წლევანდელ დაჯილდოებაზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 30-წამიანი სარეკლამო ჭრა 1,95 მილიონი დოლარი ეღირება.
კინომოყვარულები დღეს წლის მთავარი კინოპრემიის ”ოსკარის” მოლოდინში არიან. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს რამდენიმე საათში გამოავლენს. დაჯილდოების 87-ე ცერემონია ტრადიციულად ლოს ანჯელესში, ”დოლბის” თეატრში გაიმართება.
1929 წლიდან მოყოლებული დღემდე ლოს ანჯელესისთვის ეს წლის ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. ქალაქის ეკონომიკური განვითარების საბჭოს ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოს მთავარ კინოპრემიას ლოს ანჯელესის ბიუჯეტში 130 მილიონი დოლარი შეაქვს.
რაც შეეხება თავად აკადემიას, გასულ წელს აკადემიის შემოსავალმა 89,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რომლის დიდ ნაწილს სტუდია ”დისნეის” მიერ გადახდილი თანხა შეადგენს. 2020 წლამდე ”დისნეი” ყოველწლიურად 75 მილიონ დოლარს იხდის ”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიის ტელეკომპანია ABC-ის პირდაპირი ტრანსლირების უფლებისთვის.
”ბლუმბერგის” ინფორმაციით, წლევანდელ დაჯილდოებაზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 30-წამიანი სარეკლამო ჭრა 1,95 მილიონი დოლარი ეღირება. სარეკლამო ჭრის უმეტესობას ”სამსუნგსა” და ”ჰიუნდაის” ეკუთვნით. აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან მოყოლებული ”ოსკარის” ცერემონიის პირდაპირი ეთერის დროს სარეკლამო ფასი ყოველწლიურად იზრდება.
უცხოური მედიის ცნობით, მიმდინარე წელს 125 ათასი დოლარი შეადგინა ”ოსკარს” მიღმა დარჩენილი ნომინანტებისთვის გადასაცემმა ”დამამშვიდებელმა” პრიზმა.
დაახლოებით 25 ათასი დოლარი უჯდებათ ღონისძიების ორგანიზატორებს წითელი ხალიჩა, რომელზე გავლასაც უამრავი მსახიობი ოცნებობს.
1992 წლიდან მოყოლებული ”ოსკარის” ცერემონიისთვის წითელ ხალიჩას კომპანია The American Turf & Carpet ამზადებს. ცნობილი ხალიჩა ნეილონის ძაფისგან ჯორჯიის შტატის ქალაქ დოლტონში მზადდება და ორგანიზატორები მას ორ წელიწადში ერთხელ ცვლიან. 500 მეტრი სიგრძისა და 33 მეტრი სიგანის ხალიჩის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1,5 დოლარია. შესაბამისად, ცერემონიის ორგანიზატორებს ორ წელიწადში ერთხელ ხალიჩის სანაცვლოდ 25 ათასი დოლარის გაღება უწევთ.
”ოსკარის” ცერემონიის ერთ-ერთი ძვირადღირებული ნაწილია გამარჯვებულთათვის გადასაცემი კონვერტები, რომელშიც გამარჯვებლთა სახელებამოტვიფრული ბარათები დევს. ორგანიზატორებს ერთი ასეთი კონვერტი 200 დოლარი უჯდებათ, საერთო ჯამში კი მათი ღირებულება 19 200 დოლარს აღწევს.
ხელნაკეთი კონვერტები სპეციალურად ჩამოაქვთ გერმანიიდან. ერთი კონვერტის დასამზადებლად კომპანია Gmund Treasury-ის ხელოსნებს 110 საათი სჭირდებათ. ყოველწლიურად ”ოსკარის” ცერემონიისთვის სპეციალურად მზადდება 96 კონვერტი და 488 ბარათი, რომელზეც პოტენციური გამარჯვებულების სახელებია ამოტვიფრული.
”ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიის წინა ღამით აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers-ის სპეციალისტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ხმების დათვლაზე, ზედმეტ ეგზემპლარებს ანადგურებენ, 24 საბოლოო კონვერტი კი ცერემონიის დაწყებამდე ”დოლბი თეატრში” მიაქვთ.
USA Today-ის ცნობით, თითოეული კონვერტი iPhone 5-ზე მეტს - 115 გრამს იწონის.
რაც შეეხება ცერემონიის მთავარ დეტალს - ”ოსკარის” ქანდაკებებს, მათი ფასი პირდაპირ არის დამოკიდებული ოქროს მიმდინარე ფასზე. ასე მაგალითად, 2013 წელს ოქროს ფასიდან გამომდინარე, ”ოსკარის” ქანდაკება აკადემიას 900 დოლარი დაუჯდა.
1983 წლიდან მოყოლებული ”ოსკარის” ქანადაკებებს, რომლის წონაც 3,85 კგ-ს შეადგენს, ჩიკაგოში კომპანია R.S. Owens and Company-ის ქარხანაში ასხამენ. მიუხედავად იმისა, რომ ”ოსკარზე” სულ 24 ნომინაციაა, ყოველწლიურად ქარხანაში ”ოსკარის” 50 ქანდაკებას ასხამენ, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ხმის მიცემის შედეგად პრემია ორ გამარჯვებულს შორის ნაწილდება.
”ოსკარის” ქანდაკების დიზაინი კომპანია ”მეტრო გოლდუინ მაიერის” მხატვარს სედრიკ გიბონსონს ეკუთვნის, რომელსაც მოდელობას მსახიობი და რეჟისორი ემილიო ფერნანდესი უწევდა. თავად სახელწოდება ”ოსკარი” ქანდაკებამ 1939 წელს მიიღო, როდესაც აკადემიის ბიბლიოთეკარმა მარგარეტ ჰერიკმა ქანდაკების დანახვისასა წამოიძახა, რომ ფიგურა დეიდის ქმარს, ბიძია ოსკარს ახსენებდა.
”ოსკარის” მფლობელებს ქანდაკების გაყიდვის უფლება არ აქვთ. 1950 წელს აკადემიამ შემოიღო წესი, რომელიც მფლობელებს ავალდებულებს ქანდაკების გაყიდვის სურვილის შემთხვევაში ”ოსკარი” ცერემონიის ორგანიზატორებს სიმბოლურ თანხად - 1 დოლარად მიჰყიდონ. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ”ოსკარის” ქანდაკება აუქციონზე გაიყიდა. გასული წლის მაისში 150 ათას დოლარად გაიყიდა ამერიკელი კინოოპერატორის გრეგ ტოლანდის ”ოსკარი”, რომელიც მას 1939 წელს ფილმისთვის ”ქარიშხლიანი უღელტეხილი” გადაეცა.