საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები მომხარებელსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურად არ აისახება - ასეთია სფეროს ექსპერთა შეფასებები.
საუბარია „თიბისი ბანკის“ მიერ 315 მილიონ ლარად "ბანკი რესპუბლიკას“ 93,64% -ს შეძენაზე. რითაც "თიბისის" აქტივების მოცულობა 1,67 მილიარდი ლარით გაიზრდება, 8,2 მილიარდს მიაღწევს და ბაზრის ლიდერის, "საქართველოს ბანკის" პოზიციებს გაუთანაბრდება.
როგორც ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, საბანკო დაწესებულების გამსხვილება მომხმარებელზე გაუმჯობესების მხრივ დადებითად არ აისახება. მისივე თქმით, ბანკები საპროცენტო განაკვეთის ძალიან დაწევას ვერ მოახერხებენ, რადგან ქვეყანაში ფულის დეფიციტია და იძულებულნი არიან საკმაოდ მაღალ პროცენტზე იმუშაონ.
ეკონომიკის დოქტორი დავით ასლანიშვილი კი ამბობს, რომ უკვე დაახლოებით 12 წელია, რაც ბაზარს ეს ორი ბანკი „თიბისი“ და „საქართველო“ აკონტროლებს, შესაბამისად, ოლიგოპოლიური ვითარება აქამდეც იყო და ახლა არაფერი იცვლება.
„აშკარაა, რომ ახლა „თიბისის“ ფული გაუჩნდება, რამდენიმე ასეული მილიონი შემოვა. შესაბამისად, საქართველოს ბანკიც იძულებული გახდება რაღაც ნაბიჯები გადადგას. დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ ბანკების მიერ პროცენტის აწევა ვერ მოხდება და დაწევაზე რა იქნება ეს გამოჩნდება“, - აღნიშნა ასლანიშვილმა გადაცემა "360 გრადუსში".
„თიბისის“ მიერ "ბანკი რესპუბლიკას“ შეძენას დადებითად აფასებს საქართველოს ბანკების ასოციაიცის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. მისი თქმით, ბანკის გამსხვილება ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ფულის უფრო შეღავათიანი პროცენტით ხელმისაწვდომობას. ზურაბ გვასალია აცხადებს, ამ გარიგების შედეგად საპროცენტო განაკვეთის აწევას არ ელის რადგან „ბანკის მენეჯმენტის ორიენტირი მომხარებელი და ბიზნესია, ჩვენი ბიზნესი კი განაკვეთების ზრდას ვერ გაუძლებს“.
საბანკო სექტორში ორი გამოკვეთილი ლიდერის არსებობას უარყოფითად აფასებს საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძეც. მისი შეფასებით, ჯერჯერობით სიტუაცია პოზიტივისკენ არ წავა. მეტიც კიკვიძის პროგნოზით, ამ გარიგებით მთელი საფინანსო ბაზარი ორი ბანკის - „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისის ხელში“ ხელში აღმოჩნდება და ეს ცვლილება საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიმართულებით, ბანკების ძალიან ხისტ მიდგომას გამოიწვევს, რის გამოც მომხმარებლისთვს უკეთესი პირობების შეთავაზება რთულად მოხდება.
„რესპუბლიკა ბანკი მომხმარებელს თუ კორპორატიულ კლიენტებს ძალიან კარგ პირობებს, დაბალ საპროცენტო განაკვეთს და მომსახურების მაღალ სტანდარტს სთავაზობდა. ეს კი კონკურენციის გამძაფრებას იწვევდა და „საქართველოს ბანკიც“ და „თიბისიც“ცდილობდნენ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზებით დაეჭირათ მომხარებელი და არ გაეშვათ „რესპუბლიკაში“, - ამბობს კიკვიძე.
მისივე თქმით, ფაქტი უარყოფითად აისახება მომხმარებელზე, რადგან არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ“ მომხმარებელს "ბანკი რესპუბლიკაზე“უკეთესი პირობები ვერ შესთავაზეს. ახლა კი მომხარებელს არჩევანი აღარ ექნება.
საბანკო სისტემაში, მოსალოდნელ ცვლილებებს მოქალაქეების მხრიდან არაერთგავროვნი შეფასება მოჰყვა. კერძოდ, ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ „მონოპოლიზაცია მიმდინარეობს და ისედაც ვალებში ჩაფლულ ხალხს, უფრო გაატყავებენ“; მეორე ნაწილი კი ამ ფაქტს დადებითად აფასებს, რადგან „ჰუალინგ ჯგუფის“ შემოსვლას ბაზარზე, ისევ "თიბისის" ამჯობინებენ და მისგან ახალი, საინტერესო შეთავაზების მოლოდინში არიან.
მომხარებლისა და "ბანკი რესპუბლიკას“ თანამშრომლებისთვის მოსალოდნელ სიახლეებზე თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ორი ბიზნესის შერწყმით მომხმარებელს საუკეთესო სერვისს და უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს შესთავაზებენ. რაც შეეხება თანამშრომლებს, ბუცხრიკიძის ცნობით, ის პროფესიონალები, ვინც ”ბანკ რესპუბლიკაში” მუშაობენ, ”თიბისი ბანკის” გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ.