2012-2016 წლებში პარლამენტის აპარატის ბალანსზე არსებული ავტომობილებით სარგებლობისას 34 დეპუტატის ავტომანქანაზე 63 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.
ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - ოთხ-ოთხი ვიდეოჯარიმა დეპუტატების: დავით ონოფრიშვილისა და შალვა კიკნაველიძის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე დაფიქსირდა.
3 ვიდეო ჯარიმა იყო გუბაზ სანიკიძის, გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, მანანა კობახიძისა და პაატა კიკნაველიძის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე.
პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის შემთხევაში კი ორი ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი 27 ვიდეო ჯარიმა 2013 წელს დაფიქსირდა. 2012 წელს – 18, 2014 - 8, 2015 წელს - 7, 2016 (6 თვე) – 3 ჯარიმა ფიქსირდება.
IDFI ავრცელებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას 2012-2016 წლებში საპატრულო პოლიციის მიერ ავტომობილების მფლობელებზე (მათ შორის სახელმწიფო უწყებების განკარგულებაში არსებულ, მინისტრების და მათი მოადგილეების დროებით მფლობელობაში გადაცემულ ავტომობილებზე განცალკევებით) დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შესახებ.
უწყების ცნობით, 2012 წლიდან ავტომობილების მფლობელებზე გამოწერილი ვიდეო ჯარიმების საერთო ოდენობა ყოველწლიურად მატულობს. კერძოდ,
2012 წელი-140 432 საჯარიმო ქვითარი
2013 წელი - 256 391 საჯარიმო ქვითარი
2014 წელი -275 953 საჯარიმო ქვითარი
2015 წელი – 294 558 საჯარიმო ქვითარი
2016 წლის პირველ ექვს თვეში - 161 960 საჯარიმო ქვითარი
თუმცა, სამინისტრომ საჯარო დაწესებულების ბალანსზე, მინისტრების და მათი მოადგილეების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ავტომობილებზე გამოწერილი ვიდეო ჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა.
თაია არდოტელი