის რეჟიმში), რის შედეგადაც ეროვნული ბანკი ვერ ხედავს სავალუტო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას (და სიტუაციას) და შესაბამისად ეფექტიანად ვერ ახორციელებს ინტერვენციებს, რასაც მოყვება სავალუტო რეზერვების ან არაეფექტიანი ხარჯვა და ან პირიქით – გაუმართლებელი დაზოგვა.
ბანკთაშორის სავალუტო ბაზარს არ გააჩნია ის შიდა რეგულაციები (როგორიც გააჩნიათ მაგალითად – საბირჟო სისტემებს), რომლებიც გარკვეულწილად იცავენ სავალუტო კურს მკვეთრი რყევებისაგან და კურსით მანიპულირებისაგან.
რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას და ლარის მასის რეგულირების შესაძლებლობებს (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის და ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების ფორმირებისათვის) – აქაც ეროვნული ბანკის შესაძლებლობები ხელოვნურად შეზღუდულია და ნაკლებეფექტიანი…
საბირჟო პრინციპებზე აგებული – ორგანიზებული ბანკთაშორისი ბაზრის არარსებობის პირობებში, არ არის მაგალითად – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ლიკვიდური მეორადი ბაზარი (მიმოქცევა) და ეროვნულ ბანკს არ შეუძლია ოპერატიულად განახორციელოს ამ ბაზარზე ოპერაციები, ფულადი მასის სწრაფად და ეფექტიანად რეგულირების თვალსაზრისით (რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არანაკლებ მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის ფორმირებისათვის).
ფაქტიურად არ არსებობს ბანკთაშორისი ორგანიზებული საკრედიტო ბაზარი (ბანკთაშორისი სესხების სახით) და ესეთი ბაზრის არსებობის პირობებში, ეროვნულ ბანკს აღარ დასჭირდებოდა რეფინანსირების სესხების ესეთი მოცულობებით გაცემა და აღარ იქნებოდა გადამეტებულად ფულის მასის მიწოდების (და საბანკო სექტორში ამ ფულის მასის „ჩარჩენის“) რისკი.
მოკლედ რომ ვთქვათ, სავალუტო კურსის „სიჯანსაღე“ მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია მონეტარულ – ფინანსური ბაზრის განვითარების დონეზე, რაც სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ვერა და ვერ იქნა მიღწეული.
ამიტომაც ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდა – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურად განვითარებისათვის და ეკონომიკური სისტემის მდგრადობისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება სავალუტო კურსის ფორმირების მექანიზმი, ჩვენ მუდამ ვიქნებით გაურკვევლობაში და „მკითხაობის“ რეჟიმში!
ვახტანგ ხომიზურაშვილი
"ბანკები და ფინანსები"