თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს ტუროპერატორები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ადგილობრივი ტუროპერატორები იმ მგზავრებს, ვინც თურქეთის კურორტებზე გამგზავრებას აპირებდა, ან ვინც თურქეთის გავლით სხვა ქვეყანაში მიფრინავდა, ინდივიდუალურად სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობენ.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ტურისტულ სააგენტო "ფრი თრეველში" განუცხადეს, იმ ტურისტების უმეტესობამ, ვინც თურქეთში დასასვენებლად გამგზავრებას უახლოეს დღეებში აპირებდა, საგზურები უკან დააბრუნეს და ტუროპერატორმა მათ გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურა. მათ კი, ვინც თურქეთის გავლით სხვა ქვეყანაში მიფრინავდა, ტუროპერატორები ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობენ. ტუროპერატორების განცხადებით, ავიაკომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ მგზავრების მიერ შეძენილი ბილეთები უკან დაიბრუნონ, გადაცვალონ სხვა რეისის ბილეთებზე ან ბილეთში გადახდილი თანხა მგზავრებს უკან დაუბრუნონ.
ტურისტულ სააგენტო "ლავ ტურსში" აცხადებენ, რომ მათი ტურისტები ამ ეტაპზე თურქეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ტუროპერატორის მენეჯმენტის განცხადებით, მათი შემდგომი ნაბიჯები კონკრეტული მგზავრის მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული. "ლავ ტურსში" ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მგზავრთა ერთი ნაწილის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ დააბრუნონ საგზურები და გადახდილი თანხა უკან მიიღონ. მგზავრების მეორე ნაწილს კი არ სურს თურქეთის კურორტებზე გამგზავრებაზე უარი თქვან, რასაც თავის მხრივ არ ურჩევს ტუროპერატორი. ტურისტულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საგზურში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მხოლოდ მათ შესაძლებლობებს აღემატება და აღნიშნულზე მზაობა უნდა მოხდეს მათ შორის სასტურმროსა და ავიაკომპანიის მხრიდან.
თურქეთში გუშინ მომხდარი ორმხრივი შეტაკებებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა.
თურქული მედიის ცნობით, დაახლოებით 200 ჯარისკაცი გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა. საერთო ჯამში, დაკავებულთა რაოდენობა 1600-მდე გაიზარდა.