ზაფხულის ცხელი დღეები უკვე დაიწყო და მოსახლეობის დიდი ნაწილი მომავალ შვებულებას გეგმავს. თანხას დასვენებისთვის ყველა საკუთარი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ანაწილებს. ზოგი ზღვას ანიჭებს უპირატესობას, ნაწილი კი მთას და სუფთა ჰაერს არჩევს. ,,ბიზნესპრესნიუსი” შეეცადა გაერკვია, რა ღირს დასვენება საქართველოს ცნობილ კურორტებზე, როგორია სასტუმროების შემოთავაზებები და რამდენად კმაყოფილები არიან მიმდინარე სეზონით ადგილობრივი ბიზნესოპერატორები.
აბასთუმანში აქტიური სეზონი მაისიდან, ფიჭვის ყვავილობასთან ერთად იწყება. როგორც აბასთუმანში მდებარე სასტუმრო ,,კაპას” მფლობელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მომხმარებლებს წელსაც შარშანდელის მსგავსი ფასებით დახვდნენ. მისი ინფორმაციით, ერთი ღამის ღირებულება ერთ კაცზე 80 ლარია. ფასში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. რაც შეეხება ბავშვებს, 2 წლამდე ასაკის ბავშვი სასტუმროში უფასოდ, ხოლო 6 წლამდე ნახევარ ფასად განთავსდება.
,,ათი წელია ვიღებთ დამსვენებლებს. აბასთუმანში აქტიური თვეები მაისი, ივლისი და აგვისტოა,” - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.
სეზონის გააქტიურებას ელოდებიან წყალტუბოშიც. ,,არგო წყალტუბოში” ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი ნუგზარ გიორგიძე აღნიშნავს, ფასი ერთ ადამიანზე 35 ლარიდან იწყება, კვებით კი 50 ლარი ღირს.
წყალტუბოში დამსვენებელთა აქტიურობა ივლისიდან იწყება და 15 სექტემბრამდე გრძელდება.
საკურორტო სეზონი ჯერ არ გახსნილა ბახმაროში. აქ დამსვენებლებს ძირითადად, 10 ივლისის შემდეგ ელოდებიან. როგორც სასტუმრო ,,ბახმაროს” წარმომადგენელი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე იქ მხოლოდ ადგილობრივები არიან და სტუმრების დასახვედრად შესაბამის ინფრასტრუქტურას ამზადებენ.
თავად სასტუმრო ,,ბახმაროში” ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი აღნიშნავს, მომხმარებელი უკვე აქტიურობს.
,,ნახევარი სასტუმრო დაჯავშნილია, რაც შეეხება ფასს, 100 დოლარიდან იწყება და 200 დოლარამდე მერყეობს. ღირებულებაში სამჯერადი კვება და სტანდარტული პირობებია გათვალისწინებული,” - აღნიშნავს სასტუმროს წარმომადგენელი.
ბახმაროში სეზონი 19 აგვისტომდე, ფერისცვალების დღესასწაულამდე გრძელდება. ადგილობრივებს წყლის პრობლემა წელსაც აწუხებთ. როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, არის ქუჩები, სადაც წყალმომარაგება ძალიან შეზღუდულია.
ბახმაროში დამსვენებლებს კოტეჯის დაქირავების საშუალებაც აქვთ. ფასი აქ სხვადასხვანაირია და 21 დღით ერთი კოტეჯის ქირაობისთვის საჭირო თანხა 1000 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში, 6000 ლარამდე აღწევს. აქ მნიშვნელობა აქვს შემოთავაზებულ პირობებს, ოთახების რაოდენობასა და კოტეჯის ადგილმდებარეობას. სიძვირე განსაკუთრებით იმ უბნებშია, სადაც წყალმომარაგების პრობლემა ასე თუ ისე მოგვარებულია.
დამსვენებელთა სიმცირეზე საუბრობს საირმეში მდებარე სასტუმროს ,,სამოთხის” მფლობელი. მისი ინფორმაციით, კურორტზე წელს ძალიან ცოტა ადამიანი ჩავიდა. პასიურობენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე უცხოელი ვიზიტორები.
,,ძალიან ცუდი სეზონია. მარტო ჩვენს სასტუმროში კი არა, მთელს კურორტზე დამსვენებელთა ნაკლებობაა, 60-კაციან სასტუმროში ამჟამად 7 ადამიანი ისვენებს. ფასები შარშანდელთან შედარებით შეცვლილი არ არის. 35 ლარიდან იწყება, გვაქვს 40 და 50 ლარიანი ნომრებიც. ღირებულებაში კვებაც გათვალისწინებულია. დაბალი ფასები გვაქვს, მაგრამ დამსვენებელი არ ჩანს. ნახევარი დატვირთვითაც კი ვერ ვმუშაობთ,” - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.
რაც შეეხება სურამს, ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონეები აქაც უწყლობას უჩივიან. როგორც სასტუმრო ,,თეთრი სახლის” მფლობელი აღნიშნავს, წელს სურამში საკმაოდ ბევრი დამსვენებელი ჩავიდა. სეზონი კურორტზე მაისიდან იწყება და კიდევ ორი თვე - ივლისი, აგვისტო გრძელდება. სასტუმო ,,თეთრ სახლში” ერთი ნომრის ფასი 40 ლარიდან იწყება და 80 ლარამდე მერყეობს.
იხილეთ ინგლისური ვერსია What will it cost you to spend summer in Georgia’s most popular resorts
ქრისტინე გამთენაძე