ამერიკული სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანია Nike-ის გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასულ წელთან შედარებით, გასამმაგებული ოდენობის შემოსავალი მიიღო.
მარკ პარკერს აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების სახით 47,6 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
პარკერის უშუალო ხელფასი აღნიშნულ პერიოდში ყოველთვიურად 1,55 მილიონ დოლარს უდრიდა, თუმცა მის კუთვნილებაში არსებული ფასიანი ქარალდების ღირებულება, რომელიც მანამდე 3,5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული 33,5 მილიონამდე გაიზარდა. როგორც სააგენტო აღნიშნავს კომპანიის გულუხვობა გამოწვეულია მოტივით, რომ პარკერი დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლამდე შეინარჩუნოს.
მარკ პარკერი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე 2006 წელს დაინიშნა, რის შემდეგაც კომპანიის შემოსავლებმა წლიურ 32 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მის დირექტორობამდე ორჯერ ნაკლები გაყიდვები იყო. ამასთან პარკერმა პირობა დადო რომ კომპანიის შემოსავლებს 2020 წლისთვის 50 მილიარდამდე გაზრდიდა. მიმდინარე წელს პარკერი ისევ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
კოკა კვირკველია