ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა.
სანავთობო ბაზრების გადანაწილებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ნავთობის ექსპორტიორები ბაზრის დაკარგვის შიშით ფასს აგდებენ, შემოსავლის დანაკლისის ანაზღაურებას კი ჭარბი მოპოვება-რეალიზაციით ცდილობენ. საქართველოში ჯერჯერობით საწვავზე ფასის ცვლილებას არ ელოდებიან.
ნავთობის მკვეთრი გაიაფება 2 წლის წინ დოლარის პერმანენტულ გამყარებასა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას მოჰყვა. ნავთობის ექსპორტი ორი ქვეყნების ნაწილმა, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ნიგერია, ალბანეთი, რომელთა შემოსავალი 90%-ით ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული, "შავი ოქროს" ფასდაკლებით გაყიდვა დაიწყო. ამ პროცესმა ბაზარზე თავისებური ქაოსი გამოიწვია. ბაზრის დაკარგვის შიშით, ფასდაკლებას სხვა მენავთობეებმაც მიმართეს. შედეგად, ბაზარზე გაჩნდა ჭარბი რაოდენობის იაფი ნავთობი, რომელმაც მოთხოვნას მკვეთრად გადააჭარბა.
ნავთობის მომპოვებლები ამ ჩიხიდან ვეღარ გამოდიან. ახალი წლიდან მოყოლებული, მუდმივად ისმის საუბარი ნავთობის "მოპოვების გაყინვაზე", თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერც ამ მიმართულებით ხერხდება. ირანი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა სანავთობო ბაზარზე, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების შემდეგ ძველი პოზიციების აღდგენასა და ექსპორტის გაზრდას ცდილობს. ამიტომ მისთვის "ნავთობის გაყინვის" იდეა არც ისე სახარბიელოა.
ოპეკ-ის წევრებმა ვერც საუდის არაბეთის დაყოლიება მოახერხეს. ამ ქვეყანაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნავთობის მოპოვება ყველაზე იაფი ჯდება, ვინაიდან ეს პროდუქტი მიწის ზედაპირთან ახლომდებარე ქანებშია განთავსებული. აქედან გამომდინარე, საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათთვის 20-დოლარიანი ნავთობიც ხელსაყრელია.
ამ დროისთვის "ბრენტის" ტიპის 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 44,4 დოლარია. სულ რაღაც 10 დღის წინ ამ პროდუქტის ფასი 50 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ცოტა ხნის წინ ნავთობის გაძვირებაზე გავლენა, გარკვეულწილად, ნიგერიაში არსებულმა დაძაბულმა მდგომარეობამ განაპირობა. კერძოდ, "ბოევიკებმა" ნავთობსადენები ხელში ჩაიგდეს და რამდენიმე მონაკვეთი ააფეთქეს კიდეც. ამის გამო ნიგერიული ნავთობის ექსპორტი მინიმუმამდე შემცირდა. ეს სახელმწიფო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა და ბუნებრივია, მისმა ბაზრიდან ამოვარდნამ ნავთობის ფასზე გავლენა მოახდინა.
ვანო მთვრალაშვილი "შავი ოქროს" სიიაფის მთავარ მიზეზს ისევ ჭარბ მიწოდებაში ხედავს. "ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მიწოდება მკვეთრად აჭარბებს მოთხოვნას. ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ში ნავთობის ჭაბურღილების რაოდენობამ 15 ერთეულით მოიმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა ნავთობის მოპოვებას კიდევ უფრო მეტად ზრდის. ამასთანავე, ირანი სრულფასოვნად ბრუნდება ბაზარზე, ექსპორტის მოცულობას ზრდის იმ მაჩვენებლამდე, რომელიც სანქციამდე ჰქონდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნიგერიაში ექსპორტის მოცულობა აღდგა, რადგან ნავთობსადენები ამბოხებულებისგან დაიხსნეს", - ამბობს მთვრალაშვილი.
მიუხედავად ამისა, ნავთობის ფასის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. ნებისმიერმა გეოპოლიტიკურმა მოვლენამ შესაძლოა, ვითარება შეცვალოს გაზრდის ან შემცირების მიმართულებით.
"იყო მოლოდინი, რომ ნავთობი ისევ გაიაფებას დაიწყებდა და 40 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდებოდა. რთულია პროგნოზის გაკეთება, ამ მხრივ სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებიც კი არ გამართლებულა. ნავთობის ფასს ვერც ერთი საკონსულტაციო და საინვესტიციო ჯგუფი ვერ განსაზღვრავს. ძნელია იმის თქმა, უახლოეს დღეებშიც კი ეს პროცესი რა მიმართულებით წარიმართება", - ამბობს მთვრალაშვილი და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის ამჟამინდელი ფასიც მომგებიანია. მაგალითად, საუდის არაბეთის, ქუვეითისა და გაერთიანებული საემიროებისთვის, რომლებსაც ნავთობის მოსაპოვებლად ჭაბურღილების დიდ სიღრმეში ჩაშვება არ უწევთ.
რუსეთისთვის, ირანისა და ვენესუელასთვის კი 40 დოლარიც წამგებიანია. ამ ქვეყნებში ნავთობი მიწის დიდი სიღრმიდან მოიპოვება, რაც ხარჯს ერთიორად ზრდის. ამიტომ მათთვის ნავთობის ამჟამინდელი ფასი არახელსაყრელია.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ნედლი ნავთობის გაიაფების პარალელურად, შემცირდა "პლატცის" ფასიც, რომლითაც ქართველი იმპორტიორები სარგებლობენ. ამიტომ, დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ადგილობრივ საბითუმო და საცალო ბაზარზე საწვავი აღარ უნდა გაძვირდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ლარი დოლარის მიმართ პოზიციას გაიმყარებს, პირიქით, საფასო ვექტორი გაიაფებისკენ შეტრიალდება.
მაკა ხარაზიშვილი
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"