82 800 ლარი ყოველწლიური ხელფასი და ანგარიშზე არსებული 9 035 ლარი - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფინანსური მდგომარეობა 2016 წლის 13 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.
წინა წლის დეკლარაციისგან განსხვავებით, რომელიც 2015 წლის 7 აგვისტოს იყო შევსებული, პრეზიდენტის დეკლარაციაში მხოლოდ ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა. უძრავი ქონების სახით კი მის საკუთრებაში კვლავ დუშეთში არსებული მიწის ნაკვეთია - 4462 კვ.მეტრის ფართობის, ასევე დუშეთში მდებარე ორი საცხოვრებელი სახლი - 200 და 40 კვ.მ-ის ფართობის. პრეზიდენტის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, იაშვილის ქუჩაზე.
რაც შეეხება მაკა ჩიჩუას, პრეზიდენტის მეუღლის ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 326 ლარი, 378 დოლარი და 576 ევრო ირიცხება. უძრავი ქონების სახით კი მის სახელზე რეგისტრირებულია თბილისში მდებარე 70 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინა.
დეკლარაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მამის თეიმურაზ მარგველაშვილის საკუთრებაში თბილიში 165 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინაა.
გასული წლის ქონებრივი დეკლარაცის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის საკუთრებაში ასევე მხოლოდ დუშეთში არსებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთია, რომლის საერთო ფართობიც 4 462 კვ.მეტრია.
პრეზიდენტის წლიური შემოსავალი (წინა წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) ასევე 82 800 ლარი იყო, ხოლო მის პირად ანგარიშზე არსებული თანხა 685 ლარს შეადგენდა.