ყვითელი ჩემოდნის ან ვიზის ტარება ფესტივალის ტერიტორიაზეც აუცილებელია, რადგან მის გარეშე შესაძლოა დაჯარიმდეთ ან გამოგაგდონდიდი ხნის ჭოჭმანის, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებისა და ეჭვის შემდეგ, 20 აგვისტოსთვის, 160-მდე ქვეყნიდან, ანაკლიას ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები ეწვევიან. ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია, ვიზის შეძენა...
ფესტივალზე მოხვედრის გზები და ფასები ასეთია - კაზანტიპის ვიზა- ეს შტრიხკოდიანი პლასტიკური ბარათია ზონარზე, რომლის აღებაც საიტზევეა შესაძლებელი და მისი საფასური 200-250$-მდე ღირს. თუმცა, ფასის ოდენობა ბილეთის შეძენის დროზეც იქნება დამოკიდებული, 29 მაისის შემდეგ, ფესტივალის ბილეთის ანუ ვიზის ფასი 403 ლარი (233 $) იქნება + საშვის ფასი, 2-3 ლარი. ხოლო თუ ფესტივალის მსვლელობისას მოგინდათ ბილეთის შეძენა სავიზო განყოფილებაში, ასეთ შემთხვევაში ბევრად მეტის, 655 ლარის გადახდა მოგიწევთ, - ასე რომ, თადარიგის დაჭერა ჯობია...
როგორც საიტზეა აღნიშნული, საქართველოში უვიზო რეჟიმი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის მოქმედებს. ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა მხოლოდ 90 დღის ვადით შეუძლიათ. "მათთვის, კი ვისაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმი არ აქვს, ვიზის აღება 50 დოლარად შეეძლებათ”, -წერს ადმინისტრაცია.
"კაზანტიპის" ტერიტორიის სიახლოვეს დროებითი კომფორტული საცხოვრებლები მოეწყობა, რომელთაგან თითოეული 20-30 კაცზე იქნება გათვლილი. 1 კაცისთვის დღე-ღამე, კვებით 15-20 დოლარი ეღირება. სტუმრების მისაღებად მზად არიან ანაკლიის სასტუმროებიც. ყველა სასტურმოს ყველა ნომერი დაჯავშნულია. კაზანტიპის ტერიტორიაზე კარვების ქალაქიც გაშენდება, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (სეიფების კამერები, საშხაპეები, საპირფარეშოები და კვების პუნქტები). ფესტივალთან დაკავშირებით, ზუგდიდში ბინების ქირის ფასმა უპრეცენდენტოდ მოიმატა.
საიტზე დადებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელ და ყირიმელ გოგონებს, უკვე გადაეცათ საჩუქრად უფასო ვიზები... როგორც ცნობილია, საიტზე უპრობლემოდ დარეგისტრირდნენ ქართველი გოგონებიც, რაც ნიშნავს, ისინი ფესტივალზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.
”რესპუბლიკაში, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების ყველანაირი პირობა არსებობს - კაფე-ბარები, რესტორნები, ინტერნეტი, საპირფარეშო, ვიზების განყოფილება და ყველაზე მთავარი, სასცენო და საცეკვაო ადგილი. აუცილებელი სამოსია შორტი და მაისური, აქსესუარი - სათვალე. ნაციონალური ატრიბუტი - ყვითელი, ძველმოდური ჩემოდანი” -გვამცნობენ კაზანტიპის რესპუბლიკის ხელმძღვანელები. ცნობილია, რომ ყვითელი ჩემოდანი "კაზანტიპის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა და მის მფლობელებს, ფესტივალის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვთ. ამისთვის ყვითელი ჩანთების მფლობელებმა, ადგილზე, სავიზო დეპარტამენტში შტრიხკოდიანი იარლიყი უნდა მიიღონ. ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მოქალაქის ნამდვილი ვიზით ან შტრიხკოდიანი ყვითელი ჩემოდნის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ყვითელი ჩემოდნის ან ვიზის ტარება ფესტივალის ტერიტორიაზეც აუცილებელია, რადგან მის გარეშე შესაძლოა დაჯარიმდეთ ან გამოგაგდონ...
”კაზანტიპის” ხელმძღვანელობის მიერ, ფესტივალის მსვლელობისას რეკომენდებული გადაასადგილებელი სატრანსპორტი საშუალებებია სკუტერები და ე.წ. მიკროელექტრიჩკები.
ნიკიტა მარშუნოკი, კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი:
- საინტერესოა, სჭირდება თუ არა კაზანტიპი საქართველოს?.. თუ გჭირდებათ, ჩვენ მზად ვართ. ბევრს ბოლომდე არ ესმის, რა არის კაზანტიპი. აქ ზუსტად კაზანტიპს არ ვაკეთებთ, ვითვალისწინებთ მენტალიტეტს და გახსნილ შესაძლებლობებს. ჩვენ გამოვიყენებთ გამოცდილებას, რომ ეს პროექტი სხვანაირი გახდეს. ძალიან გვინდა, ფესტივალი მასშტაბური გამოვიდეს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული... ეს იქნება მუსიკალური ფესტივალის ახალი ერა, რომელიც საქართველოს ტრადიციებზე იქნება მორგებული. პირველ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 50.000 უცხოელ სტუმარს ველოდებით, მათი რაოდენობა ყოველწლიურად მოიმატებს და პატარა ანაკლიაში ჩაიდება მილიონობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც კიდევ უფრო განავითარებს ადგილობრივ ბიზნესს... საქართველოში შემოთავაზებული იყო ორი ქალაქი ფესტივალის ჩასატარებლად ბათუმი და ანაკლია. ანაკლია ავირჩიეთ და ეს იქნება ჩვენი ფესტივალის სიმბოლო. "ლაინაპის” პირველი ფაზის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა და შემსრულებლების ჩამონათვალიც დაიდო...
ნიკიტა მარშუნოკმა თავიდანვე აღნიშნა, რომ ეს არ იქნებოდა ყირიმში ჩატარებული ფესტივალების ანალოგი და ადგილობრივი მენტალობის გათვალისწინებით, - ნარკოტიკებისა და თავისუფალი სექსის თემა თავიდანვე ამოღებული იყო. ”ჩვენ მხოლოდ ამ ძირითად საკითხებზე ვაგებთ პასუხს: ხმაზე, განათებაზე, კარგ განწყობაზე, სიყვარულზე...” -აცხადებს ”კაზანტიპის” ხელმძღვანელობა.
ადგილობრივების თქმით, ზღვასთან ახლოს მცხოვრებლებთან უკვე მივიდნენ ფესტივალის ადგილობრივი ორგანიზატორები და ეზოში კარვის გაშლის ნებართვა სთხოვეს.
ლალი პაპასკირი