არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ადამიანი, კანონი, თავისუფლება” არასრულწლოვანებში აზარტული თამაშების შესახებ კვლევა ჩაატარა.
გამოკითხული 100-მდე არასრულწლოვანიდან 67-მა კითხვაზე - ხართ თუ არა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების და ტოტალიზატორების მომხმარებელი - დადებითი პასუხი გასცა. ორგანიზაციის განცხადებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ კაზინოები და სხვადასხვა აზარტული სათამაშო დაწესებულებები დედაქალაქის ცენტრში, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ახლოს მდებარეობს, რაც არცერთ ევროპულ სახელმწიფოში არ ხდება.
”მთელ კვირასთან” საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის ”ადამიანი, კანონი, თავისუფლება” წევრი გიორგი მღვდელაძე ამბობს, რომ მოქმედ კანონში ცვლილებების განხორციელება აუცილებელია:
”ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნულია, რომ 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე, კომპანიები ფაქტობრივად, ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან, რადგან კანონში წერია, რომ პიროვნების ასაკის შემოწმება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ კონკრეტული პიროვნების ასაკი არ აკმაყოფილებს იმ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამის გამო კომპანიებს ვერანაირად ვერ დაეკისრებათ ჯარიმა თუნდაც არასრულწლოვანების შეშვებაზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათ შეუძლიათ თქვან, რომ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ არ არსებობს არანაირი გონივრული ეჭვი, რომ თუნდაც ის 16 ან 17 წლისაა”, - ამბობს გიორგი მღვდელაძე.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ამა თუ იმ კომპანიამ მიიღოს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ასეთ დაწესებულებებში კლიენტების შესვლა გაკონტროლდება და 18 წლამდე მოზარდებს მოეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა, მოქმედ კანონში კონკრეტული წინადადების ამოღება უნდა მოხდეს:
”კომპანიებს და მათ მფლობელებს ვალდებულება რომ დავაკისროთ, საჭიროა მოქმედ კანონში ერთი კონკრეტული წინადადება ამოიღონ. კერძოდ კი შემდეგი წინადადება - ”თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს”. ამ წინადადებით მფლობელებს საშუალება მიეცათ, რომ თუკი პირი, მაგალითად, არის 15, 16 ან 17 წლის და გარეგნულად შეხედულება აქვს უფრო დიდის, მასზე შეიძლება ეჭვი არ ჰქონდეთ, რომ ის არასრულწლოვანია და თავისუფლად შეუშვან ასეთ დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, არასრულწლოვანი თავისუფლად ახერხებს შესვლას და მიღებული შედეგებიც ძალიან მძიმეა. ამ წინადადების ამოღების შემდგომ კომპანიებსა და მეპატრონეებს ვალდებულება ექნებათ, რომ ნებისმიერი პიროვნება გადაამოწმონ, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი 25 წლის იქნება თუ 50 წლის, უბრალოდ სათითაოდ უნდა შემოწმდეს დაწესებულებაში შესული ყველა პიროვნება. ამით თავიდან ავიცილებთ იმ მძიმე შედეგებს, რაც დღეს გვაქვს არასრულწლოვანებთან დაკავშირებით”, - ამბობს გიორგი მღვდელაძე.
როგორც ”მთელ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, კაზინოებსა და აზარტულ კლუბებში არასრულწლოვნების შეშვებაზე ჯარიმაა გათვალისწინებული.
”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის 176-ე მუხლის პირველი პრიმა, რომელიც კაზინოებში და აზარტულ კლუბებში ახალგაზრდების შეშვებას არეგულირებს, კერძოდ, 21 წლამდე ახალგაზრდა არ დაიშვება კაზინოში, ხოლო 18 წლამდე-სათამაშო აპარატებთან. დღეს ამ მუხლით მოქმედებს პოლიცია, რა თქმა უნდა, თუ პოლიციაში გამოძახება იქნება. ამ შემთხვევაზე საპატრულო პოლიციაში იყო რამდენიმე გამოძახება. ხშირი შემთხვევები არ ყოფილა, სულ რამდენიმე გამოძახება იყო და თვითონ ორგანიზაცია 5000 ლარით დაჯარიმდა.
აღნიშნული კოდექსის მიხედვით, 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვების ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვების შემთხვევაში ორგანიზაცია 5000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება 10000 ლარით ჯარიმდება”, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
თეა ბეჟიტაშვილი
წყარო : გაზეთი ”რეზონანსი”