საქართველოს მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს დეპოზიტების დიდი ნაწილი დოლარში აქვთ.
ეკონომიკის ექსპერტ დავით ასლანიშვილის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თითქმის ყველა მათგანი ეროვნულ ვალუტასთან შედარებით, მნიშვნელოვან უპირატესობას უცხოურ ვალუტას ანიჭებს.
დავით ასლანიშვილის კვლევის მიხედვით, პარლამენტარებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დოლარში დეპოზიტზე გიორგი ბარამიძეს აქვს განთავსებული. ბოლო მონაცემებით, მის დეპოზიტზე 222 205 დოლარი ფიქსირდება.
მეორე ადგილზე დავით ბეჟუაშვილია ანაბარზე 207 386 დოლარით. ბეჟუაშვილს ანაბარი ევროსა და ლარშიც აქვს გახსნილი, რაც 114 974 ევროსა და 89 641 ლარს შეადგენს.
პარლამენტარებს, გიორგი ლიპარტელიანსა და პაატა ლეჟავას დეპოზიტზე 135-135 ათასი დოლარი უდევთ.
პარლამენტარ ლერი ხაბელოვს კი ანაბარზე 100 ათასი დოლარი აქვს.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის წევრებს, კვლევის თანახმად, უცხოურ ვალუტაში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს აქვს დეპოზიტზე განთავსებული. მის მიერ დოლარში გახსნილ ანაბარზე 3 824 733 ირიცხება, ევროში 4 909 848 და ლარში მხოლოდ 64 179.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს კი ანაბარზე 1 045 360 დოლარი უდევს.
გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის დეპოზიტზე - 65 072 დოლარი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს 63 000 დოლარი უდევთ.
თითქმის ყველა მინისტრს აქვს ანაბარი ეროვნულ ვალუტაში გახსნილი, თუმცა მათზე დარიცხული თანხა საკმაოდ მცირეა და უცხოურ ვალუტაში დარიცხულ თანხებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ქრისტინე გამთენაძე