10 ივლისიდან თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლით მგზავრობა მომხმარებლებს მომატებული ფასით მოუწევთ.
როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, სამგზავრო ბილეთები კი არ ძვირდება, არამედ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მომხმარებლები აქამდე არსებული ფასდაკლებით ვერ ისარგებლებენ. რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ამბობს, რომ თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ ელექტრო-მატარებლებზე სამგზავრო ბილეთის ტარიფები 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებულებით დადგინდა, რომლის მიხედვითაც პირველი კლასის ბილეთის ფასი განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი - 23 ლარით.
"2013 წლის 23 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა 10 თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან 10 ივლისამდე პერიოდს. ფასდაკლების მიხედვით, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარის ნაცვლად გახლავთ 25 ლარი, მეორე კლასის ბილეთის ფასი 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი. ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს რკინიგზამ 10 თვის განმავლობაში გააიაფა სამგზავრო ბილეთის საფასური და მხოლოდ ორი თვის გამნამვლობაში დატოვა ის ტარიფი, რომელიც 2010 წლიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში ყველა სეზონზე უცვლელად მოქმედებდა",-ამბობს ცაგურია. მისივე თქმით, სატარიფო ცვლილება მხოლოდ თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლებს შეეხება. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე კი სამგზავრო ტარიფი უცვლელი რჩება.
სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით bpn.ge საქართველოს რკინიგზის სალაროებთან რიგში მდგარ მოქალქეებსაც ესაუბრა. მატარებლით მგზავრობის მსურველები ბილეთების ფასის ცვლელებით უკმაყოფილოები არიან. ერთ-ერთი მგზავრი, ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ მახინჯაურის მიმართულებით მატარებლის ბილეთი 18 ლარად შეიძინა. ის 7 ივლისს მიემგზავრება, თუმცა თბილისში დასაბრუნებელ ბილეთში უფრო მეტის გადახდა მოუწევს. "დღეს ვიყიდე ბილეთი მეორე კლასის ვაგონის, 18 ლარი გადავიხადე. როგორც ვიცი 10 ივლისიდან მოიმატებს. უკან დაბრუნება უფრო ძვირი დამიჯდება", - ამბობს ქავთარაძე.
მგზავრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა რკინიგზის ხელმძღვანელობას მომხმარებლისთვის ფასდაკლება ზაფხულის სეზონზე შეეთავაზებინა. "ტელევიზიით გავიგეთ, რომ ძვირდება ბილეთები, რაც ვფიქრობ, რომ რთული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია და ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს, რომ რაღაცით დაეხმაროს მოსახლეობას, პირიქით სეზონზე უნდა დაუკლონ ფასი, დასვენება ისედაც ძალიან ძვირი ჯდება",-ამბობს ნათია მაღრაძე.
ფასის მომატების მიუხედავად, მგზავრების ნაწილი ამბობს, რომ მაინც მატარებლით მგზავრობა ურჩევნიათ -"ხშირად დავდივარ მატარებლით, ალბათ სეზონური იქნება ეს ფასის გაძვირება, მაგრამ მაინც მატარებლით ვივლი, რადგან უფრო კომფორტულია და მირჩევნია" ,-ამბობს ნინა ქათამაძე.
აღსანიშნავია, რომ სატარიფო ცვლილებების შედეგად ზღვისპირეთში გამგზავრების საფასური პრაქტიკულად ტაქსის ტარიფს გაუტოლდება. როგორც ტაქსის მძღოლები ამბობენ, თბილისიდან ბათუმში გამგზავრების ტარიფი 150 ლარიდან იწყება, და ოთხი პირის ერთდროულად წაყვანის შემთხვევაში, თითოეულს 40 ლარზე მეტის გადახდა არ მოუწევს.
ნათია ლეშკაშელი
იხილეთ ვიდეო : სიუჟეტი