"ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულია, როგორც მათი შოვნა"
"მაიკროსოფტის" დამაარსებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედის, ბილ გეიტსის ქონება 76 მლრდ დოლარია. ამ მონაცემებით ბილ გეიტსმა 2014 წელს კვლავ დაიბრუნა პირველობა მილიარდერთა რეიტინგში.
ამერიკელი მეწარმე და ფილანთროპი ერთ-ერთი რეკორდსმენია ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხებით. 2008 წელს მის მიერვე დაარსებული კომპანია "მაიკროსოფტის" ხელმძღვანელის პოსტიდან წავიდა და დღეს დირექტორთა საბჭოს არააღმასრულებელი თავმჯდომარეა; არის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, რომელიც მან და მისმა ცოლმა მელინდამ დააარსეს.
გეიტსი 1955 წელს დაიბადა სიეტლში, კორპორაციული ადვოკატისა და ერთ-ერთი დიდი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის ოჯახში. სიეტლის პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა და იქვე აითვისა კომპიუტერული პროგრამირების უნარ-ჩვევები. ცამეტი წლისამ დაწერა თავისი პირველი პროგრამა - თამაში "ბეისიკის" პროგრამირების ენაზე. შემდეგ იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი (რომელიც ორ წელიწადში მიატოვა), რასაც მოჰყვა კომპანიონებთან ერთად შექმნილი უძლიერესი კორპორაცია, რომელმაც ბილ გეიტსი მილიარდერად და ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად აქცია მსოფლიოში.
რჩევები ბილ გეიტსისგან:
1. ნებისმიერ დროს წადით და საკუთარი საქმე წამოიწყეთ - ჰარვარდში დაბრუნება კი არასდროს არის გვიან.
2. წარმატება ცუდი მასწავლებელია. ის აიძულებს ჭკვიან ადამიანებს, იფიქრონ, რომ არასდროს წააგებენ.
3. დივანსა და უკანალს შორის დოლარი არასდროს გაიქროლებს.
4. ჩვენ ვუხსნით ადამიანებს, რომ თუ არც ერთ მათგანს არ გაუცინია მათ ერთ იდეაზე მაინც, შესაძლოა, არასაკმარისად შემოქმედებითად უდგებიან საქმეს.
5. უმეტესად შუაღამემდე ვმუშაობ. ნასადილევს შინ მივდივარ და დაახლოებით ერთი საათი ვკითხულობ წიგნებს ან ჟურნალ "ეკონომისტს" ოფისში, ჩვეულებრივ, მეორე დილის ცხრა საათისთვის ვბრუნდები.
6. მეშინია მარცხის. ყოველდღე, როცა ოფისში მივდივარ, საკუთარ თავს ვეკითხები: "ჯერ კიდევ კარგად ვმუშაობთ? ხომ არ გაგვასწრო ვინმემ? ნამდვილად კარგად მიიღეს ესა თუ ის პროდუქტი? რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ?"
7. ჩვენი კონკურენტების საიტების დათვალიერება ჩემს დილის რიტუალად გადაიქცა. ერთი პერსონალური კომპიუტერი ჩემს კაბინეტში სპეციალურად ამისთვის დგას -ის ციკლურად გადადის რამდენიმე საიტზე, მათ შორის - ჩვენი კონკურენტებისაზეც.
8. უდიდესი სიმდიდრე ხელიხელჩაკიდებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, ვალდებულებებთან, გაუნაწილო საზოგადოებას და უზრუნველყო ამ სახსრების საუკეთესო განაწილება მათთვის, ვინც ამას საჭიროებს.
9. მსოფლიოსთვის სულერთია შენი განცდები და პატივმოყვარეობა. მსოფლიო შენგან ელოდება რაიმე მიღწევას, სანამ პატივს მიაგებს შენი ღირსების გრძნობას.
10. მე მაქვს თეთრი დაფა და ფერადი ფლომასტერების ნაკრები, რომლებიც შესანიშნავად მეხმარებიან კოლეგებთან თათბირის დროს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს.
11. ბიზნესს ვუდგები როგორც გამოწვევას, პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობას.
12. არ მომწონს, როცა ახალგაზრდები ამბობენ, არ გვინდა კოლეჯში სიარულიო, რადგან თურმე მე არ დამიმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი. ჯერ ერთი, მე საკმაოდ კარგი განათლება მივიღე, თუმცა, ხარისხის მიღებას არ დაველოდე. მეორე - მსოფლიო სულ უფრო რთული, წლიდან წლამდე მეტად სპეციალიზებული და კონკურენტული ხდება, უმაღლესი განათლება დღეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წინათ - სასკოლო.
13. დროს არ ვკარგავ წარსულზე სინანულში. ჩემი არჩევანი გავაკეთე და მოვალეობებს რომ კარგად გავუმკლავდე, აუცილებელია, ეჭვი არ შემეპაროს. არ იფიქროთ: ღმერთო, რა კარგი ექიმი გამოვიდოდი, როგორი - ჩოგბურთელი, პოკერის მოთამაშეო,… კეთილდღეობის საფუძველია სიმტკიცე და საკუთარი საქმის კარგად გააზრება.
14. ორჯერ არ მიიღოთ ერთი და იგივე გადაწყვეტილება. ჯობს, მეტი დრო და ძალა დახარჯოთ პირველივე ჯერზე, მტკიცე გადაწყვეტილების მისაღებად.
15. ბიზნესი კარგი თამაშია. ბევრი მეტოქეობა და ცოტა წესი. ანგარიში ფულით ითვლება.
16. ვფიქრობ, ბიზნესის მართვა იოლია. მოგება, დანაკარგი, გაყიდვებს აკლებთ დანახარჯებს და იღებთ დიდ დადებით რიცხვს. სუფთა მათემატიკაა.
17. შემოსავლის გენერირება ყველაზე სათუთი რამ არის ამქვეყნად. რაც უნდა კარგი იყოს თქვენი პროდუქცია. ყოველთვის თვრამეტი თვით ხართ დაშორებული მარცხისგან.
18. ერთი რამ ვიცი ზუსტად - ჩემს მემკვიდრეებს არ დავუტოვებ ბევრ ფულს. ვფიქრობ, მათთვისაც იქნება ეს კარგი.
19. ახლაც კი არ მაინტერესებს ფულის ოდენობა. რომ შემეძლოს არჩევანის გაკეთება სამუშაოსა და სიმდიდრეს შორის, სამუშაოს ავირჩევდი. გაცილებით მეტ ემოციას მაძლევს შესაძლებლობა, ათასამდე ნიჭიერი ადამიანის გუნდს ვუხელმძღვანელო, ვიდრე ბანკში მქონდეს დიდი ანგარიში.
20. საჭიროა ძლიერი გუნდი, რადგან საშუალო გუნდი საშუალო შედეგს იძლევა, რაც უნდა კარგად მართავდეთ მას.
21. კარგი მენეჯერის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, ნებისმიერ ცუდ ინფორმაციას მკერდით შეეგებოს, თავად ეძებოს მათთან შეხვედრა, იმის ნაცვლად, თავი ქვიშაში ჩარგოს.
22. დღევანდელ საინფორმაციო საზოგადოებაში მთავარი ბუნებრივი რესურსებია ადამიანის გონება, გამოცდილება და ლიდერობა.
23. სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში მომგებიანია ის კომპანია, რომელსაც შეუძლია საკვანძო ტენდენციებს შორის საჭიროს შერჩევა და მათთვის ნამდვილად რაღაც ფასეულის დამატება.
24. ჩვენ შეგვიძლია, საკუთარ თავს მივცეთ რამდენიმე შეცდომის დაშვების უფლება, მაგრამ არ შეგვიძლია, საკუთარ თავს მივცეთ უფლება, არ ვცადოთ.
25. ჩვენს ბიზნესში სიტუაცია მეტისმეტად სწრაფად იცვლება, რომ დრო დავკარგოთ მოგონებებზე.
26. თათბირზე უნდა შეკრიბო მხოლოდ საკვანძო თანამშრომლები, ვინც გადაწყვტეილების მიღებაზე არიან პასუხისმგებელი. ყველა დანარჩენმა, ჯობს, ამ დროს თავის უშუალო მოვალეობები შეასრულოს.
27. ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულია, როგორც მათი შოვნა.
28. ყოველთვის გადაჭარბებულად ვაფასებთ ცვლილებებს, რომლებიც უახლოეს ორ წელიწადში მოხდება და სათანადოდ ვერ ვაფასებთ შემდეგი ათი წლის ცვლილებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოდუნება არაფრით არ შეიძლება.