სამომხმარებლო ბაზარზე ფალსიფიკაციის რისკი დიდია, მაგრამ გამოვლენილი ფაქტები სულ რამდენიმეა.
სურსათის სფეროში ძნელად მოიძებნება ისეთი მიმართულება, სადაც ეს პრობლემა არ არის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების შეფასებით, ფალსიფიკაციის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა ყავა, თაფლი და ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, რომლის დიდი ნაწილი სამომხმარებლო ბაზარზე სუროგატი ნედლეულისგან არის დამზადებული.
სულ ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ურევდნენ ამავე ქარხანაში გადამუშავებულ ბარდას. მიღებული პროდუქციის რეალიზაცია კი ხდებოდა, როგორც ნატურალური ყავა.
სურსათის სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით, ფალსიფიკაციის პრობლემა ქართულ ბაზარზე რეალურად არსებობს, თუმცა გამოვლენილი ფაქტები სულ რამდენიმეა. სწორედ ასე ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებელი. გე"-ს დამფუძნებელი ლია თოდუა, რომლის თქმითაც საქართველოში ფალსიფიკაციის გამოვლენის შესაძლებლობა ძალიან მწირია.
"ნებისმიერ ფაქტს სჭირება დადასტურება. ფალსიფიცირებაა, როცა დადგენილი არ არის, მაგალითად, რა შეიძლება გაიყიდოს შოკოლადის დასახელებით. ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, სურსათის უვნებლობის სფეროს მიეკუთვნება, მაგრამ რამდენად არის პროდუქტის შემოწმების შესაძლებლობა? ჩვენ ორგანიზაციას აქვს რამდენიმე კვლევა, რითაც ზოგიერთი პროდუქტის ფალსიფიცირება ლაბორატორიულად დადასტურდა, თუმცა პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, მისი გამოვლენის შესაძლებლობა კი - მცირე", - განმარტავს თოდუა.
ფალსიფიკაცია არის ისეთი საკვები პროდუქციის დამზადება, რომელიც არ შეესაბამება რეცეპტურას ან დასახელებას. მასში ძირითადი ნედლეული შეცვლილია სუროგატებით, იმიტატორებით, მღებავი ნივთიერებებით, შემავსებლებით და სხვა. მწარმოებელი იაფი ინგრედიენტების, მარტივი ტექნოლოგიების გამოყენებით, ნაკლები წონითა და ფასით ატყუებს მყიდველს. მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში კომპეტენტური არაა ფალსიფიცირებული პროდუქციის არაფალსიფიცირებულისგან გარჩევაში, იგი ბრმად ენდობა რეკლამასაც.
მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, რომ ფალსიფიკაციის რისკი, კონტროლის გაძლიერების მიუხედავადაც, ჯერ კიდევ დიდია ქვეყანაში.
"მივესალმები ფაქტს, რომ კონკურენციის სააგენტო ამ საკითხით დაინტერესდა. ყავის ფალსიფიკაცია გაცილებით ადრე არასამთარვობო ორგანიზაციების კვლევებითაც დადასტურდა, მაგრამ რატომღაც არ მსმენია რომ რეაგირება მყისიერი ყოფილიყო. ანალოგიური პრობლემაა ტკბილეულის ბაზარზეც, ნამდვილი შოკოლადის ყიდვა მომხმარებლისთვის არც ისე ადვილია, რადგან ამ პოდუქტში აქტიურად გამოიყენება სოია, რაც მას გემურ თვისებას უკარგავს. შოკოლადის შემადგენლობის ამსახველ ეტიკეტზე თუ არ არის მითითებული, რომ პროდუქტი შეიცავს კაკაოს ზეთს, აშკარად ფალსიფიცირებულია. სინამდილეში ის არის კამფეტი და ეტიკეტზე ეს სახელწოდება აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული.
ბაზარზე ბევრია არაჟნის ფალსიფიკაციის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი არაჟანი ნაღებისგან ან ნაღების კარაქისგან უნდა მზადდებოდეს, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მეწარმე არაჟანში მცენარეულ ცხიმებს ამატებს. ასეთი "არაჟანი" ბაზარზე საკმაოდ აქტიურად იყიდება. იოგურტი რძის პოდუქტია, მაგრამ იშვიათად არის ნატურალური, რადგან უმეტესად სიროფისგან არის დამზადებული", - აცხადებს შენგელია.
მისი ინფორმაციით, ხშირია ასევე თაფლის ფალსიფიკაცია. მისი გარჩევა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია.
"ფალსიფიკატორები ხშირად თაფლს ბადაგით, სიროფითა და შაქრით ამზადებენ. ნამდვილი თაფლის ხელოვნურისაგან განსხვავება ზოგჯერ სპეციალისტისთვისაც რთულია, მაგრამ მაინც არსებობს ნიშნები, თუ როგორ განვასხვავოთ კონსისტენციის, ფერისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. თაღლითი მეფუტკრეები ფუტკარს ასმევენ შაქრიან სიროფს. მწერები ახდენენ მის ფერმენტაციას და გადაამუშავებენ, როგორც ყვავილოვან ნექტარს, მაგრამ სამკურნალო თვისებები ამ თაფლს არ გააჩნია.
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ფალსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, სიფრთხილე გვმართებს. მე შემიძლია ვთქვა, რომ პროდუქტი საეჭვოა, არ მომწონს მისი გემური თვისება, შეფერილობა და ა. შ. მაგრამ ფალსიფიცირების შემთხვევა ლაბორატორიამ უნდა დაამტკიცოს. ნებისმიერი ფაქტი შესაბამის დადასტურებას მოითხოვს", - აცხადებს ამირან შენგელია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, სადაც უვნებლობის ხარისხობრივი და სხვა მაჩვენებლებია გაწერილი. მათ შორის ერთ-ერთია თაფლის ტექნიკური რეგლამენტი, რომლის შესაბამისადაც უწყება ამ პროდუქტის კონტროლს ახორციელებს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა სოხაძე განმარტავს, თაფლთან დაკავშირებით ფალსიფიკაციის შემთხვევა არ გამოვლენილა.
"თაფლის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის 1-ლი ივლისიდან მოქმედებს. ფალსიფიკაცია, როგორც ტერმინი, სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში არ არსებობს, თუმცა აქ არის სურსათის უვნებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი - მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რომ მყიდველი არ იყოს მოტყუებული და შეცდომაში შეყვანილი. ეს, ცხადია, დამოკიდებულია პროდუქტის ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ფუნდამენტური შეთანხმებაა, სურსათი იყოს უვნებელი და პროდუქტის შიგთავსი შეესაბამებოდეს იმ ხარისხს, რაც ეტიკეტით არის განსაზღვრული.
თაფლს გააჩნია როგორც ხარისხობრივი, ასევე უვნებლობის მაჩვენებლები, ყველა რეგიონში ხდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა. სხვადასხვა ტიპის დარღვევა, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა ტენდენცია მაინც პოზიტიურია. კვლევის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია და კონტროლის დონე ევროკავშირმა დადებითად შეაფასა და მალე ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე მოხვდება", - განუცხადა "რეზონანსს" კახა სოხაძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"