შეიძლება ითქვას, ბოლო რამდენი წელია მომავალი პროფესიის შერჩევის კუთხით საქართველოში ტენდენციები არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთ პროფესიაზე მოთხოვნა გაიზარდა.
სპეციალისტების შეფასებით, ამა თუ იმ პროფესიაზე გაზრდილი მოთხოვნა დასაქმების მაღალ ალბათობას უკავშირდება.
ბიზნესი, სამართალი, ეკონომიკა, სამედიცინო და სამშენებლო - ეს ის პროფესიებია, რომელსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, წლებია აბიტურიენტები უპირატესობას ეკონომიკური მიმართულების სპეციალობებს ანიჭებენ.
„რამდენიმე წელია ტენდეციები შენარჩუნებულია და აბიტურიენტები ირჩევენ ეკონომიკას, ბიზნესს, მედიცინის სფეროს, რომელსაც მოსდევს სამართალი. ჟურნალისტიკაც მოთხოვნადია ხოლმე. წლევანდელ მონაცემებში ცვლილებები არ გვაქვს. თუმცა საგულისხმოა ის, რომ ინტერესი იზრდება საბუნებისმეტყველო მიმართულებების, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მიმართ. ამ პროფესიებზე მოთხოვნის გაზრდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ორი ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, აბიტურიენტი დასაქმების მეტ შესაძლებლობას ხედავს. მეორე მიზეზი კი ე.წ. უფასო ფაკულტეტებია, რომელიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს პროფესიების არჩევისას“, - აღნიშნავს მინდაძე.
მისი თქმით, ბოლო წლებში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა სამშენებლო მიმართულებებზე და ეს დასაქმების მაღალ ალბათობას უკავშირდება.
„წინა წლებს თუ შევადარებთ, სამშენებლო მიმართულებებზე მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილია. სტაბილურობას ინარჩუნებს ფილოლოგია, ისტორია. ასევე საინჟინრო სფეროსაც არჩევენ, უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავენ, ვიდრე ადრე იყო. ვფიქრობ, როდესაც აბიტურიენტი არჩევანს აკეთებს, თვლის, რომ ზუსტად იმ სფეროში იქნება წარმატებული და დასაქმებული“, - აცხადებს მინდაძე.
ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებს 40 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს, მინიმუმ 30 ათასი სტუდენტი ხდება. მათი უმეტესობა კი ყოველწლიურად მსგავს პროფესიებს ირჩევს. შრომის ბაზრის კვლევებს თუ გადავხედავთ, შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნა ერთმანეთს არ ემთხვევა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებულები ხშირად პროფესიისგან განსხვავებულ სფეროში იწყებენ მუშაობას.
შრომის ბაზრის 2015 წლის კვლევაში მოწინავე პოზიციებს დასაქმების კუთხით განათლების სფერო, უძრავი ქონება, მომსახურება, ვაჭრობა და მშენებლობა იკავებს.
ტოპ 3 სფერო, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა პირველ არჩევნად შემოხაზეს:
ბიზნესი - 4 722 აბიტურიენტი,
სამართალი - 4 182 აბიტურიენტი,
ეკონომიკა - 2 091 აბიტურიენტი.
ლიკა ამირაშვილი