რა ვალუტაში აქვს ანაბრები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.

კობა გვენეტაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 3 მაისს შეავსო. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, გვენეტაძისა და მისი მეუღლის, ირინე კოკაიას პირად საკუთრებაშია სამი ბინა, საცხოვრებელი სახლი აშშ-ში, ვაშინგტონის ოლქში, მიწის ნაკვეთები ვაშინგტონსა და საქართველოში, კონკრეტულად კი სოფელ კუმისში და ასევე რეგისტრაციის პროცესში არსებული საცხოვებელი სახლი სოფელ კუმისში.

კობა გვენეტაძის მფლობელობაშია ავტომანქანა – 2014 წელს გამოშვებული Lexus GX 460, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საბანკო ანაბრები, მით უმეტეს, მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას.

"მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხთვევაში, იქნება ეს ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ "რეზონანსთან" მიცემულ ინტერვიუში.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, საქარველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ადგილობრივ კომერციულ ბანკებში ანაბრები აქვს, როგორც ლარში, ასევე დოლარში. დეკლარაციის შევსების მომენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ანაბრები აქვს „რესპუბლიკა ბანკში“, „პროკრედიტ ბანკში“, „საქართველოს ბანკში“, „თიბისი ბანკსა“ და „ლიბერთი ბანკში“. დეკლარაციის თანახმად, „რესპუბლიკა ბანკში“ კობა გვენეტაძის ანგარიშზეა 29 750 ლარი, „პროკრედიტ ბანკში“ – 110 000 ლარი, 1 097 და 1000 დოლარი, საქართველოს ბანკში - 148 000 დოლარი, 28 770 დოლარი, 10 000 ლარი, „თიბისი ბანკში“ – 4 564 დოლარი, „ლიბერთი ბანკში“ – 5 984 დოლარი, ასევე 24 796 დოლარი – „ამექსზე“.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ირინე კოკაიას თიბისი ბანკში სახელფასო ბარათზე 1 326 დოლარი აქვს, მიმდინარე ანგარიშზე კი 6.20 დოლარი.

დეკლარაციის მიხედვით, ნაღდი ფულის სახით კობა გვენეტაძეს 4 500 ლარი და 3 350 დოლარი აქვს.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2012 წლის თებერვლიდან 2016 წლის აპრილამდე დიდ ბრიტანეთში „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აქციონერი იყო და გასული წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შემოსავლის სახით 2005.98 ფუნტი მიიღო. მისი მეუღლე ირინე კოკაია კი 2009 წლის ივლიდან 2016 წლის მაისამდე „თელიანი ველის“ აქციონერი იყო.

კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ში ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

bpn