საბანკო ბაზარზე კომერციული ბანკების ტოტალური გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, დაახლოებით 1-2 წელიწადში საქართველოს ბაზარზე ადგილი მხოლოდ 5-6 ბანკისთვის დარჩება, დანარჩენებს აბარგება მოუწევთ.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე სულ კომერციული 19 ბანკი ოპერირებს, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა, უახლოეს პერიოდში 17-მდე, ხოლო რამდენიმე თვეში 15-მდე ჩამოვიდეს.
მცირე ბანკებზეც რომ არაფერი ვთქვათ, საქმიანობის შეჩერების პირას რამდენიმე საშუალო დონის ბანკია. პარალელურად მიმდინარეობს გამსხვილების პროცესი. მაგალითად, "რესპუბლიკა" და "ბაზისბანკი" წლის ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" ქოლგის ქვეშ. გაცილებით ადრე "ბანკი კონსტანტა" "თიბისი ბანკს" შეუერთდა, ხოლო "ტაო პრივატ ბანკი" "საქართველოს ბანკის" მფლობელობაში გადავიდა. იგივე ბედს მალე "პროგრეს ბანკი" გაიზიარებს. ერთი სიტყვით, მიმდინარეობს ბანკების ტოტალური გამსხვილება და ეს ტენდენცია, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სამომავლოდაც გაგრძელდება.
საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა განმარტავს, რომ ბაზარზე შერწყმა-გამსხვილება რეალურად არის კომერციული ბანკების გაკოტრების პროცესი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის არაადეკვატური საზედამხედველო პოლიტიკის შედეგია. ამდენად, მთელი პასუხისმგებლობა, კომერციული ბანკების მფლობელებთან ერთად, სებ-ს ენიჭება.
"საქართველოს ეროვნული ბანკის მეთოდია - კომერციულ ბანკს კი არ აკოტრებს და ლიცენზიას ართმევს, არამედ ყიდის. ეს კი მაჩვენებელია იმისა, რომ ბანკი არის გაკოტრებული და მის ვალდებულებებს თავის თავზე იღებს სხვა მყიდველი ბანკი. სებ-ი აცხადებდა, რომ საბანკო სქეტორი არის მყარი და ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტი. როგორც ხედავთ, საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები ამ ვერსიას არ ამართლებს.
დიდი ხანი არ არის, რაც მფლობელი შეეცვალა "ბაზისბანკს", იგივე პროცესი მიმდინარეობს "რესპუბლიკაშიც". ბევრგან სერიოზული ფინანსური პრობლემებია. ორი-სამი ბანკის გარდა, დანარჩენები არიან "ჩამოკიდებულ მდგომარეობაში" და მათ ფინანსურ მდგომარეობაში შეიძლება ეჭვი შევიტანოთ.
აქედან გამომდინარე, ამ კომერციული ბანკების მდგრადობაზე პასუხისმგებლობა ენიჭება როგორც მათ მფლობელებს, ასევე ზედამხედველს, ანუ საქართველოს ეროვნულ ბანკს. ყველაზე მთავარი და ძირითადი პრობლემა მისი არაადეკვატური საზედამხედველო პოლიტიკაა, რომლის გამოც ბანკები პოზიციას თმობენ", - აცხადებს ელიავა.
ექსპერტის ვარაუდით, ბანკების ბაზრიდან გასვლის ტენდენცია გაგრძელდება. დაახლოებით 1-2 წელიწადში საქართველოს საბანკო სივრცე 5-6 ბანკზე მეტს ვერ დაიტევს.
"ბანკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის კონკურენციის არარსებობა. ეს იმიტომ, რომ საბანკო სექტორი არის ოლიგოპოლიზებული, რაც ამ დარგს განვითარების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, საშუალო და წვრილი ბანკები კოტრდებიან და ეს ტენდენცია გრძელდება. ჩემი აზრით, ერთ წელიწადში ბაზარზე სულ 5-6 ბანკი დარჩება. რეგიონალური, მაგალითად, თურქეთის ბანკი შეინარჩუნებს თავის სტატუს-კვოს, იგივე შემიძლია ვთქვა აზერბაიჯანულ ბანკსა და "ვითიბი ბანკზე", რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ მყარად დგას. არა მგონია, სხვა უცხოური მსხვილი ავტორიტეტული ბანკი შემოვიდეს.
წვრილი საფინანსო ინსტიტუტები ერთ კონკრეტულ სეგმენტს ემსახურებოდნენ, რის გამოც ჩვენ მათ ადრე "ჯიბის ბანკებს" ვეძახდით. ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო ნორმალური პოლიტიკა თუ გაატარა, კომერციულ ბანკებს გაკოტრების საშუალებას არ მისცემს. აქვე აღვნიშნავ, რომ პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის, აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ბანკები სისტემატურად კოტრდებიან", - განმარტავს ლია ელიავა.
სპეციალისტების ნაწილს განსხვავებული მოსაზრება აქვს და თვლის, რომ ბანკების გაკოტრება ბუნებრივი პროცესია და საბანკო სფეროს სტაბილიზაციას უკავშირდება. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი, რომლის შეფასებითაც, მცირე ბანკებისთვის მნიშვნელოვანია, ინტეგრირებულნი იყვნენ მსხვილ ბანკებთან, რაც საბოლოოდ საბანკო სექტორის სტაბილურ განვითარებას განაპირობებს.
"საქართველოში დაახლოებით 20-მდე ბანკია და ყველა ცდილობს, რომ რაღაც სეგმენტს მოერგოს და ბაზარზე თავისი გავლენა ჰქონდეს. ამიტომაა, რომ მსხვილი ბანკები გაცილებით უფრო ძლიერად ჩანან საბანკო სექტორში, ვიდრე წვრილები, რომელთა საიმედობაც ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს არ არის მონოპოლიზაცია.
რეალურად მცირე და საშუალო ბანკებს აქვთ პრობლემა როგორც კლიენტებთან ურთიერთობაში, ასევე დეპოზიტების მოზიდვასთან დაკავშირებითაც. ყოველთვის ასეა, მომხმარებლები არჩევენ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც საიმედოა. მცირე ბანკები ცდილობენ და მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მსხვილებთან იყვნენ ინტეგრირებულნი", - განმარტავს თოქმაზიშვილი.
მისი ვარაუდით, სამომავლოდაც ქართული ბაზარი ორი მსხვილი და რამდენიმე წვრილი ბანკით იქნება წარმოდგენილი. არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა შემცირდეს, თუმცა რა დონემდე, ექსპერტი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
"საბანკო სექტორში ცვლილებები ყოველთვის იყო. 90-იან წლებში 60-მდე ბანკი არსებობდა, მერე ჩამოშორდნენ წვრილი და დარჩა რამდენიმე ბანკი, რომელიც დღესაც მუშაობს. საბოლოოდ სახეზეა 20 ბანკი, მაგრამ რეალურად ორი მათგანი არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე ბანკები საერთოდ გაქრებიან. აქ საშიშროება ისაა, რომ სამომავლო წვრილ ორგანიზაციებს აღარ ექნებათ ბაზარზე შემოსვლის საშუალება. დღეს ასეთი ბარიერი არ არსებობს არცერთი ბანკისთვის. დღევანდელი პროცესი არაა მონოპოლიზაციის გამოძახილი, თუმცა მომავალში გამორიცხული არ არის, რომ მსხვილი ბანკების აბსოლუტური მმართველობა დამყარდეს ქართულ ბაზარზე", - აცხადებს თოქმაზიშვილი.
მარიკა გოგოხია
გაზეთი "რეზონანსი"