ქვეყანაში, სადაც 4,5 მილიონი კაცი ცხოვრობს, 8 მილიონზე მეტი სასესხო ჩანაწერი არსებობს
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, "კრედიტინფოში" ჩანაწერების რაოდენობა 2 მილიონზე მეტი ერთეულით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ სესხზე საპროცენტო განაკვეთების სიძვირის მიუხედავად, სულ უფრო მეტი ფიზიკური თუ იურიდიული პირი მიმართავს ბანკსა თუ სხვა ფინანსურ ორგანიზაციას კრედიტის ასაღებად. ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად 4,5 მილიონი კაცი ცხოვრობს, 8 მილიონზე მეტი სასესხო ჩანაწერი არსებობს. ხშირად მოქალაქეები რამდენიმე საკრედიტო პროდუქტით სარგებლობენ, ან ერთი ვალის დასაფარავად მეორე, მესამე სესხს იღებენ, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ფინანსურ ვალდებულებებს და ხშირად ისეთ ღრმა ვალის ორმოში აღმოჩნდებიან ხოლმე, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, შარშან ბანკებსა და კლიენტებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობამ *10 მილიონზე მეტი შეადგინა. მათ შორის ლარში 9 551 906 ხელშეკრულება დაიდო, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 486 983.
რაც შეეხება "კრედიტინფოს" მონაცემებს, მიმდინარე წლის 9 თებერვლის მდგომარეობით იქ 8 524 483 ჩანაწერია, აქედან 1 995 000 ფიზიკური პირისაა, ხოლო 23 700 - იურიდიული პირის. ამ 8 მილიონზე მეტი ჩანაწერიდან ბანკების წილად 6 706 994 ჩანაწერი მოდის, ხოლო 1 817 489 შემთხვევაში სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ არის გაცემული ან ონლაინსესხია.
გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი: კარგია, თუ მსესხებლები რეგულირებად ფინანსურ სექტორს მიმართავენ და ისიც, თუ კრედიტებით ისინი სარგებლობენ, ვისაც მათი დაფარვა შეუძლიათ. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. ჩვენ ბევრ პრობლემურ სესხს ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ ვალი ტვირთად ბევრ ადამიანს აწევს, ხშირად ერთი ვალის გადასაფარავად მეორეს იღებენ და შემდეგ საკრედიტო მახეში აღმოჩნდებიან ხოლმე.
მიკროსაფინანსო სექტორი ძალიან სწრაფად იზრდება. პორტფელის მოცულობით შესაძლოა ახლოსაც ვერ მიდის საბანკო სექტორთან, მაგრამ რაოდენობრივად საკმაოდ ბევრ სესხს გასცემს. საგრძნობლად არის მომატებული ონლაინგამსესხებლების წილი, რომლებმაც ბოლო ორ წელიწადში ძალიან გაზარდეს თავისი პორტფელი. ფაქტია, რომ ბაზარზე სესხებზე მოთხოვნა არის და ამ მოთხოვნას მთლიანად ბანკები ვერ აკმაყოფილებენ - არა იმიტომ, რომ რესურსი არა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ხშირად მსესხებელი ვერ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნებს. შემდეგ ისინი მიდიან ჯერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, შემდეგ ონლაინსესხების კომპანიასთან, რომლებიც ბანკებთან შედარებით გაცილებით მარტივად გასცემენ სესხებს. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ის სექტორი, რომელიც არ აღირიცხება და არავინ იცის, რა სასესხო პორტფელი მოდის კერძო მევახშეების წილად. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყველაზე პრობლემურია 1.500 ლარამდე სესხები. ეს ის ფულია, რომელსაც, ძირითადად, თვიდან თვემდე თავის გასატანად იყენებენ. საინტერესოა, რომ იზრდება ლარში დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა. თუმცა, ჯერჯერობით მეტია დოლარში სესხები, რაც მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობას ძალიან ართულებს.
- როცა ფული გჭირდება და ბანკი სესხზე უარს გეუბნება, დიდია ცდუნება მიმართო სხვა, თუნდაც არარეგულირებულ სექტორს...
- ბანკებმა რომც არ შეზღუდონ სესხების გაცემა, აუცილებლად გამოჩნდებიან სხვები, ვინც უფრო მარტივი პირობებით დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას. ხშირად ვისმენთ რეკლამებსაც, სადაც გვეუბნებიან, რომ საკრედიტო ისტორიის გადამოწმების, შემოსავლების დადასტურების გარეშე შესაძლებელია გასცენ სესხი. ერთი მხრივ, ეს სარისკოა როგორც სესხის გამცემი კომპანიისთვის, ასევე მიმღებისთვის. ამ შემთხვევაში იდება ორმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც ჩადებულია პირობა: თუ მსესხებელი ვერ დაფარავს სესხს, კომპანიას უფლება აქვს, ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს გასესხებული ფულის დასაბრუნებლად. მათი საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ ყველა გაცემული სესხის მეხუთედი - 20%-ც რომ პრობლემური გახდეს, იმდენად მაღალი საპროცენტო სარგებელი აქვთ დაწესებული, მაინც მოგებული დარჩებიან.
- არსებობს "ოქროს რჩევა" მათთვის, ვინც სესხის აღებას აპირებს, რომ ვალის ორმოში არ აღმოჩნდეს?
- "ოქროს წესი" ის არის, რომ თუ ბანკში სამჯერ არ მოგცეს სესხი, მით უფრო, თუ პრობლემური გადამხდელი ხარ, ჯობს სესხი არ აიღო, რადგან ამით თავს მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებ. თუ შენს შემოსავალს ვერ ადასტურებ და "კრედიტინფოს" ბაზაში ნეგატიური ჩანაწერიც არის შენზე, ესე იგი, გადახდისუუნარო ხარ. თუმცა, კერძო მევახშეებთან მისვლას მაინც ჯობს, ისევ ოფიციალურ ორგანიზაციებს მივმართოთ, რომლებსაც შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”